ავტორი:

ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები - "ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!"

ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები - "ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!"

საქართველოს ლეგენდარულ სპორტულ კომენტატორებს შორის დაიმკვიდრა ადგილი ნუგზარ ჯუღელმა. მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა. ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა და 2019 წელს გარდაიცვალა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს მივიდა საქართველოს ტელევიზიაში და წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა "მოამბე". აღიარება და პოპულარობა კი, სპორტული გადაცემების წამყვანს პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

მის სახელს არაერთი კურიოზი უკავშირდება და მართლაც ბევრი ჰქონდა როგორც კომენტატორობისას, ასევე დიქტორობისას, მსახიობობისას და საერთოდ, ცხოვრებაში. ხალხს მოსწონდა ნუგზარის კვიმატი გამოთქმები, რომელთა ნაწილსაც სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი აქვეყნებს:

"ნუგზარ ჯუღელი საოცარი ადამიანი იყო. გადასარევად მიჰყავდა სპორტული რეპორტაჟები. კომენტატორობის დროს რამდენიმე სახალისო გამონათქვამით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. დროთა განმავლობაში რაღაცები გაუზვიადეს, სხვისი სიტყვები მიაწერეს, არარსებული გამოუგონეს და ასე შემდეგ, მაგრამ ხუმრობას მაინც არ გასცდენია.

ერთ-ერთმა ქომაგმა ის ჯუგზარ ნუღელადაც მოიხსენია, რომელსაც, თითქოს კოტე მახარაძისთვის უთქვამს, სიგარო, ჯიგარეტი ხომ არ გაქვსო.

გთავაზობთ სახალისო ფრაზებს, რომელიც ნუგზარ ჯუღელს მიეწერება:

  • დარტყმა! არის! არის!!!! ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!
  • გუშინ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში თბილისელთა გუნდის მთავარ ბანაკში მთელი ღამე ენთო შუქი - ალიოშა კოტრიკაძე ფიქრობდა დღევანდელ მატჩზე. ამაზე ერთხელ ჰკითხეს კიდეც ნუგზარს, გაგვაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს, ალიოშამ შუქი ჩააქროო.
  • დღეს მოედანზე ორი თენგიზია: თენგიზ სულაქველიძე და ნუკრი კაკილაშვილი (ამბობენ, ორი ოთარი თქვაო, ოთარ გაბელია და ნუკრი კაკილაშვილიო).
  • თქვენ წინაშე მოედანზე გამოვიდა 5 სანაქებო ქართველი კალათბურთელი: მოლოვიდოვი, ბოროდაჩევი, დერიუგინი, კაპუსტინი, დარსაძე (ზოგან ტიუბინს ახსენებენ ბოროდაჩევის ნაცვლად).
  • საქართველოში საწყლოსნო სპორტი განსაკუთრებით განვითარებულია სოხუმში, ბათუმსა და ფოთუმში.
  • კაპუსტინი ახტა, მაგრამ ტკაჩენკოსთან ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა ჩამომხტარიყო. გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.
  • ქუთაისში ისეთი წვიმაა, ერთი ქართველი პოეტისა არ იყოს, ქართულ ენაში მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!
  • შეკითხვა ევროპის ჩემპიონს ცურვაში თინა ლეკვეიშვილს: "ქალბატონო თინა, თქვენ ცურავთ"?
  • ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აუტში მოიგერია, რომელსაც დინამოელები თავიანთი ნახევრიდან მოაწვდიან. მოაწოდეს, პასი წინ, ისევ აუტი. განაახლეს თამაში გვერდითი ხაზიდან, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და… ისევ აუტი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დინამოელები აუტ-აუტ მიიწევენ წინ.
  • მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩვენი ხუთი ფეხბურთელი და მოწინააღმდეგეთა გუნდის ექვსი მცველი იმყოფება. პლუს მეკარე, რა თქმა უნდა. ეს, დაახლოებით ოცდაოთხი ფეხია.
  • თბილისის სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია. (გაგრძელება მოგონილს ჰგავს) მიუხედავად იმისა, რომ გუშინ და გუშინწინ პაპანაქება წვიმა იყო, დღეს კოკისპირულად ცხელა…“
  • აი, თქვენ კადრში ხედავთ დაღლილ ოპოშნიანს, რომელმაც მშვენივრად ითამაშა დღეს და რეჟისორი სწორად იქცევა, როცა მის სახეს მსხვილი ხედით გვიჩვენებს. ოპოშნიანი ღრმად სუნთქავს, ეტყობა, გადაღლილია. ისუნთქე, ოპოშნიან, ისუნთქე! შენ დღეს ეს ნამდვილად დაიმსახურე!
  • დარტყმა, არიის, გოოოლ! გოოლ! მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. თუმცა, რა უნდა ჩაეთვალა, არც გასულა.
  • და აი, სარბენ ბილიკებზე გამოჩნდა ოთარ გაბელია, რომელიც, ალბათ, მალე გამოვა მოედანზე. საინტერესოა, ვის შეცვლას აპირებს მწვრთნელი?
  • მართალია, სულაქველიძე ამ ბოლო დროს ცოტა გასუქდა, მაგრამ რა კარგად აზროვნებს.
  • 1945 წელს.... უკაცრავად 19 საათსა და 45 წუთზე.
  • ჩემო პატარებო! ახლა ნახეთ ქართული მულტფილმი "მელა და მგელა," უკაცრავად! "მელაკუდა და მგელაკუდა." უჰ, ბოდიში,"მელია და მგელია."