3 მარტივი იდეა შოკოლადის უგემრიელესი დესერტების მოსამზადებლად

3 მარტივი იდეა შოკოლადის უგემრიელესი დესერტების მოსამზადებლად

ეჭვგარეშეა, შოკოლადი ერთ-ერთია იმ ჯადოსნურ სიამოვნებას შორის, რომელსაც შეუძლია ჩვენში მხიარული ემოციების გაღვიძება. მას ხშირად ბედნიერების, სიამოვნებისა და ნეტარების ელექსირს უწოდებენ. დროთა განმავლობაში, შოკოლადი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მისი გამოყენება კულინარიაში, განსაკუთრებით დესერტებში, უსასრულო შთაგონების წყარო გახდა, შეფ-მზარეულებისა და გურმანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რძიანიდან მწარემდე, თეთრიდან ვარდისფრამდე, შოკოლადის დესერტების სამყარო გთავაზობთ გემოსა და ტექსტურის გასაოცარ მრავალფეროვნებას. კლასიკური შოკოლადის ნამცხვრებიდან და ტორტებიდან დაწყებული, ეგზოტიკური შოკოლადის ტრიუფელებით და მუსებით დამთავრებული, ეს უგემრიელესი კერძები არა მხოლოდ აღაფრთოვანებს ჩვენს გემოვნებას, არამედ დახვეწილი გემოვნების სამყაროში გვამოგზაურებს.

გთავაზობთ 3 მარტივი და ძალიან გემრიელი შოკოლადის დესერტის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ:

შოკოლადის ორცხობილა სანელებლებით

არომატული შოკოლადის ორცხობილები განსაკუთრებით გემრიელია რძესთან ერთად და ბავშვებსაც ძალიან უყვართ.

ინგრედიენტები:

  • რძიანი შოკოლადი 120 გ.
  • შავი მწარე შოკოლადი 80 გ.
  • ქათმის კვერცხები 2 ც.
  • კარაქი 30 გ.
  • ფქვილი 75 გ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
  • დაფქული სანელებლები 3 გ.
  • შაქრის ფხვნილი 85 გ.
  • ფორთოხლის ცედრა გემოვნებით
  • კაკაო 15 გ
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

  1. ოთახის ტემპერატურის კვერცხები შაქართან ერთად ათქვიფეთ სქელ, ფუმფულა მასად.
  2. ცომს დაუმატეთ კაკაოიანი ფქვილი, სანელებლები და გამაფხვიერებელი. (დაფქული ჯანჯაფილი, დარიჩინი, ვარსკვლავური ანისი, კარდამონი, მიხაკი).
  3. გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად და დაუმატეთ ცომს. ბოლოს დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და აურიეთ.⠀
  4. ცომი საკონდიტრო ტომარაში ჩადეთ და გააკეთეთ 3-5 სმ-იანი ბრტყელი პორციები პერგამენტიან საცხობ სინზე. გამოაცხვეთ 175°C-ზე 8-12 წუთის განმავლობაში.

შოკოლადის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ჩიზქეიქის ეს ვერსია იდეალურია, თუ არ გსურთ ღუმელის ჩართვა, მაგრამ გსურთ ნამცხვარი. მორთეთ ჩიზქეიქი ახალი კენკრით, ტკბილეულით ან საკონდიტრო ნაწარმით.

ინგრედიენტები:

საფუძველი:

  • შვრიის ორცხობილა 180 გ.
  • კარაქი 50 გ.
  • კრემ-ყველის შიგთავსი 440 გ.
  • არაჟანი 20% 200 გ.
  • შავი მწარე შოკოლადი 70% 180 გ.
  • რძე 100 მლ
  • ჟელატინი 15 გ.
  • შაქარი 150 გ.

გაფორმება:

  • შოკოლადის კანფეტები 5 ცალი.

მომზადების წესი:

  1. გაადნეთ კარაქი. ორცხობილა დაფხვენით. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ.
  2. აიღეთ მრგვალი ფორმა 18–20 სმ დიამეტრით, ძირში კარგად დატკეპნეთ ორცხობილას მასა. შედგით საყინულეში 15 წუთის განმავლობაში.
  3. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ჟელატინი დაალბეთ, რომ გაფუვდეს.
  4. არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით შაქართან ერთად.
  5. დაუმატეთ კრემყველი და ათქვიფეთ. ჟელატინი გაადნეთ და შეურიეთ ცხელ რძეს.
  6. არაჟნიან მასაში შეურიეთ დამდნარი შოკოლადი და კარგად აურიეთ.
  7. შეურიეთ ჟელატინიანი რძე და მიქსერით ათქვიფეთ.
  8. გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან. დაასხით მასა და შედგით მაცივარში 6-7 საათით.
  9. მორთეთ თქვენი გემოვნებით.

შოკოლადის ვაფლი განაშით და ნაყინით

გამოიყენეთ კაკაოს ფხვნილი შაქრის გარეშე, მაშინ ვაფლისა და ნაყინის კომბინაცია არ მოგეჩვენებათ ზედმეტად ტკბილი.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გ
  • კაკაოს ფხვნილი 70 გ
  • შაქარი 50 გ
  • სოდა 1 ჩ.კ.
  • ქათმის კვერცხები 2 ც.
  • რძე 300 მლ
  • მარილი 1 მწიკვი
  • გამდნარი ქოქოსის ზეთი 6 ს.კ.
  • შოკოლადის განაში 100 გ
  • ვანილის ნაყინი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში აურიეთ ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, შაქარი და სოდა.
  2. დაუმატეთ კვერცხები, დაასხით რძე და გამდნარი ქოქოსის კარაქი. მოაყარეთ მარილი. მოზილეთ ცომი.
  3. გაახურეთ ვაფლის საცხობი. ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ ვაფლები.
  4. მზა ვაფლებს აცადეთ ოდნავ გაგრილება.
  5. მიირთვით ვანილის ნაყინთან და შოკოლადის განაშთან ერთად.

თუ კულინარია გიყვართ და საკონდიტრო მიმართულება გაინტერესებთ, საინტერესო რეცეპტებს „შოკოლადის წიგნში“ იპოვით. ეს არის შოკოლადის განსაკუთრებული წიგნი, რომელიც ოდესმე გინახავთ! მასში 300-ზე მეტი საოცარი რეცეპტია თავმოყრილი. საუკეთესო დესერტები, ღვეზელები, ტარტები, მეფინები, კექსები, პუდინგები, კრემები, ტორტები, ნატიფი დესერტები, ნაყინი, სასმელი, კანფეტები და სხვა ტკბილეული – ეს ყველაფერი ამ მომაჯადოებელ წიგნშია თავმოყრილი. ლამაზი ილუსტრაციები და მარტივი რეცეპტები მომზადების პროცესს უფრო გააიოლებს და სახალისოს გახდის. წიგნის შესავალ ნაწილში ასევე გაეცნობით შოკოლადის ისტორიას ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/k-bHyhKOfZ4?si=lQZLa8QbE0C65NFh" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ავტორი თეა ინასარიძე