ავტორი:

"მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, ყველა უბნის პროგნოზი წინასწარ რომ დაიდოს, თითქმის შეუძლებელია" - გეომორფოლოგი

"მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, ყველა უბნის პროგნოზი წინასწარ რომ დაიდოს, თითქმის შეუძლებელია" -  გეომორფოლოგი

გასულ ღამეს, იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და მიწის მასაში 4 სახლი მოჰყვა. ამ ეტაპზე ადგილზე მეწყრის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, "მიწის მასისგან გასათავისუფლებელია დაახლოებით 70%, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი. დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო", - თქვა მუნიციპალიტეტში მყოფმა მღებრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი, კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით, ეძებს 5 დაკარგულს.

"რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენს, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს. დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც სტიქიური უბედურება დატრიალდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი ambebi.ge-სთან მეწყერის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს:

"ზოგადად, მეწყერი ხდება მაშინ, როცა ფერდი რაღაცის გამო კარგავს სტაბილურობას. ეს რაღაც ხშირად არის წყალი - წვიმის წყალი იქნება, თოვლი, თუ სხვა. მასის ჩამოშლა შეიძლება მიწისძვრამაც გამოიწვიოს, მაგრამ იშვიათად ხდება ისეთი მიწისძვრა, რამაც შეიძლება მეწყერი გამოიწვიოს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში წყალი იყო პრობლემა, მაგრამ ეს ძალიან ზოგადია და არაფერს ამბობს დღევანდელი ტრაგედიის მიზეზებზე.

დარწმუნებული ვარ, იქ ვინც იმუშავა, უკვე იცის პასუხი, რომელიც მარტივი დასადგენია. იმისათვის, რომ მეწყერი განვითარდეს, უნდა არსებობდეს ფერდი, არ აქვს მნიშვნელობა, რეგიონი მაღალმთიანი იქნება, თუ - დაბალმთიანი. მთავარია არსებობდეს ფერდი, ამ ფერდზე იყოს ძალზე მყიფე სტაბილურობა, ანუ საჭირო იყოს მცირე ცვლილება, რათა მეწყრული პროცესი განვითარდეს, ანუ მოხდეს ფერდის სტაბილურობიდან გამოსვლა. ეს მცირე ცვლილება შეიძლება იყოს უხვი ნალექი, ან ხანგრძლივი ნალექი, ანუ ცოტას წვიმდეს და დიდი ხნის განმავლობაში (მაგ. რამდენიმე დღე), ან ერთი ღამის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური წვიმა მოვიდეს.

კიდევ არის ასეთი ფაქტორი - ჰაერის ტემპერატურის ზრდა და თოვლის სწრაფი დნობა, როცა ფერდში დიდი რაოდენობით წყალი ხვდება. მეწყრულ პროცესებს ასევე განავითარებს ადამიანური ჩარევები - ფერდის ჩამოჭრა, ხელოვნური ვიბრაციები, არასწორი მშენებლობები, მიწისძვრით გამოწვეული ვიბრაცია... მაღალმთიან რეგიონში შეიძლება მეწყერი განავითაროს მუდმივად მზრალი ნიადაგების დნობამ - ნიადაგს, რომელიც მუდმივად გაყინულია, თავისი წონასწორობა აქვს გამომუშავებული, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის ზრდის გამო ლღვება და ვიდრე ახალ წონასწორობას გამოიმუშავებს, ვითარდება მეწყერი. მოკლედ, მეწყრული პროცესების განვითარების ბევრი ფაქტორი არსებობს“.

  • რესპოდენტი მეწყერსაშიშ ზონებსაც ასახელებს:

"საქართველო ძალზე რთული რეგიონია. მართალია, ძალიან ლამაზი ლანდშაფტი და რელიეფი გვაქვს, რაც პარალელურად იმასაც ნიშნავს, რომ ეს რთული რეგიონია ბუნებრივი სტიქიების განვითარების მხრივ. მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, წინასწარ რომ დაიდოს ყველა უბანზე პროგნოზი, ეს თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია ზონირების გაკეთება, როცა დავუშვათ, სხვადასხვა უბნები დაყოფილია საფრთხეების დონეებად და ცნობილია, რომ იმ კონკრეტულ ადგილას თუ ააშენებთ, თქვენი სახლი იქნება წითელ ზონაში, ამიტომ საშიშია. ასეთი რამ შესაძლებელია, უბრალოდ, შემდეგ ამ წითელი ზონებიდან არის გამოსაყოფი, რომელია პრიორიტეტული, ანუ რომელი ეხება მოსახლეობას, ან დასახლებულ პუნქტს, საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდს და ა.შ. რის შემდეგაც ამაზე აუცილებელია მონიტორინგის განხორციელება. ყველა ზონაზე ამის გაკეთება ალბათ შეუძლებელია. საქართველოში მეწყერსაშიში ზონებია: გომბორის ქედი, თბილისის ტერიტორია, ლიხის ქედი, ზემო, მთიანი აჭარის რეგიონი, სვანეთი... მოკლედ, თითქმის ყველა რეგიონის ჩამოთვლა შეიძლება, ყველგან შესაძლოა იყოს ასეთი ზონები და ფერდები“.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების თვალსაზრისით საგანგებო სამსახურის სმს შეტყობინებები ამინდის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით, გეოლოგი პასუხობს:

"ეს ცნობილი სმს-ები პირველადი ჩანასახია მომავალი გაფრთხილების სისტემის იმიტომ, რომ ამ სმს-ით დაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, შეუძლებელია რაიმეს დაგეგმვა, რაიმე უსაფრთხოების ზომის მიღება. მე თუ ვცხოვრობ რაღაც ტერიტორიაზე, სმს რომ მომდის და სიფრთხილისკენ მომიწოდებს, რა უნდა ვქნა - სხვაგან წავიდე, სახლში დავრჩე, თუ როგორ მოვიქცე? აგერ, გუშინ სახლში იყო ოჯახი და მეწყერმა წაიღო. ამიტომ ვამბობ, ეს არის პირველი თაობა, ანუ შესავალი იმისა, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ უნდა იყოს უფრო დეტალური ინფორმაცია, რა ტერიტორიებზე რა საფრთხეებია მოსალოდნელი და მეორეს მხრივ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელ საფრთხეზე რა რეაგირება მოახდინოს - წყალდიდობის შემთხვევაში სხვა უნარებია საჭირო, მეწყრისას - სხვა, თოვლის შემთხვევაში - სხვა და ა.შ. დავუშვათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიძლება თოვლის ზვავის უნარ-ჩვევები არ სჭირდებოდეს ადამიანს და აჭარაში კი აუცილებლად სჭირდებოდეს“.