ავტორი:

"ვიცი, რომ სოხუმის საავადმყოფოდან გამაშვილეს... თუ რამე იცით ჩემზე, ოღონდ შემეხმიანეთ..." - გერმანიაში მცხოვრები ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

"ვიცი, რომ სოხუმის საავადმყოფოდან გამაშვილეს... თუ რამე იცით ჩემზე, ოღონდ შემეხმიანეთ..." - გერმანიაში მცხოვრები ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

მაიკო გვილავა - რობერტუსი 18 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მისი ცხოვრება ფილმს ჰგავს. სოხუმელმა გოგონამ 6 წლის ასაკში დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი და მშობლებთან ერთად ზუგდიდში დასახლდა. დედა 16 ასაკში გახდა, მაგრამ მალე მარტოხელა დედად იქცა და იძულებული გახდა შვილის გამო ემიგრაციაში წასულიყო.

რთული დღეები გადაიტანა, მაგრამ მალევე იპოვა საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც ოჯახი შექმნა და ვაჟი შეეძინა. პირველ ქორწინებაში შეძენილი გოგონა თავისთან წაიყვანა და როდესაც ეგონა, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება, ერთი წლის შუალედით მშობლები დაკარგა. მალევე კი გაიგო, რომ ნაშვილები იყო.

ამ ამბებიდან შვიდი წელი გავიდა და მაიკო დღემდე ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.

- მაიკო, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, როგორ მოხვდით ემიგრაციაში?

- ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 2005 წელს ჩამოვედი გერმანიაში ძიძად, ერთწლიანი პროგრამით, მეუღლე გერმანელია, აქ გავიცანი და შეგვიყვარდა ერთმანეთი. მალევე დავქორწინდით. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. 6 წლის ვიყავი, დევნილობაში რომ აღმოვჩნდი და გამზრდელ მშობლებთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით საცხოვრებლად. დედას ხშირად დავყავდი თავის სოფელში, სადაც ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი. ისე მოხდა, რომ ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, ბავშვებმა შევქმენით ოჯახი. 16 წლის უკვე დედა ვიყავი, თვითონ პატარა, ბავშვით ხელში. სამწუხაროდ, ჩემი პირველი ოჯახი ძალიან მალე დაინგრა და ასე ჩვილით ხელში დავრჩი. მიუხედავად ამისა, ყველანაირი დახმარების ხელი გამომიწოდეს მშობლებმა.

- ამ ასაკში მარტოხელობა დედობა ძალიან რთული იქნებოდა.

- დიახ, ცხოვრება ურთულესი იყო. ჩემი მშობლები უკვე ასაკში იყვნენ, მე პატარა ბავშვით ასე ვერ დავრჩებოდი. იმ დროისთვის უკვე 18 წლის ვიყავი და რჩევა დედას ვკითხე. მახსოვს, მძიმედ ჩაისუნთქა და მითხრა, აქედან უნდა წახვიდე, შენ შვილს ჩვენ მივხედავთ, ცივ ნიავს არ მივაკარებთ და როდესაც აეწყობი შენი შვილი შენთან წაიყვანეო. გერმანულის სწავლა დავიწყე, მოვძებნე სააგენტო, რომელმაც მიპოვა გერმანული ოჯახი, ერთი ბავშვი ჰყავდათ და ასე აღმოვჩნდი გერმანელებთან ძიძად ძალიან შორს სამშობლოსგან, მშობლებისგან და შვილისგან.

ძალიან გამიჭირდა, სულ ვტიროდი და შვილის სურათს ვიხუტებდი გულში. ასე ვიძინებდი და ვიღვიძებდი. 3-4 თვე გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, გერმანული ენის კურსებზე მიმიყვანა, იქ გავიცანი ახალგაზრდა ქალბატონი და დავმეგობრდით. ერთ დღეს მეუბნება, ქართველი გოგოები ძალიან კარგები ხართ, მომწონხარ და ჩემი მაზლი უნდა გაგაცნოო. ასე გავიცანი მომავალი მეუღლე, ვიქორწინეთ და შეგვეძინა ბიჭი. მერე ჩემი გოგონაც ჩამოვიყვანე და სამშობლოსგან შორს შევქმენი ბედნიერი ოჯახი.

- როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ გაიგეთ, რომ გიშვილეს. ამ დროს მშვილებელი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ?

- დიახ, ჩვენ ოჯახით საქართველოში ყველა ზაფხულს ჩამოვდიოდით. ჩემს უცხოელ მეუღლეს ძალიან უყვარს ჩემი სამშობლო. გამზრდელი დედა 2015 წელს გარდაიცვალა, ერთ წელიწადში მამაც დაიღუპა. 2017 წელს, ზაფხულში სტუმრად ჩამოვედი საქართველოში და მშობლების საფლავზე ავედით, იქიდან გადავწყვიტე სანათესავო მოგვევლო. 2017 წლის აგვისტო იდგა, მარიამობის დღესასწაული გვიახლოვდებოდა, როდესაც ერთ ნათესავს წამოსცდა, რომ ნაშვილები ვიყავი, მკითხა, - შენ რა, აქამდე არაფერი იცოდიო? - მაშინ 31 წლის ვიყავი. ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ძალიან უსუსურად და უმწეოდ ვიგრძენი თავი. ძალიან რომ ვეცადო, ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც იმ წამში დამეუფლა, ალბათ, სიკვდილის ტოლფასი იყო. ისეთი შოკი მივიღე, რას ვლაპარაკობდი, როგორ დავემშვიდობე იქაურობას, არაფერი მახსოვს. მაშინ უკვე არც დედა იყო ცოცხალი და არც მამა.

მაიკო გვილავა გამზრდელ მშობლებთან ერთად

- იქამდე არასოდეს გაგჩენიათ ეჭვი, რომ ნაშვილები იყავით?

- არა, ეჭვი არასოდეს მქონია. უსაზღვროდ ვუყვარდი მშობლებს, თავს მევლებოდნენ, ზრუნავდნენ, ისე როგორც ყველა მშობელი. რამე უცნაურს მაშინ ვერ ვამჩნევდი, ახლა როცა უკვე ვიცი სიმართლე, ერთი შემთხვევა მახსენდება. ერთხელ გამზრდელმა დედამ მკითხა, რომ იცოდე სადღაც გყავს ახალგაზრდა, ლამაზი დედიკო, გაიქცეოდი მასთანო? ვუთხარი, არ გავიქცეოდი, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ გავიცნობდი, ვნახავდი, როგორია-მეთქი. დედამ მოიწყინა, თვალები ძირს დახარა და ცოტა მკაცრი ხმით მითხრა: შვილზე უარის მთქმელი დედის გაცნობა რატომ გაინტერესებსო. ამით დამთავრდა ეს საუბარი. დღეს დედა გვერდით რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ყოველთვის მათი შვილი ვიყავი და ვიქნები.

- როდესაც გაიგეთ, რომ შვილად აგიყვანეს, რა გააკეთეთ, ვისგან მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია, საიდან გაიგეთ, რომ სოხუმის სამშობიაროდან გაგაშვილეს?

- ნათესავებს გამოვკითხე და მითხრეს, რომ თითქოს, მამაჩემის შვილი ვიყავი, ოღონდ სხვა ქალისგან. მაშინვე ვიყიდე გენეტიკური ტესტი ჩემთვის, მამიდაჩემისა და ბიძაჩემისთვის. ისინი დაემთხვნენ, რომ და-ძმა იყვნენ, მე კი მათთან საერთო არაფერი აღმომაჩნდა. შემდეგ ის ქალიც მოვძებნე, რომელიც თითქოს დედაჩემი იყო, გავიკეთე ტესტი, მაგრამ მასთანაც არაფერი აღმოჩნდა საერთო.

მოკლედ, თუ რამე ჭორი გავიგე, ამ შვიდი წლის განმავლობაში, ყველაფერი გადავამოწმე. ორი სახეობის გენეტიკური ტესტი მაქვს გაკეთებული, სადაც ჩანს, რომ ქართველი ვარ. ამ ტესტით მემატებიან პიროვნებები, რომლებმაც ასევე ტესტი გაიკეთეს, უმრავლესობა მეგრელები არიან. ნათლიამ მითხრა, ერთხელ შენმა გამზრდელმა დედამ თქვა, რადგან ჩვენ მეგრელები ვიყავით, მეგრელების შვილიც ამიტომ ავიყვანეთო. ვიყავი ასათიანზე, არქივში ჩემზე ვერაფერი მოიძიეს.

- სოხუმელ მეზობლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, მათ ხომ არაფერი უთქვამთ თქვენს გაშვილებაზე?

- არა მხოლოდ ჩემი ნათესავები, არამედ სოხუმელი მეზობლებიც გამოვკითხე. ერთ-ერთი ქალმა მომიყვა, რომ ჩემი აყვანის დროს თავად 13 წლის იყო. როგორც ამბობს, ჩემმა მშობლებმა დედამისი დაიბარეს, რომ მათთან მისულიყო და შვილიც გაჰყვა. "შენმა გამზრდელმა დედამ დედაჩემს უთხრა სოხუმის სამშობიაროდან დაგვირეკეს, როგორც იქნა გვეღირსა - გოგო ტოვებს ბავშვს და უნდა მოგვიყვანოო. მე და დედა ფეხით გავიქეცით სამშობიაროში, ავედით მეორე სართულზე, დედაჩემმა ხელში აგიყვანა, საბავშვო ეტლში ჩაგაწვინა, რაღაც თანხა გადაიხადა, საბუთები ითხოვა, მაგრამ არაფერი მისცესო...“ - ეს ქალი მიყვება, რომ სამშობიაროდან სახლამდე საბავშვო ეტლით მიმიყვანეს და ჩემი თავი მშვილებელ მშობლებს გადასცეს.

- როგორც ტესტებმა აჩვენეს, ეთნიკურად ქართველები იყვნენ თქვენი ბიოლოგიური მშობლები.

- დიახ, ვფიქრობ და მჯერა, რომ ორივე მშობელი იყო ქართველი, სამეგრელოდან. ეს წლები სოხუმიდან ბევრი მეხმარებოდა, იქ დარჩენილი მეზობლები, უცნობი აფხაზები, ანუ ყველა, ეროვნების მიუხედავად, ჩემი ამბავი გულთან ბევრმა მიიტანა, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე.

- იმ ადამიანებს თუ დაუკავშირდით, ვინც გენეტიკური ტესტის მიხედვით თქვენი ნათესავები აღმოჩნდნენ?

- რა თქმა უნდა, ყველაზე ახლო გენეტიკური ტესტებიდან, რომელი ნათესავიც არის, ამერიკაში ცხოვრობს. დახმარებაზე უარი მითხრა, რადგან შორს იყო და იქიდან ვერაფერს გაარკვევდა. ვფიქრობ, რომ დახმარების სურვილი არ ჰქონდა ან მართლა არ შეეძლო.

- ახალგაზრდა ქალი ხართ და დიდი ალბათობით თქვენი ბიოლოგიური მშობლები ცოცხლები არიან, რას ეტყოდით მათ?

- ბიოლოგიური დედის ასაკი უცნობია. თუ ამ სტატიას კითხულობს და მიცნობს, ვეტყოდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე საკუთარი სისხლი, გვარი და გენეტიკა. თუ საჭირო იქნება ანონიმურობასაც გპირდებით, ოღონდ შემეხმიანეთ. არ მაქვს უფლება ვინმე განვიკითხო. ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მთავარია, დროზე მოვინანიოთ. მას შემდეგ ბევრმა დრომ ჩაიარა, 38 წლის ვარ და ყველას საკუთარი ცხოვრება გვაქვს. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვინმეს ცხოვრებაში შევიჭრა, უბრალოდ, თხოვნაა, ჩუმად მაინც მითხარით, ვისი სისხლის, გვარის და გენის ვარ. ამით დავამთავრებ ძებნას.

წაიკითხეთ ასევე: