ავტორი:

"ჩემი პერსონალი შეეწირა ომს, მომიწია რესტორნების დახურვა... მეოთხედ ვიწყებ ნულიდან ყველაფერს" - უკრაინაში წარმატებული ქართველი შეფმზარეულის ისტორია

"ჩემი პერსონალი შეეწირა ომს, მომიწია რესტორნების დახურვა... მეოთხედ ვიწყებ ნულიდან ყველაფერს" - უკრაინაში წარმატებული ქართველი შეფმზარეულის ისტორია

შარშან 25 წლის ქართველი თემო ფარცვანია უკრაინის 120 შეფმზარეულის ტოპ სიაში აღმოჩნდა... იგი შარშან AMBEBI.GE-ს მკითხველმა უკრაინის წარმატებული შეფმზარეულობით და პირადი ტრაგედიით გაიცნო...

2014 წლის 31 დეკემბრის ღამეს, ახალი წელი რომ მოდიოდა, სახლში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც, უახლოესი ადამიანები - მამიდა და ბებია დაიღუპნენ, დედა კი ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო. ღვთის წყალობით დედა გადარჩა, სახლი მთლიანად დაიწვა...

თემო ფარცვანიამ ერთი წლის წინ უკრაინა და აწყობილი საქმე დატოვა, ახლახან კი ისევ დაბრუნდა... თუ როგორი იყო მისთვის განვლილი წელი და როგორ იწყებს უკრაინაში ისევ ყველაფერს თავიდან, ამის შესახებ თავად გვიამბობს...

- ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც უკრაინიდან წასვლა გადავწყვიტე, ეს არის ომი. ომის შემდეგ ოთხი თვე გავატარე უკრაინაში, მძიმე თვეები იყო! ყველა შოკში ვიყავით, ვოცნებობდით და ველოდით ომის დღედღეზე დამთავრებას... ჩემი ბევრი პერსონალი შეეწირა ამ ომს, გახსენებაც მიმძიმს... საკუთარი რესტორნის და 3 კვების ობიექტის, სთრით ფუდის დახურვა მომიწია. 50 მდე პერსონალი გვყავდა... აგრეთვე ვიყავი 7 რესტორნის ბრენდ შეფი სხვადასხვა ქალაქებში...

- ეს ფინანსურად ან ფსიქოლოგიურად ურთულესი გადასატანი არ იყო?

- თითქოს მივეჩვიე ნულიდან ცხოვრების დაწყებას! ახლა მეოთხეჯერ ვიწყებ..

- ამ ერთი წლის მანძილზე სად სცადეთ, იგივე საქმე გაგეგრძელებინათ?

- ვიყავი საქართველოში, ხორვატიაში, ისრაელში, ყაზახეთში, თურქეთში, ავსტრიაში, იტალიაში... აქედან ყველაზე მეტი დრო ხორვატიაში შევყოვნდი, ქალაქ სპლიტში თითქმის 8 თვე გავატარე. კონტრაქტი მქონდა, რომ გამეხსნა ქართულ-ევროპული რესტორანი. გახსნის შემდეგ კიდევ ორი თვე დავყავი და წამოვედი... ქალაქი სპლიტი კურორტული ქალაქია და მანდ მარტო ზაფხულშია სარესტორნო ბიზნესი მოთხოვნადი... ხორვატიამდე საქართველოშიც ვმუშაობდი რამდენიმე თვე, კერძოდ ბათუმში, ჩემი მეგობრის რესტორანში. საქართველოში ძალიან მინდოდა დარჩენა, მაგრამ ფეხი ვერ მოვიკიდე! სამსახური ვერ მოვძებნე... ალბათ როცა არ მუშაობ საქართველოში, ნდობის ფაქტორი არ აქვთ და თავს მარიდებდნენ. ისევ წასვლა გადავწვიტე.

იყო პროექტი საქართველოში, რის გამოც წავედი ისრაელში, რომ მათი სამზარეულო შემესწავლა და გაგვეხსნა კვების ობიექტი თბილისში. ისრაელში ჩავედი, ვისწავლე და დავბრუნდი უკან, მაგრამ პროექტი ჩაიშალა და მაგის მერე უკვე მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა. შემდეგ იყო ყაზახეთი. მანდ ორი თვე გავატარე. ხუთი ქართული რესტორნის ბრენდშეფობა შემომთავაზეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ უარი განვაცხადე... ყაზახეთში ძალიან დიდი დოზით ტარდება რუსული პოლიტიკა და უბრალოდ, ვერ ავიტანე...

მარტო ანაზღაურებაზე არ არის საუბარი! შენს ირგვლივ თუ კარგი აურა არ არის, უბრალოდ, ვერ იმუშავებ, ვერ შექმნი იმას, რაც გინდა! ანაზღაურებაზე არასდროს არ მქონია არსად პრობლემა საქართველოს გარდა. საქართველოში ძალიან ძალიან ცოტას იხდიან..

- საქართველოს შემდეგ სად გადახვედით?

- შემდეგ სამი თვე ვენაში რესტორნის რებრენდინგზე ვიყავი, შემდეგ ხორვატია, მანამდე კი იყო თურქეთი, ალანია რესტორნის რებრენდინგი, სადაც სულ რაღაც 10 დღე ვიყავი... იტალიაში კი სამოგზაუროდ წავედი და ცოტა დავისვენე...

- თქვენი გამოცდილებით და რეპუტაციით უკრაინაში ისევ მალე ააწყობთ ყველაფერს...

- იმედია, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ... ბავშვობაში რომ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო, მთლად მასეც არ არის, სამწუხაროდ... ისევ უკრაინაში წამოვედი, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ყველა ქალაქში მიცნობენ, უფრო ბევრი მეგობარი მყავს, ვიდრე საქართველოში, სამწუხაროდ... ამჟამად ვიმყოფები უსაფრთხო ადგილას, სადაც ომი არ არის. აქ მიცნობენ ისე, როგორც ჩემი საქმის პროფესიონალს.

- რომელი ქალაქია?

- ქალაქი ბუქაველი... ჩამოსვლის დღიდან მეორე დღესვე დავიწყე ჩემი საქმე და ახლა ხუთ რესტორანში ბრენდ შეფი ვარ... ერთი რესტორანი ბუქაველში და ოთხი ტერნოპოლში... კიდევ მაქვს რამდენიმე რესტორნიდან შემოთავაზება, მაგრამ დრო აღარ მრჩება.

- ამდენს როგორ ასწრებთ, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი დილა იწყება დილის შვიდ საათზე ფინჯანი ყავით... რვა საათზე უკვე სამსახურში უნდა ვიყო. ცხრა საათამდე შემოვლა მაქვს და ათზე დღის გეგმას ვადგენთ. მთელი დღე ვმუშაობ ღამის ათ ან თერთმეტ საათამდე...ზოგჯერ ვიკრიბებით მონატრებული მეგობრები და ვსაუბრობთ, ერთად ვისვენებთ...

- რესტორნებში ქართული კერძები თუ გაქვთ?

- ამჟამად ვმუშაობ უკრაინულ კერძებზე, თვის ბოლოს უკვე მექნება ქართული კერძები. უკრაინაში ქართულ სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობენ. აქ ქართული ტოპ 3 სამზარეულოში შედის. რესტორნებში მაქვს როგორც კლასიკური ქართული სამზარეულო, ისე საავტორო სამზარეულოც. ხაჭაპური და ხინკალი, რა თქმა უნდა, გამორჩეულია ყოველთვის.

- ქვეყანაში, სადაც დღემდე ომია, ასე მალე აეწყვეთ და საქართველოში პერსპექტივა ვერ ნახეთ?

- სამწუხაროდ, ვერა...ზოგჯერ უცხო ქვეყანა უფრო ახლობელი ხდება, ვიდრე საკუთარი.