ავტორი:

"გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით... გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე" - რა ვითარებაა ადიგენში, მეწყრის შედეგად დაზარალებულ ოჯახში?

"გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით... გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე" - რა ვითარებაა ადიგენში, მეწყრის შედეგად დაზარალებულ ოჯახში?

ადიგენში ძველი მეწყრული პროცესი გააქტიურდა. ინფორმაციას დღეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტში იმყოფებიან.

"გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები“,- ნათქვამია განცხადებაში.

"სამხრეთის კარიბჭე" წერს, რომ მეწყრული პროცესები სოფელ უდეში, ე.წ. "პირდაპირების“ დასახლებაში გააქტიურდა. მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი დაიბზარა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"სტუმრად ვიყავით ნათესავთან. დილას რომ დავბრუნდით დაშლილი იყო უკვე სახლი. ისედაც ჰქონდა ადრე სახლს ბზარები და ეტყობოდა რომ უნდა დანგრეულიყო. ასე ერთ ღამეში თუ მოხდებოდა, საერთოდ არ მოველოდით. გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით. ყველაფერი დეფორმირებულია ზედა სართულზე, დაბლა უარესია. გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე. ნაპრალებია სახლის ძირში. მართალია, გადავრჩით და მსხვერპლი არ იყო, მაგრამ დიდი ზარალია" - ამბობს ლალი ყულჯანიშვილი.

ყულჯანიშვილების ოჯახში ამბობენ, რომ სახლის ჩამონგრევის შემდეგ, ნივთების ნაწილი ნათესავებთან ნაწილი კი მეზობლებთან შეინახეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დროებით საცხოვრებლად, სოფელ უდეში ყოფილი ამბულატორიის შენობაში შესვლა შესთავაზა, თუმცა უარი თქვეს.

"საავადმყოფოს შენობაში გვითხრეს გადადითო, მაგრამ იქ არც წყალია და არც გაზი. ერთი თვის წინ გვქონდა შეტანილი განცხადება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეცათ, მაგრამ როცა მოვიდნენ და შეამოწმეს სახლი, მაინც მაღალი ქულები დაგვიწერეს მიუხედავად იმისა, რომ ოთახების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია. გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ და დაწერონ დასკვნა, ამის შემდეგ იქნებ დაგვეხმარონ" - ამბობენ ყულჯანიშვილების ოჯახში "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში.

წყარო

ნახე ასევე: