ავტორი:

"ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა... შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს" - რას წერს თეა გოდოლაძე

"ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა... შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს" - რას წერს თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება. ბაღდათში მეწყერმა ოთხი სახლი გაანადგურა და ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.

"2014 წლის 17 მაისი, დევდორაკი; 2015 წლის 13 ივნისი ვერეს ხეობა, 2023 წლის შოვის და გურიის ტრაგედია, 2024 წელი, ქედის და ბაღდათის ტრაგედია. გლოვა და პოსტების წერა ვიცით, ვიგლოვეთ. მეწყერში დამარხული ოჯახის და ეული, ემიგრანტი დედის ტრაგედიაზე ვიქვითინებთ და რა?!

ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა.

გლობალური დათბობა არსად წავა. ჩვენ რა გავაკეთეთ, რა გამოვასწორეთ?! შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს, ვიღაც ფულიანი ბიძის ახირების გამო კორპუსი ჩააკვეხეს და მიწა დაძრულია. რომ დავიმარხებით ამოგვთხრიან, ჭიქას წააქცევენ და ამ ქვეყნის ფულიანი ჯაყოები უადგილო ადგილზე ისევ კორპუსებს წამოჭიმავენ.

არავინ ზრუნავს ხალხზე, რომელმაც არ იცის რამდენად საშიშ ადგილზე ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანოს; არასწორი სამშენებლო ნებართვები არ გასცეს; ახალგაზრდა კადრი გაზარდოს, რათა არაპროფესიონალებმა ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ყველა ბეცი, ვინც ფული იშოვა, რაღაცას აშენებს.

მრცხვენია, მრცხვენია! ვერაფერს ვაკეთებ. ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ლაპარაკის გარდა! რა გავაკეთეთ?!

P.S. ფბ-ს თუ გადავხედავთ, გლოვაც “გაგვიტრუხდა” უკვე." - წერს თეა გოდოლაძე.