ავტორი:

"მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი..." - დიადი ფალავნის გამარჯვებები, დიდი ტრაგედია და გზა ტატამიდან გადასაღებ მოედნამდე

"მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი..." - დიადი ფალავნის გამარჯვებები, დიდი ტრაგედია და გზა ტატამიდან გადასაღებ მოედნამდე
  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ფალავნის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად სპორტულ სამყაროს

ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს სპორტსმენის ვაჟმა ბესო თედიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ლევან თედიაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

  • ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა.
  • არის ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1971, 1973, 1974).
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
  • ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

წარმატებული სპორტული ჯილდოების შემდეგ სიცოცხლის ბოლო წლებში ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა. ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი", რომელშიც თედიაშვილი მთავარ როლს ასრულებს, გასულ წელს კასაბლანკას საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მოიგო. კინოსურათი ორ კატეგორიაში, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში გახდა გამარჯვებული. შესაბამისად, ჯილდოები ლევან კოღუაშვილმა და დიდმა ქართველმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა მიიღეს.

კადრი ფილმიდან: "მეოთხე ბრაიტონი"

გთავაზობთ AMBEBI.GE-ს არქივში არსებულ მასალას, რომელიც გვიამბობს დიდი ფალავნის გამარჯვებებზე, პირად ტრაგედიასა და გზაზე ტატამიდან გადასაღებ მოედანზე:

60-იან წლებში, საგარეჯოელმა, მე-6 კლასელმა ლევან თედიაშვილმა, ცნობილი ქართველი ფალავნის არსენ მეკოკიშვილის ბიძაშვილის, ვანო მეკოკიშვილის ჭიდაობის სექციის კარები მორიდებით შეაღო. ბეჯით, ნიჭიერ, მოქნილსა და ფიზიკურად ძლიერ ბიჭს აშკარად დიდი პოტენციალი ჰქონდა. მეკოკიშვილმა პატარა ტალანტი მალევე შენიშნა და მისი პატარ-პატარა რეგიონალურ შეჯიბრებეზე გაყვანა დაიწყო, რასაც მოჰყვა პირველი გამარჯვებები. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კაკაბეთში ჩატარებული ჩემპიონატი, სადაც ლევანი ლეგენდარულმა ვახტანგ ბალავაძემ შენიშნა და 1966 წლიდან უკვე მან დაიწყო მომავალი ლეგენდის "გამოძერწვა“.

ბალავაძე არ იყო ერთადერთი, ვინც პატარა ლევანით აღფრთოვანდა. თავადაც დიდმა ფალავანმა არსენ მეკოკიშვილმა, პირდაპირი გაგებით, იგრძნო თედიაშვილის გენიალურობა. ლევანი მათი ურთიერთობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს:

"არსენ მეკოკიშვილმა ცეკა - ს პირველ მდივანთან, მჟავანაძესთან შემიყვანა და ეუბნება, - ეს ჩემი შემცვლელიაო. გულში ვიგინები, - ვაიმე, ეს რა ტყუილები სცოდნია - მეთქი... დამახასიათა მხეცად, ჩემპიონთა ჩემპიონად. ამ შეხვედრაზე სხვა ბიჭებსაც მოვუყევი, არავის სჯეროდა, რომ რეალური ისტორია იყო, მატყუარას მეძახდნენ".

თედიაშვილი ადრეული ასაკიდანვე ჭიდაობით შეპყრობილი ადამიანი იყო. კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ამ სპორტში მონაწილეობის მისაღებად კი არა, გამეფებისთვის იყო მოსული. საახალწლო არდადეგებზეც კი დარბაზში გარბოდა, სჯეროდა, რომ წარმატებას ასე დაიბედებდა.

დაიბედა კიდეც...

ჯერ იყო და ზედიზედ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული პირველობა, შემდეგ კი 1971 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. მაშინ პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე და რაღა თქმა უნდა, ოქროსთვის იბრძოლა და გაიმარჯვა. ლევანით იმდენად აღფრთოვანდნენ, რომ ბევრი ფიქრის გარეშე, საქართველოს 1971 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაც მიანიჭეს.

პეტერსონების რისხვა და ჩაშლილი რევანში

მსოფლიო ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ, 1972 წელს მიუნხენში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართა. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები სანუკვარ ჯილდოზე - ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ... თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თედიაშვილი იყო, რომელიც 82 კგ კატეგორიაში სოფიას ტრიუმფის გამეორებას აპირებდა. ლევანს 5 მოწინააღმდეგე შეხვდა, რომლებიც უპრობლემოდ დაჩაგრა, მათგან ერთ-ერთი კი ცნობილი ამერიკელი ჯონ პეტერსონი იყო, რომელიც ვერცხლს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ იმჟამად ჭიდაობის ქულების სისტემა განსხვავდებოდა და ფალავნები დაგროვებული ქულებით იგებდნენ ტურნირს. თედიაშვილმა კი იმდენი ქულა დააგროვა, რომ ოქროს მედალი შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა.

მეორე-მესამე ადგილებისთვის დაპირისპირებას, ვასილ იორგასა და ჯონ პეტერსონს შორის, ჩვენებური ტრიბუნებიდან უყურებდა და თან გერმანულ ლუდს სვამდა... აღსანიშნავია, რომ ერთი წონითი კატეგორიით ზემოთ, 90 კგ-ში ოქროს მედალი ჯონის ძმამ, ბენ (ბენჟამინ) პეტერსონმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლევანი არ იყო ერთადერთი ქართველი, რომელმაც მიუნხენში ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. ყველა დროის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა ვიქტორ სანეევმა ოლიმპიადაზე თავის მეორე ოქრო მოიპოვა და სიკვდილსაც გადაურჩა. (იხილეთ სტატია)

მომდევნო ოლიმპიადამდე ლევანმა ყველა გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მათ შორის სტამბოლის პირველობაზე, როცა ჭიდაობის ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდი დაამყარა - მოწინააღმდეგე სულ რაღაც 3 წამში დაამარცხა.

თედიაშვილის შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა. მოწინააღმდეგეებს მიწიერი ფიზიკური მომზადება და ნიჭი აღარ ჰყოფნიდათ. კაცმა არ იცოდა, რა უნდა დაეპირისპირებინათ ლევანისთვის. ლეგენდარული გერმანელი ჰორსტ შტოტტმეისტერი 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლევანს შეხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით (12:2) დამარცხდა. ინტერვიუში კი განაცხადა:

"ამ წონაში მსოფლიოში უძლიერესი ვარ, ნომერ პირველი. თედიაშვილს არ ვთვლი, მასთან გამარჯვება შეუძლებელია...“

ერთი წლის შემდეგ, 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა იმართებოდა. ლევანმა თამასა მორიგ ჯერზე ასწია და ამჯერად არა 82 კგ-ში, არამედ 90 კგ-ში გადაწყვიტა ასპარეზობა. ფინალამდე უპრობლემოდ გავიდა, იქ კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯონ პეტერსონის ძმა, ბენი ელოდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა 4 წლის წინ დამარცხებული ძმის გამო რევანში აეღო და თავის მეორე ოლიმპიური ოქრო მოეპოვებინა. უნდა ვაღიაროთ, ბენი გააფრთებულად იბრძოდა და ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა ჩვენებურს, თანაც დარბაზი მისი გულშემატკივრებით იყო სავსე, თუმცა, საბოლოოდ, თედიაშვილმა მაინც დაამარცხა და ვერცხლის გზას გაუყენა.

ოქროსთან ერთად, ლევანს კიდევ ერთი აღიარება ელოდა - ის მონრეალის ოლიმპიადის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.

"თანამედროვე სპორტსმენის ეტალონი, ყველაზე დიდი და სრულყოფილი“ - წერდა თედიაშვილზე "მონრეალ სთარი“, რომლის მიმომხილველმაც ლევანს "დიდი ტედი" შეარქვა.

ლევანმა შემდეგ წლებში კიდევ გამოიცვალა წონითი კატეგორია და ამჯერად 100 კგ-ში ევროპის საუკეთესო ფალავანი გახდა, ხოლო 1978 წელს მეხიკოში პირველად კარიერაში ვერცხლს დასჯერდა.

მოსკოვის ოლიმპიადის შესარჩევში კი ის მოხდა, რასაც ქართველი სპორტსმენები იმ პერიოდში უხვად აწყდებოდნენ - მასაც პოლიტიკამ გადაურბინა გზაზე... მოკლედ, რომ ვთქვათ, მესამე ოლიმპიადის საგზური თედიაშვილმა ვერ მოიპოვა. როგორც ცნობილი მოჭიდავე გურამ საღარაძე იხსენებდა, - ლევანს მიზანმიმართულად წააგებინეს ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის საჭირო ბრძოლა და ამით ხელი შეუშალეს მესამე ოლიმპიური ოქროს მოპოვებაშიო... ამის შემდეგ თედიაშვილმა კარიერა მალევე დაასრულა.

გაცილება დიდი სპორტიდან

"ჯარისკაცის მამა"

მამის ამპლუაში ლევანმა თავის შვილებს, ვახოსა და ბესოს ბავშვობიდან ჩაუნერგა მებრძოლის სულისკვეთება და აზიარა სპორტს. მისი მეუღლე ნანა მჭედლიშვილი იხსენებს:

"კარგი სროლა იცოდა სამივემ. ბიჭები პატარაობიდანვე სწავლობდნენ ცურვას, სროლას, ცხენით ჯირითს“.

მეუღლესთან ერთად

ასევე ადრეული ასაკიდან ასწავლიდა ერთმანეთის ძმურ გატანას, დაცვასა და ერთმანეთზე ზრუნვას. ბესო თედიაშვილი ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:

"მახსოვს, ნულ კლასში ვიყავი, სკოლაში ვიღაცამ წამომარტყა, მამაჩემთან მივედი, მოვუყევი, მითხრა, დაუძახე შენს ძმასო... დაგვაყენა ორივე და განგვიცხადა, - ხვალ ორივენი წახვალთ სკოლაში, ან მოაგვარებთ ამ ამბავს, ან გვარს გადაგიკეთებთ და იქნებით მჭედლიშვილებიო, ანუ დედის გვარზე გადაგიყვანთო... მახსოვს, სულ ამბობდა, არასოდეს მენახოს შვილები შეშინებულიო..."

შვილებთან ერთად

ლევანს წინ უდიდესი ტრაგედია ელოდა, ამბობენ, "ღმერთი ყველაზე რთულ გამოცდებს თავის საუკეთესო მებრძოლებს უწყობს..."

1993 წელს აფხაზეთის ომში ვახო მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ლევანიც ვერ გაჩერდებოდა, ისიც ფრონტის ხაზისკენ, შვილთან ერთად, გაემართა.

სექტემბერში ბაბუშერაში მტერმა თვითმფრინავი ააფეთქა. დაშავებულების და დაჭრილების გამოყვანა გახდა საჭირო. აეროპორტზე შეტევა გრძელდებოდა, სეპარატისტულმა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა არტილერია გამოიყენეს, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ერთ-ერთი ნაწილი 19 წლის ვახოს მოხვდა. ეს ყველაფერი მამის თვალწინ ხდებოდა, საავადმყოფოში სწორედ ლევანმა წაიყვანა, თუმცა სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, მამას შვილი ხელებში ჩააკვდა...

ლევან თედიაშვილი:

"როცა ვახტანგი აფხაზეთში გაემგზავრა, მეც ჩავჯექი თვითმფრინავში და მასთან ერთად წავედი. ჩემი შვილი ომში მიდიოდა და მე სახლში დავრჩებოდი?! მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ როცა ბაბუშერის აეროდრომი დაიბომბა და თვითმფრინავი აფეთქდა, ვერაფერი ვუშველე... საავადმყოფოში ჩემს ხელში დალია სული... მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას, ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი".

შვილის ტრაგედიამ მამაზე მძიმედ იმოქმედა. ჯანმრთელობა შეერყა, ცოტა ჩაიკეტა, მაგრამ არ გატყდა... ახლობლების თქმით, ის ჭიდაობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის კაცი იყო ყოველთვის - ხალისიანი და გულღია.

წუხს, - დღეს წესები ისე შეიცვალა, რომ ჭიდაობა აღარ არის ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც უწინ იყოო.

"ხარება და გოგია"

"ახლანდელ მსაჯებსაც ზედმეტი მოსდით ხოლმე. დღესაც გვყავს კარგი მოჭიდავეები, მაგრამ ქართველმა ფალავანმა გადაგდება თუ არ გააკეთა, გარე და შუა ფეხი, ცერული თუ არ გააკეთა, აღარ არის სანახაობრივი ჭიდაობა, დაგეძინება!.." - ამბობს დიდი ფალავანი.

  • ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა.
  • არის ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
  • საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1971, 1973, 1974).
  • 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებენ.
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
  • ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.