ავტორი:

"ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი, კოვიდით იყო დაინფიცირებული... მოედო ქვეყანას კორონავირუსი და სიფრთხილისკენ მოწოდება არ ხდება" - რას წერს რომან გოცირიძე?

"ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი, კოვიდით იყო დაინფიცირებული... მოედო ქვეყანას კორონავირუსი და სიფრთხილისკენ მოწოდება არ ხდება" - რას წერს რომან გოცირიძე?

ბოლო კვირებია საქართველოში გრიპის ვირუსი დომინირებს. უამრავი ადამიანი წერს, რომ ვირუსი რთული ფორმებით გადაიტანა. რამდენიმე დღის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის და ასევე კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ გრიპის ვაქცინა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრია.

"მოიმატა აცრების რიცხვმა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მოცვა. სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის. ვაქცინის დეფიციტი არ არის, კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ და ბევრია გრიპის ვაქცინა. ეს არის 4-4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს A გრიპის 2 -კომპონენტს და B გრიპის 2-კომპონენტს და სრულად ფარავს იმ შტამებს, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში შეგხვდეს. ვაქცინა იცავს 40-60 პროცენტის შემთხვევაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე ამ საკითხზე პოსტს ავრცელებს და მთავრობას ადანაშაულებს. მისი თქმით, გრიპთან ერთად ქვეყანაში სირკულირებს კორონავისური და ამის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ არის. როგორც ის წერს, სწორედ კოვიდით დაიღუპა რამდენიმე დღის წინ მისი ახლობელი.

"მოედო საშინლად ქვეყანას კორონავირუსი. პარალელურად გრიპიცაა გავრცელებული. ვინც ავად ხდება, ფიქრობს, რომ გრიპი აქვს და არც იკეთებს ტესტს. სინამდვილეში უმეტესობა კორონავირუსია. ვინც გაიკეთა ჩემს სანაცნობო-საახლობლოში ტესტი, ყველას კორონავირუსი დაუდასტურდა. მეც გადავიტანე “გრიპი”. სამსხურში გამოსვლის წინ დავიტესტე მერვე დღეს, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ტესტმა არ აჩვენა. დრო იყო გასული. მთავრობა იქცევა უნამუსოდ და უპასუხუსმგებლოდ, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანების წინაშე.

არც სიფრთხილისკენ მოწოდება, არც თუნდაც პირბადის ტარების რჩევა. რა ხდება მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში, ყველამ კარგად იცის. სტატისტიკას არავინ აქვეყნებს და როცა გამოქვეყნდება იქნება ყალბი. იქ კორონავირუსი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა უმნიშვნელო რაოდენობით დაფიქსირდება.

ახლახან ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სპეციალისტს ბებია გარდაეცვალა კორონავირუსით, სტატისტიკაში კი სულ სხვა რამე იქნება აღნიშნული. დაინფიცირდა კორონავირუსით. ასე თუ ისე მსუბუქად გადაიტანა, მერე დაეწყო გართულებები და ორიოდე დღით მოათავსეს კლინიკაში.

ვირუსი ვერ დაუდგინდა, რადგან დრო იყო გასული. გამოწერეს ორ დღეში. ორიოდე დღეში სასწრაფომ ისევ გადაიყვანა კლინიკაში და ასე მოხდა სამჯერ. მესამე ჯერზე სასრაფომ ვერ მიუსწრო, ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი.

არ მინდა იმის მტკიცება, რომ ასეთი შედეგი იმიტომ დადგა, რომ კორონავირუსის პროტოკოლით არ უმკურნალეს. მეორეს მხრივ, ერთ კვირაში სამჯერ გამოწერა და მიბრუნება რაღა იყო, როცა ადამიანი ფაქტობრივად ვერ სუნთქავდა.“ჩვენთან კორონა არ არის” ღარიბაშვილის მთავრობის ანტივაქსერული დანაშაულებრივი პოლიტიკის ლოზუნგი იყო. 17 500 ადამიანი იმსხვერპლა ამ ვირუსმა საქართველოში, რაც ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაცაა" - წერს რომან გოცირიძე.