ავტორი:

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე - იძებნება

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე - იძებნება

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე, გალის ე.წ. მილიციის განყოფილების სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ორი მათგანი დააკავეს, - ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული - ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარბაია მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც, სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეეების გარეშე, უკანონო ჩხრეკა ჩაატარა.

"შემოწმების ბოლოს კარბაიამ დაიწყო უცენზურო სიტყვების გამოყენება კვეკვესკირის მიმართ, რის შედეგადაც კვეკვესკირმა მას დაარტყა. პარალელურად, განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომლებმაც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოიყენეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებისა და წიხლების ცემით, რის შედეგადაც კარბაიას დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე სისხლჩაქცევები“, - აცხადებენ ე.წ. "პროკურატურაში“.

მათივე ცნობით, კარბაია ცემის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. გალის საავადმყოფოში ის "ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მივიდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების თანამშრომლები ზარაქუა და აბშილავა დააკავეს.

"ეჭვმიტანილი კვეკვესკირი დ.ბ. არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია“, - აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.