ავტორი:

"ბევრი ლანძღვა მივიღეთ, არჩილს ყურადღებას არ აქცევდითო... მის ჭირისუფლად მე ვიჯექი, არც ერთი ცოლი იქ არ მოსულა" - ჩიხლაძეების რეალური ამბავი: როგორ შეიქმნა "კართან მოდგა შემოდგომა"?

"ბევრი ლანძღვა მივიღეთ, არჩილს ყურადღებას არ აქცევდითო... მის ჭირისუფლად მე ვიჯექი, არც ერთი ცოლი იქ არ მოსულა" - ჩიხლაძეების რეალური ამბავი: როგორ შეიქმნა "კართან მოდგა შემოდგომა"?

"უკვე 84 წლის ვარ და ახლაც კი ვმღერი, ამის სურვილიც მაქვს და ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს. ძირითადად სახლში ვარ, პროფესიულ სცენაზე დიდი ხანია არ გამოვსულვარ, მაგრამ ტელეარხები როცა მიწვევენ, ყოველთვის მივდივარ და ვმღერი. მეგობრების წრეშიც ხშირად ვიკრიბებით და იქაც ვმღერი - ქართული სუფრა უსიმღეროდ არ შეიძლება" - გვეუბნება მაყვალა ჩიხლაძე, ადამიანი, რომელსაც პროფესიულ სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის ისტორია აქვს.

  • მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი 60-70-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გასტროლები, კონცერტები, ფილმში გადაღება - აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდათ... მათი სიმღერებს ახლაც აქტიურად მღერიან...

ქალბატონი მაყვალა AMBEBI.GE-ს სტუმარია და თავის განვლილ ცხოვრებაზე გვიყვება.

- კი, ჩემთვის სიმღერა სიცოცხლის გაგრძელებაა და სიცოცხლის ელექსირია. რომ არ ვიმღერო, ავად გავხდები. სახლში მარტოც როცა ვარ, ავიღებ გიტარას და ვმღერი.

- ქალბატონო მაყვალა, ჩიხლაძეთი, მეუღლის გვარით უფრო გიცნობენ, თუმცა ბოტკოველი ხართ...

- დიახ, უმეტესობა ჩიხლაძეთი მიცნობს... ბოტკოველი მთიულური გვარია. ბოტკო საგარეჯოს რაიონში სოფელია... ჩემი გვარის ხალხი დაახლოებით 2 საუკუნის წინ კახეთში გადმოუსახლებიათ. მერე სოფელ ბოტკოდან თელავის რაიონის სოფელ იყალთოში დაუსახლებიათ... ესენი სადაურები არიანო და ბოტკოველები - ანუ სოფელ ბოტკოდანო. ასე გახდა ჩვენი გვარი ბოტკოველი. სინამდვილეში, ისტორიულად საბაშვილები ვყოფილვართ.

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები კი კახეთში იყვნენ დაბადებულები - დედა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, მამა - თელავის რაიონის სოფელ რუისპირი. რუისპირიც იყალთოს გვერდითაა. თუმცა ძირითადად ბოტკოველები, როგორც ვთქვი, იყალთოში ცხოვრობენ.

განათლება

- თავიდან თბილისში მე-20 ქალთა სკოლაში ვსწავლობდი. მერე როცა ვაჟების და ქალების სკოლები შეაერთეს, მე-6 სკოლა გახდა და ის დავამთავრე. სკოლის შემდეგ ფრიადზე დავასრულე პოლიგრაფიული სასწავლებელი. უმაღლესი თანრიგი მივიღე და სხვადასხვა სტამბაში ლინოტიპისტად ვმუშაობდი. ლინოტიპი ასოთჩამომსხმელი მანქანა იყო.

''რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან ვმღეროდი''...

- პოლიგრაფიული სასწავლებელი ფურცელაძის ქუჩაზე იყო და სტამბაც იქვე გვქონდა. თან ვსწავლობდით და თან პრაქტიკას გავდიოდით. მერე უზნაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც კულტურის სახლიც გახლდათ. იქ ქართული ცეკვის ანსამბლში ირაკლი ხმალაძესთან დავდიოდი და ასევე საესტრადო ჯგუფიც ვიყავი... ერთ კონცერტში ვასწრებდი მემღერა კიდეც და მერე ქართული ცეკვის კაბა ჩამეცვა და მეცეკვა...

გზა პროფესიული სცენისკენ

- დიდ სცენაზე ყოველთვის მინდოდა სიმღერა და ფილარმონიის არტისტობა... იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი კომკავშირის მდივანი იყო. მის სანახავად მივდიოდი ხოლმე. 1963 წელს თურმე თენგიზ ჩანტლაძე მინიატიურების თეატრისთვის ჯგუფს კრებდა. ქალი მსახიობი (მოლაპარაკე მსახიობი) სჭირდებოდათ. იმ მეგობარს ჩემზე ჰკითხეს, - ეს გოგონა ხომ არ მღერისო? სიმღერაც იცის და ცეკვაცო. დამიბარეს. რაღაც ტექსტი წამაკითხეს, თენგიზ ჩანტლაძეს მოეწონა და იმ ჯგუფში ამიყვანეს. ისეთი კარგ მსახიობებს შევხვდი - იქ იყვნენ კაკო კვანტალიანი და საშო გომელაური. საერთოდ, მათი დუეტი ესტრადაზე ცნობილი იყო. თან კაკო კვანტალიანი ჩანტლაძის იმ ჯგუფში რეჟისორიც გახლდათ. ჯგუფს ერქვა მინიატიურების თეატრი „მხოლოდ სიცილით“. ერთ თვეში გასტროლებზე დასავლეთ საქართველოში წავედით. მთელი თვე ძალიან კარგად ვიმუშავეთ. თითქმის დასავლეთი საქართველო მოვიარეთ. საინტერესო იყო იმ ჯგუფში ყოფნა, მაგრამ სიმღერა უფრო მიზიდავდა...

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი

- არჩილი ადრე ედუარდ სეფაშვილთან მღეროდა, მერე ინსტიტუტში პრობლემები შეექმნა, გამოცდები უნდა ჩაებარებინა, რომ დაემთავრებინა და იმ პერიოდში აღარ მღეროდა. "გეპეი" დაამთავრა და ჩემი მეგობრის მეშვეობით, ფილარმონიაში გავიცანი. მოდი, სიმღერები გავაკეთოთო და მესამე წევრად ომარ ჭანტურია ავიყვანეთ და ტრიო შევქმენით... ფილარმონიის ხელმძღვანელობასთან ატესტაცია გავიარეთ და სახალხო არტისტის, დიდი მსახიობის ოლღა დოლიძის ჯგუფში ჩაგვრთეს. გასტროლებზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ ომარ ჭანტურია საპატიო მიზეზით ვერ წამოვიდა. დავრჩით ორნი და სიმღერები დუეტში გავაკეთეთ. 6 თვით გასტროლებზე რუსეთში გავემგზავრეთ და ჩვენი შეუღლებაც იქ მოხდა. გასტროლებიდან უკვე დაოჯახებულები ჩამოვედით. მანამდე არჩილის სახლში რეპეტიციებს ვატარებდით, მის მშობლებს ვიცნობდი, ჩემი რძლობა ძალიან უნდოდათ... მოკლედ, მე და არჩილი ასე შევრჩით ერთმანეთს 17 წელი. მერე კი გავშორდით.

ცხოვრება მეუღლესთან დაშორების შემდეგ

არჩილი ძალიან სიმპათიური იყო, კარგად უკრავდა და მღეროდა. სცენაზე ორივე კარგად ვჩანდით, ერთმანეთს ვუხდებოდით... თუმცა ეჭვიანი კაცი იყო, რაც ძალიან მაღიზიანებდა, სულ ერთად ვიყავით. მის გარეშე ქუჩაში ფეხი არ გამიდგამს... დაშორების შემდეგ ერთად აღარ ვმღეროდით, ედუარდ სეფაშვილის ჯგუფში წავედი. ბიჭების კვარტეტი ჰქონდა და მეხუთე ქალი მე ვიყავი. 8 წელი იქ ვიმუშავე. მერე დუეტში ასევე ნანა ბელქანიასთან ერთადაც ვმღეროდი.

1995 წელს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა სახლში სამუშაოდ მიმიწვიეს. მარტო სიმღერა კი შემეძლო, მაგრამ რადგან დუეტად გვიცნობდნენ, არჩილიც მივიყვანეთ, სადაც 5 წელი ვიმუშავეთ. პოლიგონებზე და სად აღარ დავდიოდით საქართველოს მასშტაბით. ქართველ ჯარს კონცერტებს ვუმართავდით... 2000 წელს ის ოფიცერთა სახლი გააუქმეს... მოგვიანებით მე, გურამ ბალარჯიშვილმა და ედუარდ სეფაშვილის ერთ-ერთმა პარტნიორმა, მერაბ იმნაძემ ტრიო შევქმენით და რესტორნებში ვმღეროდით. 2012 წელს კი რესტორანში სიმღერას თავი დავანებე.

ფილმი "რერო მასპინძლობს"

- კონსტანტინე პევზნერმა, „რეროს“ ხელმძღვანელმა გვითხრა, - ძალიან გაქებენ და მართლა კარგად მღერით, ძალიან შერწყმული ხმები გაქვთ, ამიტომ გვინდა, „რეროში“ მოხვიდეთო. გაგვიხარდა, რადგან ცნობილი ორკესტრი იყო. მიგვიღეს და გასტროლებზეც წავედით - საბჭოთა კავშირის დიდი ქალაქები მოვიარეთ. ამ ორკესტრის წევრები 1970-1973 წლებში ვიყავით. ფილმიც „რერო მასპინძლობს“ მაშინ გადაიღეს, რომელიც მოსკოვის ტელევიზიის დაკვეთით მოხდა. რეჟისორს უთქვამს, ეს გოგო კადრში ხშირად აჩვენეთო. ამიტომ ფილმში ბევრ სიმღერას ვასრულებთ, მათ შორის, იმ ცნობილ „ინდურსაც“. თუმცა მას მანამდე მე და აჩიკო გიტარების თანხლებით ვმღეროდით. კონსტანტინე პევზნერმა რომ მოისმინა, ორკესტრისთვისაც გავაკეთოთო. მთლიან კონცერტში მართლა საუკეთესო ნომერი გამოვიდა... „რეროში“ საყვირზე დამკვრელი გვყავდა, ნიჭიერი ბიჭი და მან ზუსტი არანჟირება გააკეთა. ეს იყო სიმღერა ფილმიდან „ბატონი 420“.

"კართან მოდგა შემოდგომა"...

- ეს ოთარ თევდორაძის სიმღერაა, ტექსტი ვახტანგ გოგოლაშვილს ეკუთვნის. ძალიან პოპულარული იყო თავიდანვე და დღესაც ძალიან უყვართ. ბევრი მღერის. ოთარ თევდორაძე ფილარმონიის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ჩვენი დუეტი ძალიან მოსწონდა - ხმები კარგად ერწყმისო. ამიტომ, მინდა, ჩემი ერთი ლამაზი სიმღერა, რომელსაც ასევე კარგი ტექსტი აქვს, თქვენ იმღეროთო. თვითონვე დაგვიჯდა, დაგვიკრა და ეს სიმღერა ერთად გავაკეთეთ, მერე „მელოდიაშიც“ ჩავწერეთ. კონცერტებზე ვმღეროდით, ხალხმა შეიყვარა, ბატონი ოთარი კი გვეუბნებოდა - ეს სიმღერა ძალიან უყვარს „პირველსო“. გვარს არ ამბობდა, თუმცა შევარდნაძეს გულისხმობდა... მთავრობის ღონისძიებები ხშირად გვეძახდნენ... ჩვენთან მუშაობდნენ ასევე კომპოზიტორები - შოთა მილორავა, ვაჟა დურგლიშვილი, ნოდარ გიგაური...

- თქვენი და ბატონი არჩილის ვარსკვლავი არ გაუხსნიათ, ხომ?

- არა. რად მინდა ვარსკვლავი?! 4-ჯერ წარგვადგინეს დამსახურებული არტისტის წოდებაზე და არც ერთხელ არ მოგვცეს. არც დამსახურებული და არც სახალხო არტისტის წოდება არ მოუციათ. არადა, სახალხოები მართლა ვიყავით. ხალხს ძალიან ვუყვარდით, კონცერტებზე ჩვენზე დიდი მოთხოვნა იყო... პრეტენზია არასდროს არაფერზე გამოგვიხატავს და არავინ შეგვიწუხებია... არც ვარსკვლავზე მაქვს პრეტენზია.

შვილები

- მე და არჩილს 2 შვილი შეგვეძინა. უფროსი ქალიშვილია, მომდევნო - ვაჟი. ჩემი ვაჟი წლებია ტულაში ცხოვრობს და მუშაობს, ოჯახი ჰყავდა, მაგრამ გაშორდა თავის ცოლს. ყოველ ზაფხულს ერთი თვე შვებულებით ჩამოდის ხოლმე. მე ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩემს ქალიშვილს მეუღლე გარდაეცვალა. შვილი არ ჰყოლიათ. ეგ არის, რომ ბებია ვერ გავხდი.

ყოფილი მეუღლე

ბოლო წლებში ბევრი ლანძღვა მივიღეთ იმის გამო, რომ არჩილი მძიმე მდგომარეობაში რომ იყო, ყურადღებას არ ვაქცევდით. შიმშილსა და მარტოობაში გარდაიცვალაო, ეს ტყუილია. ადამიანთან 35 წლის გაცილებული ვიყავი და ყურადღებას ისევ მე და ჩემი შვილი ვაქცევდით. არადა, ჩემს მერე სხვადასხვა დროს 2 ცოლი ჰყავდა და მერე მეგობარი ქალბატონიც, მაგრამ არავინ მიხედა. ალცჰაიმერის დაავადება დაემართა - ქუჩაში უაზროდ დადიოდა, ერთხელ დაიკარგა, კიბიდან გადმოვარდა, მანქანაც დაეჯახა. საავადმყოფოში მე და ჩემმა ქალიშვილმა მივხედეთ, საჭმელიც ჩვენ მიგვქონდა, საავადმყოფოდან ჩვენ გამოვიყვანეთ. მივდიოდით, სახლსაც ვულაგებდით, მასაც ვუვლიდით.

არჩილ ჩიხლაძე სიცოცხლის ბოლო წლებში

მერე ალცაჰიმერის დაავადება მეტად რომ გაუმწვავდა, პანსიონატში წავიყვანეთ. ყურადღებას არ ვაკლებდი ჩემი შვილების და ჩვენი ადრინდელი წლების ხათრით. იმ პანსიონატიდან რომ არ გაქცეულიყო, კარს უკეტავდნენ. რა სალაპარაკოა, მაგრამ, იმ მდგომარეობაში მყოფი რამდენჯერმე, ხინკალი უყვარდა და სახინკლეშიც კი დაგვყავდა. პანსიონატშიც პროდუქტებით დატვირთული მივდიოდით, ჩვენი მისვლა სხვა მოხუცებსაც უხაროდათ... გიტარები მივუტანეთ, თემურ წიკლაურმაც მიუტანა ერთი გიტარა, სუყველა გააფუჭა, რადგან ასეთია ეს დაავადება... მერე ავად გახდა, გაცივდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 2017 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა.

ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ მიხედეს. ჭირისუფლადაც მე და ჩემი შვილი ვისხედით. მისი არცერთი ყოფილი ცოლი იქ არ მოსულა... ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი წელი მქონდა და ტკივილიც მივიღე, მაგრამ უმადური არ ვარ, ბედნიერი ვარ, რომ კარგი შვილები მყავს. საბოლოოდ განვლილი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. რაც მქონდა და რაც მაქვს, ყველაფერი მაკმაყოფილებს. არც მდიდარი არ ვარ, მაგრამ არც არაფერი მაკლია.