ავტორი:

"საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი..." - როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

"საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი..." -  როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “დოიჩე ველესთვის“ (DW) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ელის. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაში გამოიხატება საქართველოში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებები, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ, იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს. ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის (რუსეთის ჩარევის) საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის განცხადებას ქვეყნისთვის დამაზიანებლად აფასებენ და მსგავს საფრთხეს არც განიხილავენ.

"ქალბატონმა პრეზიდენტმა, საერთოდ, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებების კეთების დროს ან თავი შეიკავოს, ან თუ აკეთებს ამ დამაზიანებელ განცხადებებს, დააკონკრეტოს, რაში უნდა გამოიხატოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესში - ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვენდეტა "ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი შეფასებით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული განცხადება არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილი.

თბილსიის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. "არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ, ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს თავისი ხედვები და შეხედულებები, თუმცა არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ ლაშა ძებისაშვილთან საუბარს საქართველოში გაზრდილ რუსულ ჰიბრიდულ გავლენასა და საინფორმაციო პროპაგანდაზე ვიწყებთ, რაც საქართველოს საქმეებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

"საქართველოში რომ გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი, ფაქტია და ეს საქართველოს საქმეებში ჩარევის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ჰიბრიდული გულისხმობს როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში, ასევე პოლიტიკურ სივრცეში გავლენის მოპოვებას. საუბარია პოლიტიკურ მოთამაშეებზე და ფიგურებზე, ასევე ინსტიტუტებში გავლენის მოპოვებაზე. ფაქტია, რომ საქართველოში რუსული ჰიბრიდული გავლენა ძალიან გაზრდილია და ეს პოლიტიკური და ეკონომიკურის გარდა, საინფორმაციო, მედია სივრცეში, სოცქსელებში და სხვა მრავალ სფეროში აისახება.

კატასტროფულად არის გაზრდილი რუსული გავლენა, რუსული საინფორმაციო პროპაგანდა, რუსული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამანგრეველი მესიჯების გავრცელება ქართულ საინფორმაციო სივრცეში. ისიც ფაქტია, რომ ამ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არანაირ ნაბიჯს არ დგამს. შეგვიძლია ეს მივიღოთ როგორც მწარე რეალობა, მაგრამ ასეა.

როცა სახელმწიფო არავითარ ნაბიჯს არ დგამს რუსული ჰიბრიდული პროცესების წინააღმდეგ და მის ასალაგმავად, ჩნდება კითხვა, რომ ამ ქვეყანაში პროცესები თუ ისე არ წავიდა, როგორც რუსეთის ინტერესებში შედის, ბუნებრივად და ობიექტურად ხომ არ ჩნდება გარკვეული რისკი და მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურდება იმისთვის, რომ პროცესები თავის სასარგებლოდ წაიყვანოს. ვფიქრობ, ამაზე მიანიშნა პრეზიდენტმა, რასაც სავსებით საკმარისი საფუძველი გააჩნია.

ამ გამალებული ჰიბრიდული და განსაკუთრებით საინფორმაციო პროპაგანდისტული ომის პირობებში, თავისუფლად, უპრობლემოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (ხშირად - ხელშეწყობითაც კი) ვრცელდება რუსული პროპაგანდისტული და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამაზიანებელი რუსული მესიჯები, მათ შორის მედია სივრცეში. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ერთია, რომ აქ ძალიან ბევრი თავად ქართველი მონაწილეა, ასევე, ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ სხვა, რომელიც ერთი-ერთზე იმეორებს იმ პირდაპირ გზავნილებს, რაც კრემლში იწერება (ჯერ რუსულ მედიაში ვრცელდება, მერე ჩვენთან ამოტივტივდება ხოლმე), ამ მესიჯების ასპროცენტიანი დამთხვევით ხდება ხოლმე, იქნება ეს ომის თემასთან, დასავლეთთან, ევროინტეგრაციასთან თუ სხვა თემებთან დაკავშირებით. ყველა იმ თემატურ საკითხებზე, რომლებიც კრემლის გადმოსახედიდან რუსეთისთვის საზიანოა, მიდის ინტენსიური საინფორმაციო შეტევა. თუ ნახავთ მესიჯებს, რომლებსაც კრემლი გასცემს და მერე მათ შეადარებთ მესიჯებს, რომლებსაც საქართველოში არა მხოლოდ კრემლის დაქირავებული აგენტები ავრცელებენ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმეორებენ, მიხვდებით, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ჩვენ სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის საფრთხის აღქმის პრობლემა გვაქვს“.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ბუნებრივია, რუსეთი საქართველოში ხელს არ შეუწყობს ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ პასუხობს, ამიტომ ყველანაირად ეცდება პროცესებში ჩარევას. მაინც რას უნდა ველოდოთ ოკუპანტი ქვეყნისგან და რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის, რათა კრემლმა საქართველოში საარჩევნოდ თავისი ინტერესების გატარება ვერ შეძლოს, ლაშა ძებისაშვილი გვიხსნის:

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაღაც ისეთი სასწაული ინტელექტუალური პოტენციის უნარი არ არის საჭირო საიმისოდ, რომ წარმოვიდგინოთ - იმ შემთხვევაში, როცა მაგ. პოლიტიკური პროცესები არ მიდის იმ მიმართულებით, რასაც პირობითად ხელისუფლება, ან იგივე კრემლი ელოდება საქართველოში, მაშინ ბუნებრივია, მოხდება იმ პროცესების წამოწყება და გათამაშება, რომლებიც არჩევნებიდან ყურადღების გადატანას მოახდენს. მაგ. ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას“ საკმაო რაოდენობის მომხრეები ჰყავს, ამას არავინ უარყოფს. ისინი გვარწმუნებენ, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვალთო და თეორიულად დავუშვათ, რომ არჩევნებში "ოცნება“ ამას ვერ აღწევს. ისმის კითხვა - რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს პროცესი პირობითად შეჩერდეს, ან სხვა მოვლენით გადაიფაროს? ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიწყოს გარკვეული დაძაბულობა საოკუპაციო ხაზთან, რუსები გადმოვიდნენ თრუსოს ხეობაში და სხვა. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული დაიწყოს გარკვეული ხასიათის კრიზისების გათამაშება საქართველოს ტერიტორიაზე, რაზეც მოხდება არჩევნებიდან ყურადღების და აქცენტების სხვა მიმართულებაზე გადატანა. ამის შემდეგ რამდენად გახდება ეს კარგი საფარველი, თუ საბაბი იმისა, რომ შემდგომ საარჩევნო პროცესი ისევ კრემლისთვის სასურველ კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს უკვე სხვა საქმეა, მაგრამ ის, რომ პატარა, თუ საშუალო დონის კრიზისების მეშვეობით შესაძლებელია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და ყურადღების გადატანა, ეს სავსებით რეალურია.

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/yFqjqcwz1RDgEQ/" data-palettepq="yFqjqcwz1RDgEQ"><span style="display: none;">myquiz</span></div>

სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოსგან ნაკლებად ველი რაიმეს ორგანიზებას, პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძირითადად სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფი პარტიები არიან დამნაშავეები დემოკრატიის დეკონსტრუქცია-დემონტაჟში. როცა ისინი ხელისუფლებაში მოდიან, ისე გაუტკბებათ ხოლმე ძალაუფლება, ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლება გაიმყარონ და დემოკრატიული მექანიზმები მოშალონ. ამიტომ აქ სახელმწიფოს ნაკლებად ვენდობოდი, თუმცა ვისურვებდი, რომ სახელმწიფო კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩადგეს და არც მოქალაქეების უფლებები არ შელახოს, არ მოახდინოს ხელისუფლების პირდაპირი უზურპაცია. ეს სააკაშვილის ხელისუფლებამაც ვერ გაბედა 2012 წელს, რაც ძალიან კარგია, თუმცა გარკვეული ნიშნები იყო იმისა, რომ ამას აპირებდა. ვიტყოდი, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო მონაწილეობა არჩევნებში მონიტორინგის და ზედამხედველობის თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს მართლაც უპრეცედენტო, რომ თავის დროზე ყველა დონეზე, ყველგან იქნას დანახული არჩევნებში ჩარევა ან უზურპაცია. მეორეს მხრივ, საჭიროა საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების, მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზება, ყველგან და ყველა მისამართზე, რათა თავიდანვე, საწყის ეტაპზე მივანიშნოთ ყველას, ვისაც ხელისუფლების უზურპირების სურვილი აქვს, რომ ეს მარტივად არ გამოუვათ. საზოგადოებამ ეს თუ არ დაანახათ, მაშინ ხელისუფლება ადვილად დაასრულებს ყველაფერს და მეორე დღესვე ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სახელმწიფოში ამოვყოფთ თავს.

არ მგონია, რომ ხელისუფლებაში ყველა სქართველოს მოღალატე და რუსეთუმეა, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება“ ატარებს, რუსეთისთვის მეტნაკლებად მისაღებია, ბუნებრივია, მწყალობელი თვალით უყურებს ამ პროცესებს და ხელსაც უწყობს ამ პოლიტიკის გატარებაში. გასაგებია, პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის რუსების მთავრობა, არიან რუსების მონები, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ყველა არ მგონია ასეთი, შეიძლება ვიღაცეებს უფრო მეტად დავუძახოთ ეს სახელი, ვიღაცეებს - ნაკლებად, ან საერთოდ - არა, მაგრამ ზოგადად ვიტყოდი, რომ პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება“ ატარებს, პირველ რიგში, მორგებულია მათი ხელისუფლების შენარჩუნებაზე, მათი ინტერესების (კერძო, თუ მათი პარტიის) გამტარებელია, მეორეს მხრივ, რუსეთისთვის ყველაზე მისაღები. ბუნებრივია, რუსეთი საქართველოში ხელს არ შეუწყობს ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ პასუხობს, ამიტომ ყველანაირად ეცდება ჩარევას და ხელის შეშლას“.