"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - რემარკის რომანი და ფრაზა, რომელიც მსოფლიოში სტაგნაციის სინონიმად დამკვიდრდა

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - რემარკის რომანი და ფრაზა, რომელიც მსოფლიოში სტაგნაციის სინონიმად დამკვიდრდა

„ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. ის მხოლოდ მცდელობაა, მოგითხროთ იმ თაობის შესახებ, რომელიც ომმა გაანადგურა, მიუხედავად იმისა, გადაურჩა თუ არა მის ჭურვებს“ - ეს ერიხ მარია რემარკის უკვდავი რომანია „დასავლეთის ფრონტი უცვლელია.“

მწერალი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ, რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ... ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, სწავლობდნენ, როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ…

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანია პირველი მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1928 წელს გაზეთში იბეჭდებოდა. 1929 წელს კი წიგნის სახით გამოიცა. მან მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და არაერთგვარი რეაქციაც გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რემარკმა სრული სიმართლე აღწერა, ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები კი მიიჩნევდნენ, რომ ამ რომანით რემარკმა გერმანიასა და მის მეომრებს უღალატა. 1933 წელს, როდესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის რომანები აიკრძალა. წიგნები მოსახლეობას ჩამოართვეს და საჯაროდ დაწვეს.

რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი. იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას.

რომანში აღწერილია დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების მძიმე პირობები და ბრძოლები. ამავდროულად, მეგობრები ხშირად მსჯელობენ ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე, რომ მათთვის იგი სრულიად უაზროა.

ამ წიგნში ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ როგორც რიგითი ახალგაზრდები, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თავისი ხასიათითა და მისწრაფებებით.

არაერთი მებრძოლის სიკვდილის შემდეგ, რემარკი მთავარ გმირსაც არ ინდობს და ის ომის ბოლო დღეებში კვდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დასავლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია".

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნი დაწერილა ომის თემატიკაზე. თუმცა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მათგან რადიკალურად განსხვავებულია. ტრადიციულად, ლიტერატურაში ომის აღწერა შემოიფარგლებოდა ჯარისკაცთა გმირობების აღწერით, რემარკი კი არღვევს ამ ტრადიციას და ომს სრულიად სხვაგვარად აღწერს. რომანში კარგადაა აღწერილი არტილერიული დაბომბვები, ქიმიური იარაღის გამოყენება, მძიმე ჯავშანტექნიკით ბრძოლა და ჯარისკაცთა სრული დაუცველობა ამ საშინელებების წინაშე, სადაც მათ არა მხოლოდ პიროვნული სიმამაცე, არამედ ცხოველური ინსტინქტი ეხმარებათ.

რომანის გამოცემიდან პირველი 2 წლის განმავლობაში წიგნის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი გაყიდვები დღემდე არ წყდება და მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული. რომანი რამდენიმე ათეულ ენაზე, მათ შორის, ქართულადაა თარგმნილი.

აღსანიშნავია, რომ 1930 წელს მოხდა წიგნის პირველი ეკრანიზაცია, რომელიც 2 ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.

თავის დროზე რომანმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტერმინი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ აგრეთვე დამკვიდრებულია პოპკულტურაში და გამოხატავს ისეთ სიტუაციას, როცა აბსოლუტური სტაგნაციაა და არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.

R