ავტორი:

"უცნაური ბედის აღმოჩნდა... "დინამოს" მეკარის ცოლი გახდა და თავი ოჯახს მიუძღვნაო" - ეკრანებიდან გამქრალი სილამაზე: როგორ მოხვდა განათლებით ბიოლოგი ხათუნა კოტრიკაძე ფილმებში?

"უცნაური ბედის აღმოჩნდა... "დინამოს" მეკარის ცოლი გახდა და თავი ოჯახს მიუძღვნაო" - ეკრანებიდან გამქრალი სილამაზე: როგორ მოხვდა განათლებით ბიოლოგი ხათუნა კოტრიკაძე ფილმებში?

15 თებერვალს 68 წლის ასაკში ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. პოპულარობა მის ცხოვრებაში მოულოდნელად, 15 წლის ასაკში მოვიდა, როცა ფილმში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გადაიღეს...

სულ სამ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავისი სილამაზით და გულწრფელობით თავი სამუდამოდ დაამახსოვრა, მაგრამ კინოდან მალევე ასევე მოულოდნელად გაქრა... არტისტობაზე უარი მეუღლის, ფეხბურთელ დავით გოგიას თხოვნით თქვა, თუმცა საჯაროობის მოყვარული თავადაც არ ყოფილა. თვალთახედვის არედან წლების განმავლობაში გაქრა, მაგრამ მაინც დარჩა - ასეთი ბედი ბევრს არ ჰქონია...

"პატარა კი ვიყავი, მაგრამ ჯერ სკოლის ფორმაში მახსოვს მისი ფოტოები, როლზე რომ დამტკიცდა ამ კაბაში. თემო ფეხბურთს მეთამაშებოდა, ხათუნა კი ადამიანად არ მთვლიდა. "მეთხუთმეტე გაზაფხული" - ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო და ხათუნა კოტრიკაძისთვის პირველი კინონამუშევარი" - დაწერა ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძემ, რომელიც ამის შემდეგ AMBEBI.GE-საც გაესაუბრა:

- ხათუნას დებიუტი კინოში ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული" შედგა. მასზე დიდხანს მუშაობდა, ის პერიოდი კარგად მახსოვს, რადგან მაშინ ერთად ვცხოვრობდით. კი, დიდხანს და ძალიან სკრუპულოზურად საქმიანობდა. საერთოდ, თავისი ფილმებისთვის სცენარს თვითონ წერდა, "რასკადროვკებს" ამ ფილმზე მხატვარ ბუდუ სირბილაძესთან ერთად აკეთებდა. მერე კი ყველა ფილმზე ვახო რურუა ყავდა... განსაკუთრებულად მიიჩნევდა გოგონას როლზე შერჩევის ამბავს. ძალიან ბევრი სინჯი იყო გაკეთებული, სახლი სავსე გვქონდა ლამაზი გოგოების ფოტოებით, რასაც მე დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი... ხათუნა იმ ფოტოებში და იმ გოგოებიდან გამორჩეულად ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, ეს არ დაგენახა და არ აღგენიშნა, რაც მთავარია, კინოგენურიც გახლდათ... გადაღებებზეც დავყვებოდი, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ პირდაღებული ვუყურებდი ხოლმე. ამასთან, ცოცხალი და აქტიურიც იყო... ასე რომ, ბიძაჩემმა ფილმისთვის ხათუნა აარჩია.

- გამოდის ბიძათქვენს აღმოუჩენია პირველად...

- კი, ბიძაჩემის აღმოჩენაა. მანამდე 1-ელ სკოლაში დადიოდა, სადაც იპოვა კიდეც... სკოლებში ფილმის გმირებს აქტიურად ეძებდა. ფილმში ძირითადად 1-ელი და 53-ელები მონაწილეობენ. ეს იყო 1971 წელი და მასში მონაწილე ახალგაზრდები 15-16 წლისები არიან. ფილმში ხათუნას პარტნიორი ბიჭი, თემურ გუგუშვილი იოლად იპოვეს... იმ ფოტოებიდან, რაც მაგიდაზე ეწყო, ხათუნა სკოლის ფორმაში მახსოვს... მერე გაზაფხული და ზაფხული რომ დადგა, ხათუნა კაბაში გამოჩნდა, საოცარი იყო...

მახსოვს, ბიძაჩემმა თქვა, ამ კაბაში გადავიღებო და მაგ ფილმში იმ კაბით გადაიღეს. ოპერატორი იურა მარტიროსოვი იყო... არის ასეთი ეპიზოდი, თემო ფეხბურთს თამაშობს და ხათუნა მაგ დროს ჩაივლის - მაგ ფეხბურთის სცენაში მეც ვიყავი, სხვებთან შედარებით პატარა გახლდით და მერე ამის გამო ჩემი კადრები ამოიღეს. კინოში იმ პირველი გამოჩენის შემდეგ ხათუნა კიდევ ორ ფილმში გადაიღეს - ლეილა გორდელაძის "მოიტაცეს თამარ ქალში", რომელიც პოპულარული გახდა და ლევან ხოტივარის „მხიარული რომანი“... მერე კი უცნაური ბედის აღმოჩნდა - ფეხბურთელის, თბილისის „დინამოს“ მეკარის, დავით გოგიას ცოლი გახდა, თავისი თავი ოჯახს მიუძღვნა და საერთოდ გაქრა. არანაირი კონტაქტი არ ჰქონია არც ბიძაჩემთან და არც არავისთან... გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა...

რამაზ გიორგობიანთან ერთად, "მხიარული რომანის" გადასაღებ მოედანზე

ლელა ოჩიაური, კინოკრიტიკოსი:

- ხათუნას შესახებ საერთოდ ძალიან ნაკლები ინფორმაციაა გავრცელებული. ჩემთვის ერთადერთი ისაა ცნობილი, რაც ადრეულ წლებში, მასზე რაღაც სტატიაში წავიკითხე. ეწერა, რომ სოფელ დიღომში ცხოვრობდა, რომ ქმრის მოთხოვნით უარი თქვა კინოში გადაღებაზე. მუდმივად სახლში იყო და იქ საქმიანობდა, რომ ფერმა ჰქონდა, ძროხებს უვლიდა... მამამისი ცნობილი ფეხბურთელი იყო, ბიძაც ფეხბურთელი ჰყავდა, ქმარიც "დინამოს" მეკარე... მახსოვს, ძმა ჰყავდა, რომელსაც ახალგაზრდობაში ვიცნობდი... ხათუნას ფილმებში მთავარი როლები აქვს შესრულებული. ლეილა გორდელაძის „მოიტაცეს თამარ ქალი“ მართლა ძალიან პოპულარული ფილმია და ასევე ლევან ხოტივარის "მხიარული რომანი". იმ პერიოდისთვის, გასული საუკუნის 70-იან წლებში ასეთი ტიპის, ჟანრის ფილმები, მსგავსი მუსიკალური კომედიები, მელოდრამატული ელფერით პოპულარული იყო.

"სამაყურებლო" ფილმები გახლდათ, თან ისინი ერთმანეთს მიჰყვა... ხათუნას გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, არ იყო მხოლოდ ლამაზი, ლამაზი გოგოები მაშინაც იყვნენ, დღესაც არიან, მაგრამ მას კიდევ რაღაც სხვა რამ ჰქონდა - გამორჩეული ფაქტურა, ჟღალი თმა, ჭორფლი, ლამაზი ტუჩები, თვალები, მომხიბვლელი გამოხედვა. ასევე ჩანდა, რომ ძალიან დადებითი ადამიანი იყო. მაყურებელი ასე აღვიქვამდით... ამ ფილმების შემდეგ კინოდან მალევე გაქრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვისაც ის ფილმები ნანახი აქვს, ხათუნა დღესაც ყველას ახსოვს... მერე მასზე ამ ნამუშევრებიდან, მისი გარეგნობიდან და საზოგადოებისთვის დახურული პირადი სივრცის გამო რაღაც ლეგენდის მსგავსიც გაჩნდა...

ფილმის "მოიტაცეს თამარ ქალი" გადაღებისას

სხვათა შორის, განათლებით ბიოლოგი იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. "თეატრალურში" არც უსწავლია, მაგრამ ფაქტია, რომ ნიჭიერი ადამიანი იყო. ის როლები მხოლოდ სილამაზით არ შეუქმნია და ამიტომაც დაამახსოვრდა მაყურებელს. როლები გათავისებული ჰქონდა, დამაჯერებელი და გულწრფელი იყო.

სამსახიობო მონაცემები ჰქონდა. შინაგანადაც, ალბათ, საინტერესო ადამიანიც გახლდათ და მაყურებელს ამითაც იზიდავდა... მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით ძალიან მაღალი კლასის მსახიობები თამაშობდნენ, იგივე რამაზ გიორგობიანი, რომელიც საერთოდ იმ პერიოდში პოპულარობის პიკში იყო, იპოლიტე ხვიჩიაზე და სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამათ ფონზე, ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. მათაც არ დაჩრდილეს, - აქ სამსახიობო შესრულების ხარისხს ვგულისხმობ. არადა, როლის გაფუჭება შესაძლებელი იყო. მაგრამ, ეს ცენტრალური მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, მთავარ გმირად დარჩა...

შემდეგ შეიძლება კინოში გადაღება თავადაც აღარ მოისურვა, მაგრამ ფაქტია, რომ არაპროფესიონალ მსახიობს დიდი უნარები აღმოაჩნდა. ბევრი რამ, რა თქმა უნდა, რეჟისორების დამსახურებაა, მაგრამ თვითონ რომ არ ყოფილიყო იმ ენერგეტიკის მქონე, ალბათ ეს არ მოხდებოდა... ასეთი ჟანრის ფილმები დიდი არტის კატეგორიაში არ გადის, მაგრამ რაც ხდება ამ ფილმებში, ამ გოგომ ამისთვის ყველაფერი შეძლო... დღემდე ყველამ იცის, ვინ არის ხათუნა კოტრიკაძე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრიდან გაქრა. ყველას ახსოვს მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა, რაც შინაგანიდან განათებულ სილამაზე იყო... არასდროს რომ არ დაგავიწყდება, ისეთი ადამიანი წავიდა. საწყენია, რომ ასე ადრე გარდაიცვალა და საერთოდ კინოში მეტად აღარ გამოჩნდა, მაგრამ ეს იყო მისი არჩევანიც, ცხოვრებაც, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერავის განვსჯით. ამასთანავე, იყო მისი ბედისწერაც... ფილმების გარდა საერთოდ არსად მინახავს და ასევე მემახსოვრება, როგორც იმ გამოსახულებებშია...

შვილიშვილთან ერთად

თითქმის არც ერთ მედიასაშუალებას მისი ინტერვიუ არ მოეპოვება, მასზე სატელევიზიო გადაცემა, სიუჟეტი არ მომზადებულა. ამ ყველაფერზე თავად აცხადებდა უარს, რადგან პოპულარობა არ იზიდავდა და საჯაროდ გამოჩენაც არ უყვარდა. ფილმი "მხიარული რომანი" და მისი პერსონაჟი ეკა ხათუნა კოტრიკაძისთვის მართლაც სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. ინტერნეტ სივრცეში intermedia.ge-ზე მხოლოდ ერთადერთი სტატია "გოგონა „მხიარული რომანიდან“ არსებობს, სადაც ამ ფილმის გადაღების სხვადასხვა ეპიზოდს ხათუნა კოტრიკაძე იხსენებს (ოღონდ, მითითებული არ არის, სად, ვისთან და როდის არის ეს საუბარი ჩაწერილი)...

ცნობილია, რომ მას ამ კინოსურათში გადაღება დიდ ქართველ მსახიობთან იპოლიტე ხვიჩიასთან მოუწია და იპოლიტე ხვიჩიაზე სიყვარულით ჰყვება: "გადაღებების დროს ძალიან მანებივრებდნენ. ამ ფილმში ახალგაზრდები მხოლოდ მე და რამაზ გიორგობიანი ვიყავით. რამაზი ძალიან განათლებული, კეთილი, ნამდვილი ინტელიგენტი კაცი იყო. მასთან თამაში მსიამოვნებდა. დანარჩენები ცნობილი ასაკოვანი მსახიობები იყვნენ".

მეუღლესთან ერთად

"იღებდნენ სცენას, როდესაც იპოლიტე ხვიჩია სხვენზეა ასული ჩემს „საქმროსთან“ ერთად და ის თოკით აბამს. იმ დროს კი იპოლიტეს წყალს ასხამდნენ. ეს ეპიზოდი რამდენიმე დუბლით გადაიღეს. იპოლიტეს იმდენი წყალი შეასხეს, რომ ქვევით ჩამოვიდა და ჩვენც გავიწუწეთ...

ფილმში არის ასეთი სცენა - სოფელში მივდივართ და უცებ მანქანა გუბეში ვარდება. იპოლიტეს მხარეს მანქანის კარი დაკეტილი არ იყო, წყალში რომ უნდა შევსულიყავით, მძღოლმა მაგრად დაამუხრუჭა და იპოლიტე მანქანიდან გადმოგორდა. ამ ეპიზოდის გადაღებაზეც ბევრი ვიცინეთ. ქორწილის სცენა, სადაც იპოლიტე პისტოლეტს იღებს და ტყვიას თავში იხლის, ყველაზე სასაცილო იყო. ამ ეპიზოდის გადაღების დროს ყველას სიცილი უტყდებოდა, ვეღარ ჩერდებოდნენ და ყველაფრის თავიდან გადაღება გვიწევდა".

იქვე ჰყვება იმას, რომ ფილმის "მოიტაცეს თამარ ქალი" გადაღებები თურმე მის დაბადების დღეს დამთხვევია. შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მსახიობისთვის გრანდიოზული დაბადების დღე მოეწყო და დაუვიწყარი დღესასწაული უჩუქებინა: "ის დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება. გია ავალიშვილი ფილმში ჩემს შეყვარებულს თამაშობდა და საოცრად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. სიმღერები და სასიამოვნო მელოდიები არც დაბადების დღეზე მომაკლო. ფილმს სამეგრელოში ვიღებდით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა კოღოები იყო, რომლებმაც ფოთში საშინლად დაგვტანჯეს".

მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა კოტრიკაძემ სამ ფილმში ითამაშა, კინოსამყაროთი არ მოიხიბლა:

"კინო ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. მისით ვერ მოვიხიბლე. ყველას უკვირდა, ამდენი იმუშავე კამერასთან, გადასაღებ მოედანზე, ასეთ მსახიობებთან და როგორ არ „მოიწამლეო“. არ ვიცი, ეკრანზე როგორი ვჩანვარ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. კინო სახალხო პროფესიაა, სულ ყურადღების ცენტრში გიწევს ყოფნა, რაც არ მიყვარს. როდესაც ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, ის გოგონა არ ხარ „მხიარულ რომანში“ რომ თამაშობსო, ვიტყუებოდი, არა-მეთქი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ ფაქტია, რომ პოპულარობა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.“

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამთქვამს ხათუნა კოტრიკაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, ასევე ქართველ მაყურებელს

ნახეთ ასევე:

"არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა, არც ფოტოების გადაღება..." - ხათუნა კოტრიკაძის იშვიათი ფოტოები