ფიქრების მოგზაურობა ბლოკნოტში, ჰემინგუეიდან - ლედი გაგამდე: Moleskine-ს მსოფლიო აღიარების საიდუმლო და ისტორია

ფიქრების მოგზაურობა  ბლოკნოტში, ჰემინგუეიდან - ლედი გაგამდე: Moleskine-ს მსოფლიო აღიარების საიდუმლო და ისტორია

თუ Moleskine-ის ბლოკნოტები გიყვართ, ისიც გეცოდინებათ, რომ ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკანცელარიო ნივთი. „მოლესკინის“ ბლოკნოტი საოცარ ისტორიას ატარებს, რომლის თეთრ ფურცელზე პირველივე ფრაზის დაწერიდან, საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ.

საუკუნეების მანძილზე, მოლესკინის რვეულებს ბევრი გენიალური გონება და შემოქმედი იყენებდა, თავისი იდეების, აზრებისა და შთაგონების გამოსახატავად. ჰემინგუეიდან ვან გოგამდე, პიკასოდან ჩატვინამდე, ყველა ხელოვანს გადაჰქონდა თავისი შემოქმედება „მოლესკინის“ გვერდებზე. მაგრამ ამ ბრენდის ამბავი მხოლოდ წარსულით არ შემოიფარგლება. ეს გახლავთ აღორძინების, დიზაინის და სტილის ისტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს შემოქმედთა ყურადღებას. „მოლესკინი“ არის ერთგვარი ხიდი ჩვენი წარმოსახვის შინაგან სამყაროსა და გარე სამყაროს შორის, რასაც ვხედავთ და განვიცდით.

Moleskine იტალიური კომპანიას ეკუთვნის, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის რვეულების, ბლოკნოტების, დღიურებისა და სხვა საკანცელარიო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში. ის მილანში 1997 წელს დაარსდა. სახელწოდება "Moleskine" მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან "molesquine", რაც ნიშნავს „რბილ ტყავს“, რომელიც გამოიყენება წიგნებზე გადასაკრავად.

მიუხედავად იმისა, რომ Moleskine 1997 წელს შეიქმნა, მისი ისტორიის ფესვები გაცილებით შორს მიდის. „მოლესკინი“ ცნობილი გახდა მრავალი მწერლისა და მხატვრის წყალობით, რომლებიც მის რვეულებსა და ბლოკნოტებს თავიანთი სამუშაოებისთვის იყენებდნენ. „მოლესკინის“ ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემლები იყვნენ: ერნესტ ჰემინგუეი, მატისი, სარტრი, ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო და ბრიუს ჩატვინი.

თუმცა, 1986 წლამდე „მოლესკინი“ ცნობილი იყო მხოლოდ ჰემინგუეის ნაწერებიდან. სტუდია პარიზში, სადაც ჰემინგუეი „მოლესკინის“ რვეულებს ყიდულობდა, დაიხურა და რვეულების წარმოებაც შეწყდა.

1997 წელს, იტალიელმა დიზაინერმა მარია სებრეგონდიმ აღადგინა Moleskine-ს ბრენდი და მასობრივი წარმოება დაიწყო. მისი მიზანი იყო შეექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც შეინარჩუნებდა Moleskine-ის ორიგინალური ბლოკნოტების სულსა და ტრადიციას.

1995 წელს სებრეგონდიმ წაიკითხა ინგლისელი მწერლის ბრიუს ჩატვინის ნაწარმოები. წიგნში მან აღმოაჩინა ფრაზა: „პასპორტის დაკარგვა (მოგზაურობისას) ჩემი ყველაზე ნაკლები საზრუნავი იყო. ბლოკნოტის დაკარგვა - ნამდვილი კატასტროფაა“. ავტორი თავის წიგნებს ბლოკნოტებში წერდა, თითოეულ გვერდს ნომრავდა და მიუთითებდა ორ სხვადასხვა მისამართზე, სადაც დაკარგვის შემთხვევაში, მპოვნელს შეეძლო მიეტანა. იმავე წიგნში ჩატვინი ჩიოდა, რომ ერთ დღეს, როდესაც მივიდა პარიზის საკანცელარიო მაღაზიაში, სადაც ჩვეულებრივ ყიდულობდა ბლოკნოტებს, შეიტყო, რომ წარმოება დაიხურა. ავტორი პანიკაში ჩავარდა, რადგან თვლიდა, რომ „მოლესკინი“ საუკეთესო იყო ბაზარზე. მას ჯამში, ორასამდე ბლოკნოტი ჰქონდა ნაყიდი.

სწორედ ჩატვინმა დაარქვა ბლოკნოტებს სახელწოდება „მოლესკინი“ და ზუსტად აღწერა რვეული თავის წიგნში. ამ სცენამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სებრეგოდნიზე, რომ იტალიელმა ქალმა გადაწყვიტა შეესწავლა იმ ბლოკნოტის ისტორია, რომლებიც ჩატვინს ძალიან უყვარდა.

გამოძიებამ იგი პარიზის პიკასოს მუზეუმში მიიყვანა, სადაც გოგონამ მხატვრის შავი ბლოკნოტები იპოვა. მწერალ ერნესტ ჰემინგუეის რვეულებიც ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ჩატვინმა აღწერა.

„მე-20 საუკუნის ავანგარდის მთელი ისტორია თითქოს შავი ბლოკნოტების ირგვლივ ტრიალებდა, რომლებიც ელასტიკური რეზინით იყო დამაგრებული“.

როგორც ახლა წერია თითოეულ ბლოკნოტში შეტანილ ჩანაწერში, მოლესკინის სტილის რვეულები 1850-იანი წლებიდან იწარმოებოდა წიგნის აკინძვის მცირე ბიზნესების მიერ. ბოლო წარმოება დაიხურა 1986 წელს.

სებრეგონდიმ გადაწყვიტა ცნობილი რვეულის რეპროდუცირება. ამ იდეით მან პატარა მილანურ დიზაინსა და გამომცემლობას Modo&Modo-ს მიმართა. მათ ერთად აღადგინეს ლეგენდარული სტილი და დაიწყეს ბლოკნოტების წარმოება.

პირველივე დღიდან კომპანიამ თავისი პროდუქცია წარმოადგინა, როგორც ბლოკნოტები მდიდარი ფანტაზიის მქონე კრეატიული ადამიანებისთვის. ბლოკნოტმა მიიღო მეტსახელი „ჯერ არ დაწერილი წიგნი“, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც დიდი უბრალოდ უნდა გამოჩენილიყო მის გვერდებზე. როგორც ბრენდი განსაზღვრავს, Moleskine გახდა კულტურის, წარმოსახვის, მეხსიერების, მოგზაურობისა და თვითგამორკვევის სინონიმი.

Moleskine-ის გამოცემა დაიწყო იმავე ბლოკნოტის ასლით, რომელიც შეკერილი იყო შავი ტყავით და რეზინით. ეს იყო ერთადერთი პროდუქტი, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა. როგორც მთავარი სარეკლამო ნაბიჯი, ბრენდმა გამოიყენა ცნობები ასეთი ნოუთბუქების ცნობილი მფლობელების შესახებ.

პიკასოს რვეულების გარდა, არსებობს ვან გოგის შვიდი რვეული, რომლებიც დათარიღებულია 1881 წლიდან 1890 წლამდე, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ ამსტერდამის მხატვრის მუზეუმში. მწერალ ანდრე ბრეტონის თანამედროვე მოლესკინის პროტოტიპი ინახება საფრანგეთში, პოლ ელუარის ბიბლიოთეკაში.

პირველი ბლოკნოტი გამოვიდა 9x14 სანტიმეტრის ზომით და ჰქონდა მოლესკინის ყველა საკულტო ატრიბუტი: შავი ტყავის ყდა, მომრგვალებული კუთხეები, ჯიბე წიგნის ბოლოს, სანიშნე, მოყვითალო ფურცლები და ელასტიკური ზოლი, რომელსაც უჭირავს გვერდები. ბლოკნოტში ასევე იყო სტიკერი ინდივიდუალური სერიული ნომრით და ინსტრუქციით, რომელიც აღწერს ბრენდის ისტორიას.

ითვლება, რომ კლასიკური Moleskine ბლოკნოტის დიზაინმა მომრგვალებული კუთხეებით, შთააგონა სტივ ჯობსი, შეექმნა iPhone-ის ფორმა.

მას შემდეგ Moleskine გახდა პოპულარული ბრენდი კრეატიული ადამიანებისთვის, მოგზაურებისთვის, სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის თავისი დახვეწილი სტილით, კომფორტითა და მაღალი ხარისხით.

დღესდღეობით ცნობილი ბლოკნოტი ბევრ ფილმსა და სერიალში ჩნდება. და ასევე ხშირად ჩნდება ცნობილი ადამიანების ფოტოებში და სოციალურ ქსელებში. მაგალითად, მომღერალმა ლედი გაგამ აღიარა, რომ მუდმივად იყენებს მოლესკინს.

Moleskine არის ბრენდი, ეს არის ისტორია, ეს არის დაპირება, რომ შეავსოთ თქვენი ცხოვრება სტილითა და შემოქმედებითობით. ეს პატარა დეტალი გიბიძგებთ ისწავლოთ, შექმნათ, იმოგზაუროთ და გააუმჯობესოთ თქვენი სოციალური მდგომარეობა. ეს ბლოკნოტი სხვა ადამიანებზეც ახდენს შთაბეჭდილებას და მის მფლობელს მაღალი ხარისხის სტანდარტების მცოდნედ წარმოაჩენს.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, Moleskine-ის მფლობელების 80% რეალურად იყენებს მას.

ნუ შეგეშინდებათ ახალი გვერდების გადაშლის, აავსეთ ისინი თქვენი აზრებით და ეძებეთ შთაგონება თქვენს გარშემო არსებულ სამყაროში. იმიტომ, რომ მოლესკინის მსგავსად, თქვენი ცხოვრება არის თქვენი უნიკალური მოგზაურობა, რომელიც იმსახურებს აღბეჭდვას და სხვებისთვის გაზიარებას.

თეა ინასარიძე