ავტორი:

"კვარა" და ნიცა "მეტროპოლიტანში": ფეხბურთის ვარსკვლავი ნეაპოლში ლევან კოღუაშვილის ფილმის ჩვენებას დაესწრო - როგორია იტალიური მედიის გამოხმაურება

"კვარა" და ნიცა "მეტროპოლიტანში": ფეხბურთის ვარსკვლავი ნეაპოლში ლევან კოღუაშვილის ფილმის ჩვენებას დაესწრო - როგორია იტალიური მედიის გამოხმაურება

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" 8 თებერვლიდან იტალიურ კინო გაქირავებაში გამოვიდა. ფილმი იტალიის სხვადასხვა ქალაქის 30 ეკრანზე იქნება ნაჩვენები. იტალიის რამდენიმე ქალაქში ფილმი თავად რეჟისორმა და ამერიკიდან ჩამოსულმა ქართველმა მსახიობებმა - ცუცა კაპანაძემ და ირმა გაჩეჩილაძემ წარადგინეს.

"მეოთხე ბრაიტონის" იტალიურ კინო გაქირავებაში გამოსვლა ფართოდ გააშუქეს წამყვანმა იტალიურმა გაზეთებმა და ტელეკომპანიებმა. "რაი უნოს" კინო განხილვაში ცნობილმა იტალიელმა კინოკრიტიკოსმა ვალერიო კაპრარამ "მეოთხე ბრაიტონი" გაქირავებაში მყოფ კვირის საუკეთესო ფილმად დაასახელა.

14 თებერვალს ფილმი აჩვენეს ნეაპოლის კინოთეატრ "მეტროპოლიტენში" და ამ ჩვენებას დაესწრო ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა და ნიცა "მეოთხე ბრაიტონის" პრემიერაზე

ამონარიდები პრესიდან კი ასეთია: "ლა რეპუბლიკა" - რომის, ტურინის, მილანის და ბოლონიის შემდეგ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი დაასრულებს თავის იტალიურ ტურნეს ნეაპოლში, სადაც 14 თებერვალს ნაჩვენები იქნება მისი მხატვრული ფილმი მეოთხე ბრაიტონი“.

"ილ მატინო" - "ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლის ვარსკვლავი დაესწრება ლევან კოღუაშვილის ფილმის ნეაპოლურ პრემიერას 14 თებერვალს კინოთეატრ „მეტროპოლიტანში“.

"კორიერა დელა სერა" - "ერთდროულად ძლიერი და ტრაგიკომიკური "მეოთხე ბრაიტონი" არის ისტორია, რომელსაც ემოციურად ჰყვება კოღუაშვილი. მისი შთაგონების წყარო ჩვენი (იტალიური) ნეორეალიზმის ოსტატები და ვიტორიო დე სიკა არიან.

"მეოთხე ბრაიტონს" ტრაიბეკას კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი აქვს მოპოვებული. იგი ასევე იყო საქართველოს კანდიდატი ფილმი "ოსკარზე". ისვე როგორც მისი სადებიუტო ნამუშევარი "ქუჩის დღეები”, რომელიც ბევრი კრიტიკოსის შეფასებით თანამედროვე ახალი ქართული ტალღის დასაწყისი იყო.

დაუღალავი კოღუაშვილი ამჟამად ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობს - სახელწოდებით “გურია”, რომელიც დასავლეთ საქართველოში მყოფი რეგიონის დასახელებაა. ეს არის ისტორია რომელიც 1990-იან წლებში ვითარდება და ასახავს ხალხის ცხოვრებას, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს იუმორით და ნიჭიერებით უმკლავდებიან“.

"გლობალისტი" - "როგორი ძლიერია და ღრმა ნეორეალიზმის ფესვები ყველგან. ეს დაამოწმა ლევან კოღუაშვილმა, როდესაც წარადგინა თავისი ფილმი “მეოთხე ბრაიტონ“ რომის სინემა ტიციანოში. კოღუაშვილი გვიყვება თბილისიდან წასულ ემიგრანტებზე და ჩვენ იტალიელები ვპოულობთ საკუთარ თავს და ვუბრუნდებით ჩვენს დიდ ფილმებს, რომლებიც ასევე გვიყვებოდნენ კაცებსა და ქალებზე, რომლებიც იძულებულები არიან დატოვონ საკუთარი მიწა.

გუშინ ჩვენ ავდიოდით მატარებელზე, რომ წავსულიყავით მდიდარ ჩრდილოეთში, როგორც ეს ლუკინო ვისკონტის „როკო და მის ძმებშია“. დღეს სხვისი ჯერია, სხვა სამხრეთებიდან მიდიან, უდაბნოებისა და ზღვის გავლით, მიდიან ისე, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი თითქმის უხილავი ხდება. აპლოდისმენტები კომპანიის Invisible Carpets”, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ ლევან კოღუაშვილის ლამაზი ფილმი იტალიის გაქირავებაში გამოეშვა. ფილმის პრემიერას თვით სან-რემოს ფესტივალმაც ვერ შეუშალა ხელი".

ხვიჩა და ნიცა "მეოთხე ბრაიტონის" პრემიერაზე

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი“ იტალიის კინოგაქირავებაში გამოჩნდა. ფილმს იტალიის სხვადასხვა ქალაქში 30 ეკრანზე აჩვენებენ. რომში, ტურინში, მილანსა და ბოლონიაში ფილმს რეჟისორი პირადად წარუდგენს მაყურებელს. მანამდე "მეოთხე ბრაიტონი" უკვე გამოსული იყო საფრანგეთის (50 ეკრანი), შვედეთის, ისრაელის, აშშ-ისა და ბულგარეთის კინოგაქირავებაში.

ფილმის იტალიელი დისტრიბუტორია Invisible Carpets-ი. ფილმი "მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერია საქართველოს "პირველი არხი", აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოდან "ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. ნამუშევარს უკვე მრავალი პრიზი აქვს აღებული.