ავტორი:

"რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება - ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში" - პრეზიდენტი

"რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება - ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში" - პრეზიდენტი

"რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება - სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროაქტივთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

  • რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე დასავლელი პარტნიორების საპასუხო ქმედებების შეფასებისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სერიოზულობის გაკრიტიკება“.

"ჩემთვის ცოტა უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სერიოზულობის გაკრიტიკება. პირიქით, ვიტყოდი, რომ ამჯერად ძალიან შთამბეჭდავია სოლიდარობა. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ორი წლის შემდეგ სოლიდარობა არ ნელდება - ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ვინმეს უკან მოტოვების გარეშე, ევროპა ევროკავშირად დარჩა, იგივე ეხება საზოგადოებრივ აზრსაც. ეს ომია, რომელიც ორი წელია მიმდინარეობს და ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვყავს მხარდამჭერების უმრავლესობა. დიახ, მეტის საჭიროებაა, რადგან უკრაინისთვის აშკარად მეტი იარაღია საჭირო, მაგრამ ეს უფრო წარმოების საკითხია, ვიდრე მიწოდების სურვილის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: შეიცვალა თუ არა თქვენთვის საფრთხის აღქმა?- პრეზიდენტმა უპასუხა: "მთლიანობაში, სიტუაცია ვითარდება და რუსული საფრთხე არ შეცვლილა“.

"მათ, ვინც მხოლოდ დღეს აღმოაჩინა რუსული საფრთხე, შეიძლება იფიქრონ, რომ ის შეიცვალა ან გაიზარდა. სანამ რუსეთი ისეთივეა, როგორადაც ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით მას, ყოველთვის ასე იქნება, სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რბილი ადგილები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

კითხვაზე: როგორ მოვემზადოთ ევროპიდან აშშ-ს პოტენციური გამოთიშვისთვის? - საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: "მე უდიდესი ოპტიმისტი ვარ. როგორიც არ უნდა იყოს ახლა პოლიტიკური განცხადებები, მე უკვე ვთქვი, რომ ამერიკულ პოლიტიკაზე კომენტარს არ ვაკეთებ“.

"მაგრამ ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში ამერიკა მუდმივადაა, ამერიკა ვერ შეწყვეტს ჩართულობას, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც საკითხი უფრო მწვავდება. იზოლაციონიზმი მშვიდობიანი დროის არჩევანია კეთილდღეობისთვის, ახლა კი მეეჭვება, რომ ამერიკელი საზოგადოების, ან მთავრობის არჩევანი ნატოსგან გათიშვა იყოს. ევროპელი პარტნიორებიც ფხიზლდებიან იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ, რაც აქამდე საკმაოდ რთული იყო. ეს კრიზისი, როგორც აქამდე არსებული კრიზისების უმეტესობა, ევროკავშირისთვის კარგი გამოსაფხიზლებელი ნიშანი იქნება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.