ავტორი:

ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე: მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს - "2005 წლის ჩვენებაზე მან საზოგადოება შოკში ჩააგდო"

ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე: მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს - "2005 წლის ჩვენებაზე მან საზოგადოება შოკში ჩააგდო"

ქართველი მოდელების წარმატება უცხოეთში მედიას ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება. მაგალითად, ბოლო თვეებია ხშირად ვწერთ მატილდა გვარლიანზე, რომელიც ამჟამად ყველაზე წარმატებული მოდელია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ის 2024 წლის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.

სოციალურ ქსელში გაიმართა დისკუსია, რომ რეალურად პირველი ქართველი მოდელი, რომელიც რუსული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა 2015 წელს, ქართული წარმოშობის მოდელი ქრისტინა ცირეკიძეა.

თაკო ჩხეიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქრისტინა ცირეკიძის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ნებისმიერი ქართველის წარმატება გაუხარდება. თაკომ გაიხსენა ასევე წარმატებული ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული, რომელიც მისი სამოდელო სტუდიიდან გახლავთ, გოგონა 2021 წელს მოდის ცნობილი ჟურნალის, ELLE-ს იტალიური გამოცემის გარეკანზე მოხვდა.

ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე

მასზე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება რთულია. დაიბადა 1983 წელს, წარმოშობით ქართველია, თუმცა საქართველოში არასდროს უცხოვრია. მამა - გენადი ცირეკიძე წარმოშობით ტყიბულიდანაა, ხოლო დედა - ანტონინა ცირეკიძე კი უკრაინიდან.

გოგონა თავდაპირველად უკრაინაში ცხოვრობდა დედასთან ერთად, შემდეგ კი მამასთან გადავიდა მოსკოვში.

"ჩემი ერთადერთი, არასოდეს წყვეტს ჩემს გაოცებას“ - წერს მამაზე მოდელი და მასთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ქრისტინამ სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველად კასტინგზე მოსკოვში მივიდა, ზუსტად ორ კვირაში, პარიზში გაემგზავრა და მოდელობის პარალელურად სკოლაც იქ დაამთავრა.

მამა თავდაპირველად შვილის მოდელობის წინააღმდეგი იყო, თუმცა გოგონას ისეთი თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად, რომ მისი სამოდელო კარიერის აწყობაში თითქმის მთელი ოჯახი ჩაერთო.

ქრისტინა დასთან ერთად

მოდელის დედა კი მოსკოვში ცნობილი ვიზაჟისტია. ხოლო და დიანა ცირეკიძე პოპულარული როკ-ჯგუფის Prinzessa Avenue წევრია, სადაც მღერის და უკრავს გიტარაზე.

ლუი ვიტონი, ჯონ გალიანო, ივ სენ ლორანი - ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც ქართველი მოდელი თანამშრომლობდა.

რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ის დაოჯახებულია. მომავალი მეუღლე, იტალიელი ბიზნესმენი მილანი-პარიზის რეისზე გაიცნო და ორ წელიწადში დაქორწინდნენ. ქრისტინა ამჟამად პარიზში ცხოვრობს, თუმცა სოციალურ ქსელში არ იძებნება მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ.

2005 წელს ქრისტინა ცირეკიძემ Dsquared-ის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც მწვანე კაბით პოდიუმზე გამოსვლისას მოულოდნელად უკანალი გამოაჩინა.

მიუხედავად პარიზში ცხოვრებისა, ის პერიოდულად ჩადის მოსკოვში და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს. ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც მოსკოვის ცენტრში აქვს გადაღებული, წერს:

- სამშობლოში დავბრუნდი, რა მომხიბლავი ქალაქია, ვამაყობ, რომ ჩემს სახლს ვუწოდებ. ყოველთვის იცვლება და ახალ ფორმებს იღებს, მაგრამ მაინც რჩება ყველაზე შთამბეჭდავი და თავმდაბალი წითელი მოედნიდან მის ბუნებამდე, ახალი კულტურის სივრცეებამდე და, რა თქმა უნდა, მეტროსადგურები... არასოდეს არის საკმარისი...“

სავარაუდოდ, ცირეკიძე ქართულად საუბრობს. ერთ-ერთ ბოლო ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ქართველი გამომწერის მიერ დაწერილ კომენტარს ქართულად უპასუხა.