ავტორი:

"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით: როგორ "გააგდო" ბორის წიფურიამ ელდარ შენგელაია გადასაღები მოედნიდან და რაზე გაუნაწყენდა რობერტ სტურუას?

"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით: როგორ "გააგდო" ბორის წიფურიამ ელდარ შენგელაია გადასაღები მოედნიდან და რაზე გაუნაწყენდა რობერტ სტურუას?

ამბობდნენ, რომ მისი ჩაგდებული როლი არ არსებობს. კინოსა თუ თეატრში არაერთი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი. იყო მთავარი თუ ეპიზოდური როლები. საქართველოს სახალხო არტისტი ბორის წიფურია თავის საქმეს ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა. სამწუხაროდ, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვინ იცის, ალბათ, კიდევ რამდენი როლის შექმნა სურდა... თავიდან მუშაობა დაუწყია სოხუმის აკადემიური თეატრის ქართულ დასში, შემდეგ - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორიც გახლდათ. წლების განმავლობაში კი ტელეშოუ "ფორტუნა" მიჰყავდა. მასობრივად მაყურებელმა აქედან გაიცნო. 1966 წელს მისი დებიუტი შედგა იური ქავთარაძის ფილმში "უყაიმო თამაში".

  • მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა ფილმებში ნათამაშებმა როლებმა: ხუტა ოდიშელიძე ("შერეკილები"), მეწისქვილე ("დათა თუთაშხია"), სელიმი ("მიზანში")...

ამბობენ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე ეტიუდის შესრულებისას ბორის წიფურიას სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებულ აკაკი ხორავას წამოუძახია: "კმარა, საკმარისია!" როგორც ჩანს, მასში დიდი სამსახიობო უნარი აღმოაჩინა.

"შერეკილები"

თავად ბატონი ბორისი საკუთარ მოგონებებში ჰყვებოდა: "თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი კურსელები იყვნენ შემდგომში უნიჭიერესი მსახიობები - ზინაიდა კვერენჩხილაძე, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლია კაპანაძე, ლიკა ჭავჭავაძე. პედაგოგები იყვნენ - სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, დიმიტრი ალექსიძე, ნადეჟდა შალუტაშვილი, დიმიტრი ჯანელიძე, აკაკი ფაღავა, მალიკო მრევლიშვილი. ამ ადამიანებთან ყოფნასა და თანაცხოვრებაში ბედმა ნამდვილად გამიღიმა. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ ვერ დაიკვეხნის საქართველოში, რომ აკაკი ხორავას საყვარელი სტუდენტი იყო და თენგიზ არჩვაძის ან გივი ბერიკაშვილის მეგობარი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი, თუმცა ჩემი ჯგუფი სოხუმის თეატრში გაანაწილეს და მეგობრებს გავყევი. სოხუმის თეატრის დირექტორმა იქ დარჩენა და მუშაობა შემომთავაზა. პირველივე სპექტაკლში "გაზაფხულის დილა" ერთ-ერთი მთავარი როლი მომცეს და ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა".

"ვერის უბნის მელოდიები"

გასული საუკუნის მიწურულს აკაკი ბაქრაძე ბორის წიფურიაზე წერდა: "დიდ როლს თამაშობს ბორის წიფურია თუ პატარას, - სულ ერთია. მისი პერსონაჟი ყოველთვის მკვეთრად ჩამოყალიბებული პიროვნებაა... ამის დასტური მისი არაერთი როლია. როდესაც სცენაზე დგას, ცოცხალ ადამიანს ხედავ თავისი თვისებით, ხასიათით, ბუნებით, შინაგანი სამყაროს გამოვლენის დეტალებით და არა სქემასა და რუპორს. სქემა და რუპორი ცივია, ის მაყურებელს არ ათბობს. ცოცხალი ადამიანი კი, თუნდაც მეტად უარყოფითი, იწვევს ემოციას, დაინტერესებას, გატაცებას. ამიტომ ბორის წიფურიას მიდგომა, რომლითაც ის როგორც მსახიობი მოქმედებს, მართალია... თუ ვინმე მკითხავს, ვიტყოდი: არის როლები, რომელიც მას ქართულ თეატრში აუცილებლად უნდა ეთამაშა".

თამაშაობდა და ითამაშებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს გულგატეხილი იყო: "რობერტ სტურუამ თეატრი შემაძულა. სული ამომგლიჯა, უდროოდ გამიშვა თეატრიდან. შეიძლება, 15-20 წელი ისე იყო თეატრში, რომ რეჟისორმა როლი არ მოგცეს?! ცუდია, როცა ვიღაც განაგებს შენს ბედს. იმ კაცს თუ უნდა, გაგაღმერთებს, თუ უნდა - გაგანადგურებს".

''დათა თუთაშხია'' - ბონია მეწისქვილე

როცა ელდარ შენგელაიამ ფილმში "შერეკილები" გადაიღო, მიაჩნდა, რომ ბედმა გაუღიმა. ის სინჯებისთვის სულ სხვა როლზე იყო მიწვეული, მაგრამ რეზო გაბრიაძის სცენარში სხვა როლი აღმოაჩინა. სამხატვრო საბჭომაც შეცვალა უკვე შერჩეული მსახიობი და ხუტა პოლიციელის როლზე ბორის წიფურია დაამტკიცა. სანამ სამხატვრო საბჭო როლზე დაამტკიცებდა, ბატონი ბორისი ნერვიულობდა, განიცდიდა: "მამამ დედას ჰკითხა, რა სჭირს, რატომ ნერვიულობსო. დედამ უპასუხა, თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა, ფილმისთვის სინჯი გადაუღეს და არ იცის, დაამტკიცებენ თუ არაო. რა ფილმიაო, იკითხა მამამ. "შერეკილებიო", - უპასუხა დედამ. დაამტკიცებენ ამ საცოდავს, აბა, რას იზამენ, რატომ ნერვიულობსო, დაამშვიდა მამამ დედა".

ელდარ შენგელაია, ბორის წიფურია - "შერეკილების" გადასაღები მოედანი

თავად "შერეკილების" გადაღების პროცესს ელდარ შენგელაია კი ასე იხსენებს: "ჩემი კინოში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობის გამო მიმეტოვებინოს გადასაღები მოედანი. ეს მოახერხა ბორია წიფურიამ. ერთხელ "შერეკილების" გადაღების დროს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ გაცოფებულმა გადაღება მივატოვე. ძალზე რთული იყო მასთან მუშაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შედეგით პირადად მე, და მგონი, მაყურებელიც, კმაყოფილი ვართ. ბორიას მოზრდილ თავში უსასრულო ფანტაზია ტრიალებდა, რომელსაც არც დასაწყისი ჰქონდა და არც - დასასრული, მაგრამ რეჟისორისთვის აუცილებლად მოიძებნება მის „სისულელეებში“ ერთი-ორი კარგი იდეა. "შერეკილებში" ხუტას როლზე (როგორც მიღებულია კინოში) არაერთი ცნობილი მსახიობი "ისინჯებოდა".

სასინჯ გადაღებებზე მოსულ მსახიობებს ჩვენ ვაცმევდით იმ კოსტიუმს, რომელიც მხატვრის მიერ იყო არჩეული. ბორიას კოსტიუმი არ მოეწონა, შეიგინა (ეს მას ეხერხებოდა) და თქვა, თვითონ მოვნახავ ჩემთვის კოსტიუმსო. გაბრაზებული გავარდა სტუდიის გარდერობში. გავიდა თითქმის ოთხი საათი. უცბად გაიღო სარეჟისოროს კარი და ჩვენ წინ იდგა ფილმის მომავალი გმირი, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. კოსტიუმიც ხომ მონახა ძალიან სახოვანი ფაფახით, საგრიმიოროშიც გაუვლია და გრიმიც გაუკეთებია, ულვაშები და ბაკენბარდებიც თავისივე ფანტაზიით მოურგია. შემოვიდა თუ არა, მივარდა ფანჯარას და დაიწყო ყვირილი: "ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი, ხომ გითხარით!“ ჩავატარეთ სასინჯი გადაღება და სამხატვრო საბჭომ ის როლზე ერთხმად დაამტკიცა... უნდა ვაღიარო, რომ ბორის წიფურიამ, ჩემი აზრით, შექმნა ცოცხალი, ორიგინალური და მართლაც დასამახსოვრებელი სახე…"

საქართველოს სახალხო არტისტის წოდების მიღება უზომოდ გაჰხარებია: "იმ დღეს სიხარულისგან არ მეძინა. მეორე დღესვე გაზეთი ვიყიდე და საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა გაზეთშიც იგივე ამოვიკითხე. პოპულარობა, ხალხის სიყვარული და ყურადღება დამღლელი არ არის. პირიქით, მსიამოვნებს, მაგრამ ამას დიდი დარდიც ახლავს. ორი-სამი წლის შემდეგ ხალხს რომ მიავიწყდები, ძალიან ძნელია. ბევრი შესანიშნავი მსახიობი დაივიწყეს. დიდი კორიფეების შესახებ ბევრმა ახალგაზრდამ არც კი იცის. სამწუხაროდ, ასეთია მსახიობის ბედი.

ფილმი ''ბიჭები იასამნის ქუჩიდან'' - მეწაღე

სინათლის ინკასატორმა კი სახლში საკუთარი "სახლ-მუზეუმის" მოწყობა გადააწყვეტინა. ამას ბორის წიფურია თავის მოგონებებში ასე ყვება:

"ერთხელ შინ რომ არ ვიყავი, დენი გამომირთეს. საღამოს მეზობელმა მითხრა, ხვალ დილით შუქის კაცი მოვა, შინ დახვდიო. დავხვდი და პირდაპირ შეტევაზე გადავედი, რატომ გადამიჭერი სინათლე მეთქი. დავალიანება გაქვსო. ავუხსენი, გადაღებაზე ვიყავი დიდი ხნით. ოღონდ ახლა ჩამირთე და დღესვე გადავიხდი-მეთქი. ეჭვის თვალით ამათვალიერა: ვინ ხარ, რაში გიღებენო. მსახიობი ვარ-მეთქი. ცოტა ხანს კიდევ მიყურა, მერე ოთახებს მოავლო თვალი და „უნდობლობა გამოაცხადა“. ტყუილს ამბობ. შენ მსახიობი არა ხარ. მე ვყოფილვარ მსახიობების სახლში და მინახავს, კედელზე სულ თავიანთი სურათები აქვთ გამოფენილი სხვადასხვა როლებშიო. იმავე საღამოს ამოვქექე უჯრიდან აფიშები, სურათები, სიგელები, ფოტოები ჩარჩოში ჩავსვი, წითელი ლენტი გავაბი, მოსაწვევი ბარათებიც დავამზადე. ჩემს მეგობრებს - შოთა გაბელაიას და კიდევ რამდენიმე კაცს ჩამოვურიგე: ხვალ ჩემი სახლ-მუზეუმის გახსნაა და მობრძანდით-მეთქი. მას მერე ვიწონებ თავს ჩემი სტენდით“.

ბორის წიფურიაც ცხოვრება სავსე იყო კურიოზებით.

"მთელი ჩემი ცხოვრება, დაბადებიდან ამ წუთამდე კურიოზია. ჩემზე დარდიანი ადამიანი ამქვეყნად მეორე არ მეგულება. მე რომ კინოში მკლავენ, იმაზეც კი ვტირი. "მაგდანას ლურჯაში“ დუდუხანას რომ ლურჯას ართმევენ, ჩემი ბღავილი ცას სწვდება ხოლმე. მოკლედ, მგრძნობიარე კაცი ვარ. გული სადღეგრძელოებზეც კი მიჩუყდება. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცუდი განწყობა გარშემომყოფებს არ გადავდო. პირიქით, ადამიანებს კარგ განწყობას ვუქმნი“ - ამბობდა საკუთარ თავზე მსახიობი.

"ფორტუნა"

"თქვენს წინაშეა "გაერთიანება თეატრონის" შოუ პროგრამა "ფორტუნა" - ასე იწყებოდა ყოველი კვირა დღის საღამო მსახიობ ბორის წიფურიასთან ერთად, რომელიც გადაცემაში ახლადდაქორწინებულებს ეპატიჟებოდა და სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებდა. გადასაღები მოედნის მონატრებას მსახიობი ამ გადაცემით ივსებდა, რომელსაც 6 წლის განმავლობაში უძღვებოდა. მისმა დახურვამ კი კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. მრავალათასიანი მაყურებლის თხოვნის მიუხედავად, "ფორტუნა" ეთერში აღარ დააბრუნეს. ძალიან განიცდიდა იმასაც, რომ შვილი არ ჰყავდა:

"განვიცდი, შვილი რომ არ მყავს. მარტოხელა კაცი ცოდვაა. შეიძლება, არც სარეცხის გარეცხვის პრობლემა შეექმნას, არც საჭმლის მომზადების, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი? ხშირად, როდესაც ცუდად ვიყავი, ხელებს გულზე ვიწყობდი და ისე ვიძინებდი, თუ მოვკვდები, გასასწორებელი არ გავხდე-მეთქი. ვფიქრობ ხოლმე, რომ მოვკვდები, ვინ მიხედავს ჩემს ფოტოარქივს, ფირფიტებს... - არავინ, რადგან არავინ მრჩება“.

P.S. მსახიობის ცხოვრებიდან კიდევ ბევრი ეპიზოდი დაგვრჩა უთქმელი, მაგრამ ყველაფერს ცხადია, მხოლოდ ერთი სტატია ვერ დაიტევს. სტატიაში ეპიზოდები გამოყენებულია ნაწილობრივ ბორის წიფურიას წიგნიდან „მოგონებები,“ რომელიც წლების წინ თავად მაჩუქა.