ავტორი:

მამა პეტრე საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს: რატომ არ გამოცხადდა სინოდალური კომისიის სხდომაზე - "ბევრი ჩემი განცხადება მათთვის მიუღებელია, თუმცა..."

მამა პეტრე საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს: რატომ არ გამოცხადდა სინოდალური კომისიის სხდომაზე - "ბევრი ჩემი განცხადება მათთვის მიუღებელია, თუმცა..."

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა დღეს 13 თებერვალს ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).

  • კომისიაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა მამა პეტრე კვარაცხელიას საქმე. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ ცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მამა პეტრე კვარაცხელია Ambebi.ge-სთან გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

- დიახ, მე ამჯერად ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში, რომლის მეუღლეც არის დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ალბათ გსმენიათ ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩამოვფრინდი. ორჯერ იყო თხოვნა საპატრიარქოდან, რომ მივსულიყავი. პირველად ვიყავი ისრაელში, როდესაც დამიკავშირდნენ და ვერ ჩამოვიდოდი, ჩემი განრიგი მქონდა. რომ ჩამოვედი და შეხვედრა ვითხოვე, ე.წ. ღორის გრიპის პერიოდი იყო და პრაქტიკულად დაუძლურებული ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაპირებდი მისვლას. დავუკავშირდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს და მივწერე წერილი, გამოკეთდი და შემდეგ შევხვდეთო.

ამის მერე, მოხდა ისე, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდი, როდესაც უცხოეთში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩამოსვლისთანავე თუ მოხდება ეს შეხვედრა, აუცილებლად მოვალ და თუ არადა, საბერძნეთის ემიგრაციასთან არის შეხვედრა ჩემი და ამას ვერ ჩავშლი-მეთქი, მაშინ შემდეგ მოხდესო შეხვედრა. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, ვუთხარი, ჩემს დასთან მივდივარ-მეთქი, წასვლის თარიღიც ვუთხარი, დღევანდელ დღეს სამშაბათს უნდა დავებარებინე და მივსულიყავი მანდ. ვუთხარი, რომ ორშაბათს ღამე ბილეთი აღებული მქონდა და ხუთშაბათს დამირეკეს, ვთხოვე, რომ იქამდე ნებისმიერ დროს მივიდოდი, ოღონდ სამშაბათს ვერ მოვალ, ბილეთი აღებული მაქვს-მეთქი. აქ არ ვაპირებ დარჩენას, ჩამოვალ და შევხვდები აუცილებლად. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მეც მაქვს კითხვები და იმედია, ისინიც გასცემენ პასუხს.

ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არაფერი მიკვირს. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებ. არ ვიცი, რა გითხრათ, ეს არის, ვფიქრობ, ის, რასაც ველოდი.

- რას ნიშნავს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ქმედებები, კონკრეტულად რას გულისხმობენ განცხადებაში, თუ იცით?

- ის, რომ მკვეთრი განცხადებებით გამოვირჩევი, ის, რომ ბევრი ისეთი განცხადება გავაკეთე, მათთვის მიუღებელია. თუმცა ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ და შესაბამისად, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაგებ პასუხს ყველას წინაშე, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც. იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ეს დღეები მე ვერ ჩამოვალ საქართველოში, 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები.