ავტორი:

პატიმრობა 51 დოლარის გამო: რატომ დააკავა FSB-მ ამერიკაში მცხოვრები რუსი კოსმეტოლოგი - "ქსენიას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება"

პატიმრობა 51 დოლარის გამო: რატომ დააკავა FSB-მ ამერიკაში მცხოვრები რუსი კოსმეტოლოგი - "ქსენიას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება"

რუსეთის მოქალაქე უკრაინის მხარდამჭერ ფონდში თანხის გადარიცხვის ბრალდებით დააკავეს - 32 წლის ქსენია ხავანამ, რომელსაც რუსეთისა და შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 51 დოლარი გადარიცხა უკრაინულ-ამერიკული ფონდის Razom-ის ანგარიშზე. მედიის ინფორმაციით, ქალი ეკატერინბურგში დააკავეს, სადაც ის ოჯახის მოსანახულებლად იმყოფება.

FSB-ის ცნობით, მან "შეაგროვა თანხები ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა ტაქტიკური სამედიცინო ნივთების, აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“.

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ აქციებში. ქალი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, დანაშაული 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს ამერიკელებს რუსეთში ვიზიტის შესახებ და ერთ-ერთ რისკად უკანონო დაკავების შემთხვევებს ასახელებს. რუსეთის გენერალური პროკურატურის თქმით, უკრაინის არმიის ფინანსური დახმარება ქვეყნის ღალატად ითვლება.

გასული წლის განმავლობაში რუსეთის სასამართლოებმა მსგავსი ტიპის დანაშაულის 63 შემთხვევა განიხილეს. ჯაშუშობისა და უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ბრალდებით კი მინიმუმ 101 ადამიანი დააკავეს.

  • Razom for Ukraine

როგორც ვებსაიტზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Razom for Ukraine ამერიკაში მცხოვრებმა უკრაინელებმა შექმნეს. ის ოფიციალურად დარეგისტრირდა აშშ-ში 2014 წლის დასაწყისში. ფონდი "მიისწრაფვის მხარი დაუჭიროს ღირსების რევოლუციის (მაიდანის) პრინციპებს და აქტიური წვლილი შეიტანოს უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული უკრაინის შექმნაში“.

ფუნქციონირების პირველ თვეებში ფონდმა 130 ათას დოლარზე მეტი შეაგროვა, ასევე გაუგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინულ ლტოლვილთა ცენტრებს, ბავშვთა სახლებს, მოაწყვეს საგანმანათლებლო ღონისძიებები აშშ-ში...

  • ვინ არის ქსენია ხავანა?

VKontakte-ზე ქსენია ხავანას გვერდზე ნათქვამია, რომ იგი სწავლობდა ეკატერინბურგში სერგეი დიაგილევის ქორეოგრაფიულ ლიცეუმში და დაამთავრა ურალის ფედერალური უნივერსიტეტი, 2013 წელს. ამერიკის მოქალაქეობა მან 2021 წელს მიიღო.

მედიის ცნობით, ხავანა ბალტიმორის მერილენდის უნივერსიტეტშიც სწავლობდა, ბოლოს კი ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში და მუშაობდა Ciel Spa-ში, სასტუმრო ბევერლი ჰილზში.

"Ciel Spa-ს მენეჯმენტი და გუნდი განადგურებულია იმ ამბით, რომ ჩვენი საყვარელი კოსმეტოლოგი და მეგობარი ქსენია ხავანა დააკავეს და ახლა რუსეთის ციხეში იმყოფება“, - ნათქვამია Ciel Spa-ს განცხადებაში.

წყარო: BBC