ავტორი:

"ერთი შვილის მოკვლა მეორის გამო, არ შემეძლო..." - უიშვიათესი მოვლენა მედიცინაში: როგორ ცხოვრობენ 7 წლის დები, რომლებიც ევროპაში ერთადერთ მოზარდ სიამის ტყუპად ითვლებიან

"ერთი შვილის მოკვლა მეორის გამო, არ შემეძლო..." - უიშვიათესი მოვლენა მედიცინაში: როგორ ცხოვრობენ 7 წლის დები, რომლებიც  ევროპაში ერთადერთ მოზარდ სიამის ტყუპად ითვლებიან

2016 წელს სენეგალში დაბადებული მერიემის და ნდეიეს ექიმებმა ოჯახი გააფრთხილეს, რომ გოგონებს რამდენიმე დღის სიცოცხლე ეწერათ. ისინი ახლა 7 წლისანი არიან და მთელ ევროპაში ერთადერთ მოზარდ სიამის ტყუპად ითვლებიან. იმის მიუხედავად, რომ გოგონებს საკუთარი უნიკალური ხასიათები და განწყობები აქვთ, იმისთვის, რომ იცოცხლონ, ერთმანეთზე არიან დამოკიდებული.

მერიემის და ნდეიეს მამა, იბრაჰიმა აცხადებს, რომ ის დღევანდელი დღით ცხოვრობს: "როცა თავიდანვე გეუბნებიან, რომ იმედი არ არსებობს, უკვე აწმყოთი ცხოვრებას იწყებ".

  • სიამის ტყუპის დაბადების ფენომენი საკმაოდ იშვიათია და დაახლოებით 189 000 დაბადებულიდან 1 გვხვდება ასეთი. სიამის ტყუპი ბავშვების დაახლოებით ნახევარი გარდაცვლილი იბადება, მესამედი კი დაბადებიდან 24 საათში იღუპება.

ასე რომ, მერიემის და ნდეიეს მეშვიდე დაბადების დღის აღნიშვნა არა მხოლოდ გოგონების მამას, არამედ იმ ექიმებსაც ახარებთ, რომლებიც მათზე დაბადებიდან ზრუნავენ.

მერიემსა და ნდეიეს ერთი წყვილი ფეხი და ერთი მენჯი აქვთ, მაგრამ თითოეულს აქვს ზურგის ტვინი და გული. გოგონებს 24 საათიანი მეთვალყურეობა სჭირდებათ, თუმცა ისინი მებრძოლი ბუნებით გამოირჩევიან და სკოლაში მეგობრებთან ერთადაც დადიან:

"ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან. მერიემი ძალიან მშვიდი, ინტროვერტი ბავშვია, მაგრამ ნდეიე სრულიად განსხვავებულია, ის ძალიან დამოუკიდებელია,"- ჰყვება გოგონების მამა.

იბრაჰიმა სირთულეებზეც საუბრობს: "ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მარტივია, მაგრამ დიდი პრივილეგიაა. თავს იღბლიანად ვთვლი, რომ სიცოცხლისთვის მუდმივი ბრძოლის მოწმე გავხდი."

ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, ახალშობილი ტყუპის გადარჩენის საუკეთესო შანსი მათი განცალკევება იყო. საბოლოოდ, ოჯახი 2017 წელს დიდ ბრიტანეთში ჩავიდა სამკურნალოდ. იბრაჰიმა იმედოვნებდა, რომ ცნობილი საავადმყოფო მის გოგონებს გააცალკევებდა და დაკარში ოჯახის დანარჩენ წევრებს დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ანალიზებმა დაადგინა, რომ მერიენის გული ასეთი რთული ოპერაციისთვის ძალიან სუსტი იყო.

"ჩემი ერთი შვილის მეორის გამო მოკვლა არ შემეძლო. ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ავირჩიო, ვინ იცოცხლებს და ვინ არა",- ამბობს იბრაჰიმა. გოგონების დედა აფრიკაში დაბრუნდა სხვა შვილების მოსავლელად, ტყუპი კი მამასთან ერთად დიდ ბრიტანეთში დარჩა: "ჩემი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობაა, რომ გოგონებს გვერდში ვყავდე, ეს იქნება ჩემი ცხოვრების აზრი".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა