ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?

უცხოურ პრესაში არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ კატალონიის "ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს.

წერენ, - ესპანურ გრანდს "კვარასთვის" 90-100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილიო. 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ნაპოლი“ "ბარსელონას“ უმასპინძლებს. სტუმრებს იდეალური შესაძლებლობა ექნებათ, რომ კვარაცხელიას დააკვირდნენ და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ საკუთარ გადაწყვეტილებაში.

Mundo Deportivo-ს თქმით, კატალონიელების რადარზე ხვიჩა ერთადერთი არ არის. კლუბმა სკაუტები ასევე გაგზავნა გაბრიელ მარტინელლისა და კაურა მიტომას დასაკვირვებლად.

"ბარსას“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კლუბი 4-3-3 სქემაზე უნდა გადაეწყოს, ამიტომ მათ მაღალი დონის მარცხენა ვინგერი სჭირდებათ, რომელიც ამავე დროს იქნება კრეატიული და დრიბლინგით გამორჩეული.

  • ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფინანსებს ჩადებენ ესპანელები ტრანსფერში.

Nacionalfutbol.es-ის ცნობით, "პარტენოპეი" ქართველი შემტევის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროს ითხოვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა მისმა გარემოცვამ ამაზე დეტალურად საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ მოისურვა.

რუსული "ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი დიდ იმედებს ამყარებს, რომ ხვიჩა "ბარსელონაში“ გადავა.

"ხვიჩა "ბარსას“ პრინციპებს შეეფერება. ჩემი აზრით, ხვიჩასთვის ეს კარგი ვარიანტია. ესპანურ გუნდში ის თავის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - ამბობს მწვრთნელი.

კომენტარი გააკეთა ასევე "რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა რომან შარონოვმაც.

"როცა მე ხვიჩასთან ვმუშაობდი, ხშირად ვსაუბრობდით მის დიდ პოტენციალზე და იმაზე, რომ დიდ კლუბში ითამაშებდა. მიხარია, რომ არ შევცდი. მე ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ხვიჩა როგორც მოთამაშე და ვხვდებოდი, რომ მას სჭირდება სისტემური ფეხბურთი. ეს სისტემური ფეხბურთი მას ჰქონდა ლუჩანო სპალეტის დროს, ზუსტად მაშინ ჩაატარა კარიერის საუკეთესო სეზონი. იმედი მაქვს, "ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში მისი პროგრესი გაგრძელდება. ფეხბურთი - გუნდური თამაშია, ყველას სჭირდება პარტნიორი. ხვიჩა კი თავს კარგად გრძნობს სისტემურ ფეხბურთში, მაშინ შეუძლია გახსნა და თავის საუკეთესო უნარების გამოვლენა. არ ვიცი, "ბარსელონა“ მისცემს თუ არა ხვიჩას ამ სისტემურობას. ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. სისტემურ ფეხბურთს თამაშობენ - დე ძერბი, კლოპი, გვარდიოლა, სპალეტი“, - ამბობს შარონოვი.

"ხვიჩა კვარაცხელია "ბარსას" გასაძლიერებლად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე სასურველი ვარიანტია", - წერს "ბარსელონას" ქომაგთა 6-მილიონიანი "ფეისბუქგვერდი".

პოსტს კატალონიელების უამრავი კომენტარი აქვს. მათგან უმეტესობა ამგვარ სავარაუდო ტრანსფერს "საუკეთესო გადაწყვეტილებად" მიიჩნევს.

"მან ღიად თქვა, რომ მადრიდის "რეალი" ბავშვობიდან უყვარდა და მოინდომებს კი ჩვენთან თამაშს?" - კითხულობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ამის საპასუხოდ მეორე ფანი წერს: "ვფიქრობ, რომ ის განახლებულ "კამპ ნოუზე" დაუჯერებელ შოუს დადგამს! დაჯილდოებაზე ლეო მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა. ის გაკვირვებული იყო ამ დიდებული ნაბიჯით! "კვარას" აგენტი და მამა "ბარსას" ფანები არიან".

"ის მე მაგონებს ახალგაზრდა რონალდინიოს, დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე სარგებელს მოუტანს "ბარსას", რაც რონალდინიომ მოუტანა..." - წერს კიდევ ერთი გულშემატკივარი.

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/z-wNrQoLPl98tg/" data-palettepq="z-wNrQoLPl98tg"><span style="display: none;">myquiz</span></div>

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე