UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ განაცხადა, რომ ამ თანამდებობას 2027 წელს დატოვებს. ასე რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სამ წელიწადში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
"გადავწყვიტე, რომ უეფას პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს აღარ ვიყრი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველა ორგანიზაციას სჭირდება განახლება, ახალი სისხლი.
მთავარი მიზეზი ოჯახისგან შორს ყოფნაა. რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად ვერ ვატარებ დროს", – განაცხადა სლოვენიელმა ჩეფერინიმ.
მედიაში უკვე მსჯელობენ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს UEFA-ს პრეზიდენტის თანადებობა. "გარდიანი" წერს რამდენიმე ვარიანტს და მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსაც ასახელებს.
"აშკარა კანდიდატები ამ დროისთვის ცოტაა - პორტუგალიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ფერნანდო გომეში, რომელსაც პატივს სცემენ უეფას ბორდში, მაგრამ ის იქნება 75 წლის, როდესაც არჩევნების პერიოდი დადგება. რუმინელი რაზვან ბურლეანუ, ფიფას საბჭოს წევრი, გავლენიან წრეებში განიხილება, როგორც ახალგაზრდული, ურბანული ვარიანტი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ის კანდიდატურას დააყენებს.
ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და შარშან უეფას აღმასკომში კენჭისყრით მიიღეს, ის ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და შესაძლოა, ფსონი მასზე გაკეთდეს“, - წერს "გარდიანი".