ავტორი:

"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია

"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია

წუხელ, გვიან ღამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. კიდევ ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.

ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.

იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები - ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია, რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია.

დათო რობაქიძე

ანა და ქეთი მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ, დავითი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, დედა ხშირად ურეკავდა მასწავლებელს, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და შვილების შესახებ ყოველთვის კითხულობდა ამბებს.

ანა და ქეთი რობაქიძეები

"მეხუთე კლასში იყვნენ გოგონები, იტალიაში რომ წავიდა, მეზობლები ვართ და ხშირად მწერდა ხოლმე. მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია. გასწორებულია მაგათი ეზო მიწასთან. ისეთი კარგი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა.“ - ამბობს ხათუნა ხიზანეიშვილი, გარდაცვლილი ბავშვების პედაგოგი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.