ავტორი:

"ნება მომეცით სამი მესიჯი გადმოგცეთ..." - რა უთხრა ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს: ლიდერების მთავარი გზავნილები ბრიუსელიდან

"ნება მომეცით სამი მესიჯი გადმოგცეთ..." - რა უთხრა ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს: ლიდერების მთავარი გზავნილები ბრიუსელიდან

ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო [კობახიძე] ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ და ბრიუსელში ჩამოსვლა აჩვენებს, რომ ევროკავშირისკენ საქართველოს გზას ძალიან სერიოზულად უდგებით.

ეს საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, პირველი ასოციაციის საბჭოა და ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით… კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს და ასევე მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პასუხისმგებლობის ზრდას ნიშნავს. ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში,“ - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმები უნდა გატარდეს და რეკომენდაციები უნდა იქნას შესრულებული, რომელიც ყველასთვის დაწესდება.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, პირობები უნდა შესრულდეს, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. კარი ღიაა და რეკომენდაციების შესრულების საკითხი რჩება, რომელიც ყველასთვის იქნება დაწესებული“,- განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობას მოუწოდა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაასრულოს რეფორმები, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით.

„ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი ელექტორალური პროცესის შესახებ. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ, ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

  • ნება მომეცით სამი მესიჯი გადმოგცეთ. პირველი: რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროთ, მათ შორის მათი, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაშია ნახსენები, რათა ჩვენი, ევროკომისიის რეკომენდაციების 9 ნაბიჯი დააკმაყოფილოთ. ამისთვის ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება გყავთ და, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია ყველა იყოს ჩართული. ეს მოითხოვს გაბედულ ნაბიჯებს პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად.

მეორე: ჩვენი კავშირი საერთო ღირებულებსა და პრინციპებს ეყრდნობა. ეს საფუძველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვცხოვრობთ. მივესალმებით თქვენს ერთგულებას ევროკავშირში წევრობისადმი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებისადმი თანხვედრაში ზრდა გაქვთ, მცირე, მაგრამ ზრდა. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით.

ასევე ვღელავთ [საქართველოში] ანტი-დასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ, ძალისხმევა გააორმაგოთ ინფორმაციის მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. ამას გაცილებით მეტი რაოდენობით ვნახავთ მომავალ ევროპულ არჩევნებში და, შესაძლოა, თქვენს არჩევნებში.

და მესამე: ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი ელექტორალური პროცესის შესახებ. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” - განაცხადა ბორელმა.

  • ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს საქართველოს ამბიციური გეგმაა.

"ერთი რამის თქმა შეგვიძლია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. და 2030 წელს - ეს წელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელის მიერ იქნა დასახელებული [გაფართოების წლად] - საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს ჩვენი ამბიციური გეგმაა, ეს ჩვენი ამბიციაა, და ჩვენ ძალიან ერთგულნი ვართ რეფორმების დღის წესრიგისადმი, იმ ნაბიჯებისადმი, რომლებიც ევროკავშირში წევრობისთვის არის გადასადგმელი. იმედი გვაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი კვანძია. ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვალდებულებისთვის, შეუერთდეს ევროპული დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას. ამ მხრივ პროგრესის მიღწევა გამოწვევებით სავსეა, თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი შრომის შედეგად მიიღწევა. ჩვენ ვრჩებით ამ მოგზაურობის ერთგული მოკლე გზების ძიების გარეშე. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, განგვეხილა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. დაგვერწმუნეთ, საქართველომ ძალიან ძლიერი ნება აჩვენა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ ამავე გზით სვლა“, - აღნიშნა კობახიძემ.