ავტორი:

როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო: ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში

როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო: ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში

მე-14 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ იტალიაში შუა საუკუნეების ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართა გველფებსა და გიბელინებს შორის. ამ ბრძოლას ორი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ჩვეულებრივი მუხის ვედროს გამო დაიწყო.

დაპირისპირება გველფებსა და გიბელინებს შორის

შუა საუკუნეებში, როდესაც ეს მოვლენა მოხდა, იტალია რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, რომელიც შედგებოდა მრავალი დამოუკიდებელი ქალაქებისა და ფრაქციისგან. ისინი მუდმივ ომებს აწარმოებდნენ ერთმანეთთან.

იმ დროის იტალიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი ძირითადი ფრაქცია: გველფები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პაპის ძალაუფლებას და გიბელინები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საღვთო რომის იმპერატორს.

იტალიის თითოეული ქალაქს თავისი მმართველი ჰყავდა, რომელმაც მეტოქეები დაამარცხა და დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. გველფები იყვნენ მდიდარი ვაჭრები, რომლებიც ძირითადად ბოლონიის მხარეში ცხოვრობდნენ, გიბელინები კი ფერმერები და მიწის მესაკუთრეები, ისინი მოდენაში ცხოვრობდნენ.

ისინი ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს, ვაჭრობის, რესურსებისა და ტერიტორიებისთვის. თითოეულ ფრაქციას ჰყავდა საკუთარი არმია, ხშირად ხდებოდა კონფლიქტი და დაპირისპირება, რასაც ცალკეული ციხესიმაგრეებისა და მიწების მიტაცება და რეგიონში დაძაბულობა მოჰყვებოდა ხოლმე.

სისხლიანი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც ორი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1325 წელს დაიწყო და მისი წარმოშობის მიზეზი ბოლონიის სასმელ წყალთან ჭასთან ჩამოკიდებული ჩვეულებრივი მუხის ვედრო გახდა.

რა მოხდა ბოლონიის ჭასთან

ერთ ღამეს, მოდენას ჯარისკაცები ბოლონიაში შევიდნენ და მოიპარეს ერთადერთი მუხის ვედრო, რომელსაც გელფები ქალაქის მთავარი სასმელი ჭიდან წყლის ამოსაღებად იყენებდნენ. ამ ფაქტის შემდეგ, ბოლონიამ ომი გამოუცხადა მოდენას, რათა დაებრუნებინათ ვედრო და აღედგინათ ღირსება. ომის გამოცხადების რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, ვედრო არც ყოფილა, ეს მხოლოდ საბაბი გახლდათ.

ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე მოდენას ჯარისკაცებმა კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე მონტევეგლიო აიღეს, რომელიც ბოლონიას ეკუთვნოდა და ბოლონიის მმართველებს რეალურად ციხის დაბრუნება უნდოდათ. ომის დაწყების წინ შეკრიბეს ოცდაათ ათასზე მეტი ჯარი მოდენას დასამარცხებლად, რომლის ჯარშიც მხოლოდ შვიდი ათასი ადამიანი ირიცხებოდა.

ორი არმია ახლანდელ ქალაქ კასტელო დი სერავალეს მახლობლად შეებრძოლა ერთმანეთს. მიუხედავად მტრის მნიშვნელოვანი უპირატესობისა, მოდენას მეომრები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და დიდი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ. მათ შეძლეს შეემუშავებინათ სტრატეგია, რომელიც ბრძოლის მოგების საშუალებას აძლევდა.

რამდენიმესაათიანი სისხლიანი ბრძოლის შემდეგ მოდენას ჯარებმა ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვეს და მტერი ბოლონიის კედლებამდე მიაცილეს, გზად კი მათი კუთვნილი რამდენიმე დიდი ციხე აიღეს.

ამ ბრძოლაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა იყო დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, ხოლო ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მათგან 1500 იყო ბოლონიელი მეომარი და მხოლოდ 500 მოდენადან.

ვედრო, როგორც ისტორიული რელიკვია მოდენას საკათედრო ტაძრის სამრეკლოში ინახება.

სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, მოდენას მმართველებმა ბოლონიას მშვიდობის დამყარება და ფულის სანაცვლოდ დაპყრობილი ციხეების დაბრუნება შესთავაზეს. მაგრამ ომი ამით არ დასრულებულა, ის 1529 წლამდე გაგრძელდა. როდესაც ესპანელმა კარლ I-მა იტალიაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ქვეყანა უცხოელი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა და ორივე ფრაქციამ მშვიდობა დაამყარა ერთმანეთთან.

იტალიაში მუხის ვედროს ისტორია ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ. ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ ვედროს რეალურად განსაკუთრებული ღირებულება არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით წმინდა სიმბოლურ მნიშვნელობას, იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც გიბელინებმა გველფები დაამარცხეს.

მას შემდეგ მოდენაში ვედრო გამარჯვების, გამბედაობისა და უპირატესობის სიმბოლოდ ითვლება. ახლა კი, 700 წლის შემდეგ, იგი ქალაქის საკათედრო ტაძრის სამრეკლოში ინახება, როგორც ჭერზე ჩამოკიდებული რელიკვია.

ამ ვედროს ზუსტი ასლი შეგიძლიათ ასევე ნახოთ მოდენას მერიაში. ვედრო ბოლონიელებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემაა, ამიტომ დროდადრო მის მოპარვას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად.