ავტორი:

"ჩემმა ძმამ მჯდომარე მდგომარეობაში მხოლოდ 7 წუთი გაძლო... გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა კიდურები პარალიზებულია" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

"ჩემმა ძმამ მჯდომარე მდგომარეობაში მხოლოდ 7 წუთი გაძლო... გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა კიდურები პარალიზებულია" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

ციხიდან გათავისუფლებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, სასულიერო პირმა გუშინ ეტლში, მჯდომარე მდგომარეობაში მხოლოდ 7 წუთი გაძლო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამალაძე განმარტავს, ხვალიდან სასულიერო პირის მკურნალობის ახალ ეტაპს იწყებენ, რათა მან ეტლში ჯდომა შეძლოს, რის შემდეგაც უკვე მკურნალობისთვის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და თურქეთიდან ერთ-ერთ კლინიკას აარჩევენ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, პარალიზებულ მდგომარეობაშია. მეორე დღეა, გათავისუფლებულია და მაქსიმალურად ცდილობს ბავშვებთან ურთიერთობას, ჯერჯერობით, ისევ მწოლიარე მდგომარეობაში აგრძელებს ყოფნას. გუშინ ეტლში გადმოვსვი და 7 წუთი შეძლო ჯდომა. ხვალიდან პირველ ეტაპს - მასაჟების პროცედურას იწყებს, რათა მინიმუმ, ეტლში ჩასმა შევძლოთ, რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს. კლინიკების აქტიური ძიების პროცესში ვართ. სადაც საუკეთესო ვარიანტს შემოგვთავაზებენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს სიარული, იმ კლინიკას ავირჩევთ და მკურნალობას დავიწყებთ. მონახაზი გვაქვს, საუბარია 3 ქვეყანაზე - საფრანგეთზე, გერმანიაზე, თურქეთზე. ამ სამი ვარიანტიდან საუკეთესოს ავარჩევთ და უახლოეს პერიოდში გადავიყვანთ სამკურნალოდ. ახლა მთავარია, ეტლში ჯდომა შეძლოს, შემდეგ უკვე სამკურნალოდ გადავიყვანთ.

ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, ვარაუდებია - ინსულტი, ნერვიულობა და ა.შ. ზუსტ დიაგნოზს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაუსვამენ. ფაქტი ისაა, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა კიდურები პარალიზებულია, კუნთების ატროფია აქვს დაწყებული, ამიტომ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს“, - აცხადებს მამალაძე.

კითხვაზე, თუ ვინ ეკონტაქტება სასულიერო პირებიდან გიორგი მამალაძეს და არის თუ არა მათ შორის მეუფე იაკობიც, თორნიკე მამალაძე პასუხობს, რომ „მეუფე იაკობს არ დაურეკავს“.

„გათავისუფლების მეორე დღიდან, მაღალი იერარქიის პირები სისტემატურად ურეკავდნენ და ულოცავდნენ, ფიზიკურად მოსვლისგან თავს იკავებენ, რადგან ჩემ ძმას ოჯახის წევრები 7 წელია არ უნახავს და არ გვაწუხებენ. ჩემ ძმას და ოჯახს ერთმანეთისთვის ბევრი სათქმელი აქვთ, ამიტომ მოსვლისგან თავს იკავებენ.

ყოველდღიურად რეკავენ მაღალი იერარქიიდანაც, მათ შორის, ისინიც, რომლებიც აქამდე საერთოდ არ იღებდნენ ხმას, ასევე ისინიც, ვინც პირდაპირ, თუ ირიბად, ჩემი ძმის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ, ისინიც იწონებენ ჩემი ძმის გათავისუფლებას და ულოცავენ“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.

სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.