24 წლის დენალი ბრემერი მეგობრის, 19 წლის სინტია ჰოფმანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. პოლიციის განცხადებით, ბრემერმა მეგობრის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უცნობმა მამაკაცმა მკვლელობის ვიდეოს სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი შესთავაზა. დანაშაული 2019 წელს მოხდა.
19 წლის ჰოფმანის ცხედარი ალასკაზე, მდინარე ეკლუტნას ნაპირზე იპოვეს. გოგონა თავში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრემენი ონლაინ ეურთიერთებოდა მამაკაცს, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანზასელი მილიონერი იყო და გოგონას ვიღაცის მოკვლისა და დანაშაულის სურათებისა და ვიდეოების გაგზავნისთვის 9 მილიონ დოლარს სთავაზობდა. პოლიციამ მამაკაცის ვინაობის დადგენა შეძლო - როგორც გაირკვა, ის 21 წლის დარინ შილმილერია.
ჰოფმანის მამამ, ტიმოთიმ განაცხადა, რომ მის ქალიშვილს გონებრივი განვითარების შეფერხება ჰქონდა და ბრემერს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა.
"ჩემს ქალიშვილს, უბრალოდ, მეგობრობა სურდა, მათ ენდობოდა... ახლა კი ის უნდა დავმარხო", - თქვა მან სასამართლოში.
ბრემერი და შილმელირი პოლიციამ 2019 წლის 9 ივნისს დააკავა. სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს კეიდენ მაკინტოშს და 19 წლის კალებ ლეილანდს, ასევე კიდევ ორ არასრულწლოვანს, რომელთა ვინაობაც ასაკის გამო არ საჯაროვდება.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ შილმილერი ბრემერს ბავშვებზე ძალადობის ვიდეოების გაგზავნასაც სთხოვდა. აღმოჩნდა, რომ ბრემერმა ორ მცირეწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა და დანაშაულის ამსახველი ვიდეო მამაკაცს გაუგზავნა.
დენალი ბრემერისა და დარინ შილმილერის სასამართლო პროცესი 2023 წელს დასრულდა. მათ 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნები ამ დრომდე განაჩენის მოლოდინში არიან.