ავტორი:

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.

მერის წარმომადგენელი სოფელ ნერგეეთში გოჩა გოგოლაძე:

- სოფელ ნერგეეთში დასრულდა სამძებრო სამუშაოები და ნაპოვნია ყველა გარდაცვლილის ცხედარი. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს სოფელში და მართლა მიჭირს საუბარი. სიტყვები არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ და საუბედუროდ ვერაფერს შევცვლით.

- ბატონო გოჩა, ხომ არ დაგჭირდათ სოფლიდან სხვა ოჯახების გასახლება?

- დიახ, 8 ოჯახი გავიყვანეთ თავიანთი სახლებიდან და ყველა დაბინავებულია. იქ არავინ არის ამ წუთას, მიმდებარედ ვინც იყო, ის ოჯახები. მათი უმრავლესობა რობაქიძეები არიან, ერთია სოსელიას ოჯახი. ამ უბანში ძირითადად რობაქიძეები ცხოვრობენ. ზოგიერთი სახლი დაზიანდა, ხალხი ისეა შეშინებული, რომ დატოვა იქაურობა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავთო რობაქიძე, რომელიც მართლა სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. სამწუხაროდ, უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი 20 წლის ქალიშვილი ნიაკო და ავთოს მეუღლე. ავთოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მოტეხილობები აქვს, კლინიკაში რჩება და ჯერ არ აქვს ინფორმაცია ოჯახის წევრების დაღუპვაზე. ეს საშინელი ამბავი მას დღეს უნდა უთხრან. დედა-შვილის და ავთოს დედის დაკრძალვა სამშაბათს არის გადაწყვეტილი.

ნია რობაქიძე და დედამისი

გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა დაღუპული სამი არასრულწლოვნის დედა, რომელსაც ეს საშინელი ამბავი დახვდა. ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს მას გარდაცვლილი, მეუღლე და სამი უსაყვარლესი შვილი. რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს. ცხედრები გვერდით სოფელში, დიმშია გადასვენებული, მამიდის სახლში და იქიდან მოხდება გასვენება. კიდევ ორი გარდაცვლილი დედა-შვილია, ზოია ქაჯაია და მისი დედა, შუშანა უკლება. სამი ოჯახიდან 9 ადამიანია გარდაცვლილი. მართლა ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან ცუდად ვარ.

- ბატონო გოჩა, თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ეს საშიში ადგილი იყო? ამბობენ, რომ 2023 წლის ბიულეტენში ასახულია, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო და ასეთი საშიში ადგილები ბევრია თქვენს სოფელში?

- არასოდეს არ ყოფილა კონკრეტულად ეს ადგილი გამოცხადებული მეწყერსაშიში ზონად. გეოლოგები ამოწმებენ, მაგრამ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონია. ასეთი დასკვნა არ მინახავს და არ გამიგია, რომ მთას პრობლემები ჰქონდა. მართლა არაფერი ვიცი და საიდან წამოვიდა ეს საუბარი არ ვიცი. რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, გია რობაქიძე, რომელიც ამ ტრაგედიას შეეწირა თავისი სამი არაჩვეულებრივი შვილით, იმ სახლს გაარემონტებდა? შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან სესხი და მთელი ზაფხული არემონტებდა. ყველაფერი მოაწყო. საფრთხე რომ ყოფილიყო და საშიში ადგილი, რემონტს გააკეთებდა? ახალი გარემონტებული სახლი ჰქონდა, ამიტომ იყო მისი მეუღლე იტალიაში სამუშაოდ წასული. ალბათ ნახეთ ტრაგედიის ადგილი. რობაქიძეების სახლიდან 30-40 მეტრშია ის მთა, რომელიც მთლიანად მოწყდა. ბავშვების მამა, გია სულ ადიოდა იმ მთაზე, საქონელი ყავდა, აბალახებდა, ხომ შეხედავდა, თუ იყო პრობლემა, მაგრამ მოხდა რაღაც სასწაული მოწმენდილ ცაზე, ამაზე ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა.

- დარგის ექსპერტები, ამბობენ, რომ 2023 წლის ბიულეტენში მონიშნული იყო ეს ადგილი, როგორც განსაკუთრებულად საშიში ზონა

- მართლა არ ვიცი, საიდან წამოვიდა და ვინ დადო ეს დასკვნები. ჩემამდე ეს ინფორმაცია არ იყო მოსული. ნერგეეთი მთლიანად 2 კილომეტრიანი სოფელია, მაგრამ ეს ადგილი არასოდეს ყოფილა საეჭვო. არც ადგილობრივებისგან მსმენია ასეთ საშიშროებაზე. მეც ვცხოვრობ ნერგეეთში, სადაც სტიქია მოხდა იქიდან 400 მეტრში და არასოდეს გამიგია, რომ ჩემს სოფელს რაღაც პრობლემა ჰქონდა. 2023 წელს, შარშან, გეოლოგები მყავდა მიყვანილი იმ ტერიტორიიდან ცოტა ქვემოთ შესამოწმებლად, რადგან ქვემოთ მაცხოვრებელმა დაწერა განცხადება, შემოწმებას ითხოვდა, მოვიყვანეთ გეოლოგები და მსგავსი რამ მათ არ უთქვამთ. თქვეს, რომ ქვათაცვენის საშიშროება იყო და შეიძლებოდა საყრდენი კედლის აშენება, თორემ ასეთი რამ არ ყოფილა. არც მოსახლეობას შემოუტანია განცხადება არასდროს, რომ რამე საშიში იყო.

გია რობაქიძე, შვილებთან ერთად

- თქვენ აღნიშნეთ 8 ოჯახი გავასახლეთ ამ ტრაგედიის მერეო, მათი სახლებიც დაზიანდა?

- ზოგიერთი დაზიანდა, ამ ტრაგედიის შემდეგ ისეთი მდგომარეობაა სოფელში, რომ ხალხი შეშინებულია. აღარ უნდა იქ გაჩერდეს. ზოგიერთი სახლი გადარჩა ისე, რომ არ დამუქრებია საშიშროება. ძირითადად 4 სახლი ჩაიტანა მთლიანად, აქედან სამ ოჯახში ცხოვრობდა ხალხი, ერთ ოჯახს აგარაკი აქვს, ხის სახლი, ისინი ქუთაისში ცხოვრობენ, ზაფხულში ამოდიან სოფელში, ვენახი ჰქონდათ, მეურნეობა და იქ არავინ იყო. საშინელებაა, გააზრებაც მიჭირს ამ ტრაგედიის. რა უნდა უთხრა დედას, რომელიც შვილებისთვის შრომობდა და ამისთვის იყო წასული ქვეყნიდან. ეს ბავშვები ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. ჩემი შვილი და დათო მეგობრები იყვნენ. მეთერთმეტე კლასში სწავლობდა, მეორე დღეს დაბადების დღეზე ერთად უნდა წასულიყვნენ. ისეთი არაჩვეულებრივი და საყვარელი ბიჭი იყო, რამხელა ვაჟკაცი, რომ შევხედავდი, სულ ვეფერებოდი. ტყუპი გოგონები მეცხრე კლასში იყვნენ.

2 საათზე გავიგე, რომ ეს საშინელება მოხდა, რომ მივედი ყველაფერი მიწასთან გასწორებული დამხვდა. მთელი სოფელი გამოვიდა, მაგრამ მწარე რეალობა დაგვხვდა. დღისით რომ მომხდარიყო, ვფიქრობ ამხელა ტრაგედია არ იქნებოდა, ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ, გიაც შეიძლება გარეთ ყოფილიყო, სხვებიც გარეთ ყოფილიყვნენ და შეიძლებოდა ეს უბედურება აგვეცილებინა, გადარჩებოდნენ. ბავშვებს საწოლში ეძინათ, ეს რომ მოხდა. რომ ვნახე მძინარე, ლეიბში იყო გახვეული. ერთად ვიპოვეთ ყველანი. გააზრებაც კი არ მინდა, ოღონდ გადარჩენილიყვნენ ეს ბავშვები და ჩემთვის წაერთმია სიცოცხლე. კვირას არის დაკრძალვა გიას და მისი სამი შვილის. ხვალ კი დედა-შვილს დავკრძალავთ. ნიაკოს, მის დედას და ბებიას სამშაბათს. ავთო რობაქიძე გონებაზე იყო, ეტყობა რაღაც ტალღამ პირველად ის გამოაგდო სახლიდან და სასწაულად გადარჩა. მაშველებმა მოუსწრეს და დამტვრეული კლინიკაში ამ დრომდე რჩება. მან არ იცის ეს საშინელი ამბავი და დღეს უნდა უთხრან. მაშველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. საუბრის ძალაც არ მაქვს ახლა, მეტი რა უნდა გითხრათ.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ნერგეეთში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს

ნახეთ ასევე: