ავტორი:

"თოვლის ქალი" აფხაზეთიდან - რა არის ცნობილი ზანასა და მის შთამომავლობაზე: რას იკვლევდნენ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა ჩვენებური "იეტის" შესახებ?

"თოვლის ქალი" აფხაზეთიდან - რა არის ცნობილი ზანასა და მის შთამომავლობაზე: რას იკვლევდნენ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა ჩვენებური "იეტის" შესახებ?

იეტის, იგივე თოვლის კაცის შესახებ, სხვადასხვა ეთნოსსა და კულტურაში არაერთი ლეგენდა არსებობს. მედიაში პერიოდულად დღესაც ჩნდება ინფორმაცია, რომ ვიღაცამ სადღაც დაინახა ეს უცნაური არსება, თუმცა, მისი არსებობის შესახებ დღემდე არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ გვაქვს.

ყველაზე ცნობილი და რეალური "იეტი", უფრო სწორედ "თოვლის ქალი", როგორც ირკვევა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში ბინადრობდა, სტატიაში მოგიყვებით გასაოცარ ამბავს თოვლის ქალის ზანას შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში სოფელ თხინაში ადგილობრივ მემამულესთან ერთად ცხოვრობდა.

  • ზანას თავგადასავალი

ეს უცნაური ამბავი დაახლოებით XIX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზეთის მთებში დაიწყო, როდესაც მდიდარი თავადი ერთ დღეს სანადიროდ წავიდა. სოფელში დაბრუნებული ამტკიცებდა, რომ ტყეში შეხვდა უცნაურ არსებას, რომელიც უზარმაზარ მაიმუნს ჰგავდა. იმ დღეებში აფხაზეთში სჯეროდათ, რომ მთის გამოქვაბულებში საშინელი მონსტრი იმალებოდა, რომელსაც აბნაუაიუ ერქვა. მონადირე დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის ნახა და ბრძანება გასცა, სასწრაფოდ დაეჭირათ ურჩხული.

მსახურებმა არ იცოდნენ, როგორ დაეჭირათ მონსტრი და გადაწყვიტეს, სატყუარასთვის შარვალი ჩაეცვათ, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნი ასდიოდა. უცნობი არსება მალე თავშესაფრიდან გამოვიდა. ჩასაფრებულებმა "მონსტრი“ შეიპყრეს და თავადს გადასცეს. როდესაც თავადი მიხვდა, რომ "მონსტრი“ რეალურად დიდი ტანის და თმით დაფარული ქალი იყო, გადაწყვიტა მეგობრისთვის ეჩუქებინა. ასე აღმოჩნდა ის სოფელ თხინაში. ერთი ვერსიით, მისი მეპატრონე მემამულე, გვარად გენაბა იყო. მან უცნაურ ქალს სახელად ზანა დაარქვა.

ზანას შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა. იყო ძალიან მაღალი, ძლიერი და სქელი თმა მთელ სხეულს უფარავდა. ქალის კანი კუპრივით შავი იყო. ქვედა ყბა ძლიერად ჰქონდა წინ წამოწეული, ასევე დიდი კბილები და ტუჩები ჰქონდა. "თოვლის ქალის" ფეხის ზომა კი წარმოუდგენლად დიდი გახლდათ.

  • ველური ზანა, რომლისაც ადგილობრივ მოსახლეობას ეშინოდა

ზანამ ტყვეობა გააპროტესტა, რადგან თავიდან გალიაში მოათავსეს. თანდათან ის მორჩილი გახდა და მეპატრონემ წნელისგან დაწნულ სახლში გადაიყვანა. ზანა საწოლად ორმოს იყენებდა, რომელიც თავად ამოთხარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მემამულემ სოფელში გასეირნების და მდინარეში ბანაობის უფლება მისცა. ზანამ ლაპარაკი ვერ ისწავლა, მაგრამ მას იყენებდნენ როგორც მძიმე ტვირთის გადასაზიდად, ასევე მარტივი სამუშაოს შესასრულებლად.

სოფლის მცხოვრებლებს მისი ეშინოდათ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სურდა. ამბობენ, რომ ზანას უამრავი საყვარელი ჰყავდა. ლეგენდის თანახმად, გენაბა და მისი მეგობრები ქალს სექსუალური კავშირის დამყარებამდე ღვინოს ასმევდნენ.

  • აფხაზი იეტის შთამომავლები

ზანას შვილებიც ჰყავდა - გადმოცემის თანახმად, სულ 6, რომელთაგანაც 2 გაჩენიდან მალევე დაეღუპა. თურმე ზანამ მშობიარობიდან მალევე პირველი 2 ჩვილი მდინარეში, ცივი წყლით დაბანა, რის შემდეგაც ბავშვები დაიღუპნენ. როდესაც სოფელში მომხდარის შესახებ გაირკვა, ყველა მომდევნო შვილს ქალს ართმევდნენ და სოფელი ზრდიდა. ისინი ნორმალურად განვითარდნენ, ჩვეულებრივ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და გარდა დიდი ტანისა და ფიზიკური ძალისა, დიდად არ განსხვავდებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან.

ამბობენ, რომ თოვლის ქალს ოთხი შვილი გადარჩა, თუმცა მხოლოდ უმცროსი ვაჟის - ხვიტის შესახებ არსებობს ინფორმაცია. ხვიტი მთელი ცხოვრება სოფელ თხინაში ცხოვრობდა და 1954 წელს გარდაიცვალა. მისი თავის ქალა მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება. აფხაზი უხუცესების თქმით, ხვიტს შეეძლო, ხელით მიწიდან ხეები ამოეგლიჯა. მას 4 შვილი ჰყავდა და ყველა მათგანი ყოფილ საბჭოთა კავშირში შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში გამოიკვლიეს. ზანას საფლავი მეცნიერებს ვერავინ მიასწავლა, ხვიტის საფლავს კი სოხუმთან ახლოს მიაკვლიეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას 4 შვილი ჰყავდა, თუმცა წყაროებში ყველაზე მეტი ინფორმაცია ქალიშვილ რაისაზე იძებნება.

  • ვინ არის ზანა - ფსიქიკურად დაავადებული ფერადკანიანი ქალი თუ ნეანდერტალელი?

ზანას ისტორიით დაინტერესდნენ საბჭოთა მეცნიერები. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აფხაზეთში ჩავიდა კრიპტოზოოლოგი ბორის პორშნევი, რომელიც ესაუბრა ადგილობრივ მოხუცებს და შეიტყო ინფორმაცია ზანასა და მის შვილებზე. ბურცევმა მოახერხა ზანას შვილიშვილთან, ხვიტის ქალიშვილთან საუბარი. ის იყო უბრალო ქალი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ ფოსტაში. ნეგროიდული გარეგნობის გარდა, მასში უჩვეულო არაფერი იყო.

ზანას ისტორიას სწავლობდა ისტორიკოსი, ჰომინოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი იგორ ბურცევიც. მან თოვლის ქალის ნეშტის პოვნა სცადა, რისთვისაც თხინის სასაფლაოზე გათხრები ჩაატარა. თუმცა მხოლოდ ხვიტის სამარხი აღმოაჩინა. მისი თავის ქალის გამოკვლევით, დაადგინეს, რომ ხვიტი ნეგროიდულ რასას მიეკუთვნებოდა.

დღეისათვის ზანას წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

პირველი და ყველაზე სარწმუნო: ეს იყო ფერადკანიანი ქალი გონებრივი ჩამორჩენით, რომელსაც ჰქონდა დაავადება ჰიპერტიქოზი, რასაც ახასიათებს სხეულის ნებისმიერ ადგილზე თმის სიჭარბე. ის როგორღაც ბავშვობაში მოხვდა ტყეში, სადაც მძიმე პირობების მიუხედავად, მოახერხა გადარჩენა და გაზრდა.

შეგახსენებთ, აფხაზეთში იმ პერიოდში არაერთი ფერადკანიანი ცხოვრობდა. შესაძლოა, ესენი იყვნენ უძველესი ემიგრანტები ეთიოპიიდან ან შესაძლოა, ისინი იყვნენ ყოფილი მონების შთამომავლები, რომლებიც მიწის მესაკუთრეებმა შეიძინეს პლანტაციებში სამუშაოდ. გადმოცემის თანახმად, ზანას შავი კანი ჰქონდა, მის შვილებს კი - მკაფიო ნეგროიდული ნაკვთები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიტის თავის ქალის ფრაგმენტები ოქსფორდის უნივერსიტეტში გაგზავნეს, რათა ზუსტი გენეტიკური ანალიზი ჩაეტარებინათ. 2015 წელს კი მიღებული შედეგები Sachs-მა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ზანა 100% - ით აფრიკელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, გენეტიკური მსგავსება არცერთ თანამედროვე აფრიკულ ჯგუფთან არ მოიძებნა.

მეორე ვერსიით, "თოვლის ქალი" ზანა ნამდვილი ნეანდერტალელი იყო. დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ფანტაზიებია.

კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, ზანა რელიქტური ჰომინიდების უცნობი სახეობაა, მაგრამ ამის თქმა მეცნიერული კვლევის გარეშე და მხოლოდ ზეპირი აღწერებიდან, არასწორია.

ანთროპოლოგი, რომელიც ზანას ისტორიას წლების განმავლობაში იკვლევდა, აღნიშნავს, რომ არ არსებობს არცერთი მატერიალური მტკიცებულება იმისა, რომ ზანას არსებობაში რაიმე პარანორმალური იყო. არაფერი ახალი ან შოკისმომგვრელი არ აღმოჩენილა ხვიტის თავის ქალის კვლევისაც. ზანას შვილიშვილი რაისა კი სრულიად ჩვეულებრივი ქალი გახლდათ. თუ ის იყო ადამიანის შთამომავალი, რომელიც დაიბადა რელიქტური ჰომინიდისგან, მაშინ, ეს მის გარეგნობაზე უნდა ასახულიყო...