ავტორი:

ვინ არის ახალგაზრდა, ვინც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია Wizz Air-ს მიაწოდა?

ვინ არის ახალგაზრდა, ვინც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია Wizz Air-ს მიაწოდა?

"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სავარაუდო ავტორი 27 წლის გიორგი ზარნაძეა.

"ბრალდებულმა დუმილი დღეს პირველად სხდომათა დარბაზში, მოსამართლის წინაშე დაარღვია. მას თავის მართლება იმ ფოტოების გამო მოუწია, რომელიც გამოძიებამ ტელეფონში აღმოუჩინა. საუბარია ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ განსახორციელებელი რეისების ამსახველ ინფორმაციაზე, რომელიც დაკავებულს ჰქონდა შენახული.

საბრალდებო სკამზე მჯდომი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ინტერესების დამცველი კი, დღეს გიორგი ზარნაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსამართლეს 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და დაკავებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა. პროკურორი დღეს მოსამართლის იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ დანაშაული სწორედ გიორგი ზარნაძემ ჩაიდინა", - ვკითხულობთ ტელეკომპანიის ვებგვერდზე.

ზარი ქალაქ ქუთაისიდან უნგრეთში 14 თებერვალს განხორციელდა. ახალგაზრდა მამაკაცმა კომპანია Wizz Air-ის ქოლ ცენტრის თანამშრომელს შეტყობინება გადასცა - ინფორმაცია მათ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ავიაკომპანიამ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით მიფრინავდა, საწყის წერტილში დააბრუნა.

საქმეში სამართალდამცველები, კინოლოგები და გამნაღმველები ჩაერთნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 27 წლის გიორგი ზარნაძეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.