ავტორი:

"ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება" - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

"ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება" - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

სააგენტოს უფროსის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს.

"რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, - განაცხადა ვასიკო გედევანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის განმარტებით, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში.

"ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც; ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა“, - აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით არ მომზადებულა.

"პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი. დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნა, გაიცა რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.