ავტორი:

აფრიკაში, წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ვირს კლავენ - მოსახლეობა კანონის შეცვლას ითხოვს

აფრიკაში, წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ვირს კლავენ - მოსახლეობა კანონის შეცვლას ითხოვს

აფრიკის ქვეყნებში ვირების მოპარვა, მათი დახოცვა და ტყავის გაყიდვა სულ უფრო ხშირდება. საქმე ისაა, რომ ამ ცხოველის ტყავს წამლის დასამზადებლად იყენებენ, რომელსაც ეჯიაო ჰქვია - ტრადიციული ჩინური სამკურნალო საშუალება, რომელიც მზადდება ვირის ტყავში არსებული ჟელატინით. ითვლება, რომ ამ წამალს გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.

ადრე ეჯიაოს მწარმოებლები იყენებდნენ ჩინეთში მოკლული ვირების ტყავს. მაგრამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ვირების რაოდენობა ქვეყანაში 11 მილიონიდან ორ მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, ჩინურმა კომპანიებმა პროდუქტის უცხო ქვეყნებში ძებნა დაიწყეს - ვირების სასაკლაოები შეიქმნა აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ნაწილებში.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია 2017 წლიდან ვირების დახოცვის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. მათ მონაცემებში ნათქვამია, რომ წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მინიმუმ 5,9 მილიონ ვირს კლავენ.

აფრიკაში, სადაც მსოფლიოს 53 მილიონი ვირის დაახლოებით ორი მესამედი ცხოვრობს, არსებობს რეგულაციები: ზოგიერთ ქვეყანაში ვირის ტყავის ექსპორტი ლეგალურია, ზოგიერთში კი უკანონო. მაგრამ ტყავზე მაღალი მოთხოვნა და ფასები ხელს უწყობს ქურდობას.

„2016-დან 2019 წლამდე, ჩვენი ვარაუდით, კენიის ვირების დაახლოებით ნახევარი დაიკლა [ტყავის ვაჭრობისთვის]“ - ამბობს სოლომონ ონიანგო, ვირების თავშესაფრის თანამშრომელი.

აფრიკაში ვირს ღარიბი სოფლების "ხერხემალს" უწოდებენ - მისი დახმარებით ადამიანები ერთი სოფლიდან მეორეში გადაადგილდებიან, გადააქვთ წყალი და საკვები. შესაბამისად, აუცილებელია მათი მოკვლისა და ექსპორტის აკრძალვა. განუსაზღვრელი აკრძალვის შესახებ წინადადება დღის წესრიგშია აფრიკის კავშირის სამიტზე, სადაც ყველა სახელმწიფო ლიდერი 17 და 18 თებერვალს იკრიბება.

წყარო: BBC