ავტორი:

"როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა... ცრემლები მახრჩობს" - რას წერს ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე?

"როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა... ცრემლები მახრჩობს" - რას წერს ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე?

გუშინ, 65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ჯაჭვლიანი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.

მსახიობსა და სპორტსმენს ემოციური პოსტით ემშვიდობება მსახიობი ია ნინიძე და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

- ჩემო სოსო, რა უნდა დავწერო. როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა. შენ იყავი და ხარ და ყოველთვის იქნები ჩემთვის ერთგული რაინდი. ცრემლები მახრჩობს. ცათა სასუფეველი ჩემს უსაყვარლეს მეგობარს სოსო ჯაჭვლიანს, ყველას ახსოვს თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“, სადაც გედიას როლი ბრწყინვალედ შეასრულა. ჭეშმარიტი ქართველი და თავისი ხალხის შვილი იყო! ვილოცოთ მისი სულისთვის!

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მარიტას როლზე რეჟისორი თავდაპირველად ლიკა ქავჟარაძის ნაცვლად ია ნინიძეს განიხილავდა. ამ ისტორიის შესახებ საკუთარ რუბრიკაში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილმა ისაუბრა.

თურმე მაშინ, როცა ია ნინიძე 14 წლის იყო, მას თენგიზ აბულაძე კინოსტუდიის კიბეზე შეხვედრია და უთქვამს, ფილმის გადაღებას უკვე ვიწყებ, მთავარი როლი კი შენ მინდა ითამაშოო. მაშინ ია ნინიძეს უკვე ჰქონდა როლები შესრულებული გიორგი დანელიას „არ იდარდოსა“ და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიებში“. როცა შეთავაზება მიიღო, სხვა ფილმში, „ციურ მერცხლებში“ უკვე დამტკიცებული იყო როლზე.

ია ნინიძე იხსენებდა: "მე არ მქონდა ეშმაკობა, მეთქვა, ორივე ფილმში ვითამაშებ-მეთქი, ამიტომ უარი ვუთხარი. გაბრუნდა და ძალიან ეწყინა, ისე, რომ მთელი ათი წლის განმავლობაში, რომ ვესალმებოდი, პასუხს არ მცემდა“. ია ნინიძე გადაწყვეტილებას არ ნანობდა, ამბობდა, რომ „ციურმა მერცხლებმა“ მას დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა საბჭოთა კავშირში. ამ ფილმის შემდეგ მას ოდრი ჰეპბერნსაც ადარებდნენ. თვლიდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს - მას „ციურ მერცხლებში“ უნდა ეთამაშა, ლიკა ქავჟარაძეს კი - „ნატვრის ხეში“.

წაიკითხეთ ასევე: