ავტორი:

"მე და ჩემი ამჟამინდელი მეუღლე გავიქეცით გურიაში. ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი..." - რას ჰყვება ალეკო მახარობლიშვილი პირად ცხოვრებაზე?

"მე და ჩემი ამჟამინდელი მეუღლე გავიქეცით გურიაში. ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი..." -  რას ჰყვება ალეკო მახარობლიშვილი პირად ცხოვრებაზე?

მსახიობი ალეკო მახარობლიშვილმა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ჯერ კიდევ პირველ ქორწინებაში იყო, როდესაც მეორედ დაოჯახდა. პირველი ცოლიც მსახიობი იყო, მასთან ორი ვაჟი შეეძინა. არჩევანი მეორედაც მსახიობზე შეაჩერა და 40 წელია ერთად მოდიან. მეორე ქორწინებაში ქალიშვილი ეკა მახარობლიშვილი შეეძინა.

"პირველ მეუღლეს დიდ პატივს ვცემ, ორი შვილი მყავს მასთან, უსაყვარლესი შვილები. პირველი მეუღლე ისე არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა წესით, ალბათ, ამიტომ დავშორდით. 21 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე, სულ ვიღაც მიყვარდა. მერე დადგა პერიოდი, როდესაც არავინ აღარ მიყვარს. ამ ჩემს პირველ მეუღლეს ვუყვარდი, მსახიობი იყო, ახლაც მსახიობია. არაფერი დაუშავებია, პირიქით, კარგი შვილები გამიზარდა. რვა წელი ვიყავით ქორწინებაში. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ეს ბიჭები მყავს.

ერთხელ სუფრასთან კამათიც მოგვივიდა, ვიღაცამ მითხრა, შვილებს როგორ დაანებე თავიო. არ მიმიტოვებია, კაცო, ცოლს დავშორდი, შვილები ისევ ისე მიყვარს და ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს. მე ვიყავი დაშორების ინიციატორი, მივხვდი, რომ ამ ქალთან არ შემეძლო ცხოვრება. სამწუხაროა ეს და დღესაც ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ქეთევანს.

კარგა ხანი ვაწვალეთ ერთმანეთი, სახლში მოსვლა რომ არ გინდა ადამიანს. მასაც ალბათ ნერვები ეშლებოდა. ერთ დღეს მარტივად გადავჭერით პრობლემა და მე და ჩემი ამჟამინდელი მეუღლე გავიქეცით გურიაში. ამ დროს ქორწინებაში ვიმყოფებოდი. ჩემი მესამე შვილი ეკა, რომელიც მეორე ქორწინებაში შემეძინა, რამდენიმე წლის იყო, როდესაც პირველ მეუღლესთან ოფიციალურად განვქორწინდით.

მეორე მეუღლესთან თამარ ადამიასთან ერთად

ამ თემაზე ბიჭებთან დღემდე არ მისაუბრია. იდეალური მამა-შვილობა გვაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ მათ რაღაც ტკენა აქვთ გულში.

მეორე მეუღლეც მსახიობია. მოხდა ისე, რომ მას შევუყვარდი, ცოტა აჭრილი ვიყავი, აღარ მინდოდა არავის დანახვა. ალენ დელონი არ ვარ, მაგრამ ვხიბლავდი ქალებს, რაღაც ავიწყვიტე. მაგრამ თავისთავად მოხდა, თამუნამ მაგრძნობინა რაღაცები. იყო პერიოდი, რომ თავად დამანება თავი, მერე ისევ შევრიგდით და ამასობაში ჩვენში მოხდა ისეთი რამ, რომ მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით. 40 წელი გავიდა მას შემდეგ და ერთად ვართ და აწი, რაღა დაგვაშორებს. რაც დრო გადის, უფრო გვიყვარს ერთმანეთი და პატივს ვცემთ, უფრო ეშხში შევდივართ.

მე მაქვს ასეთი პრინციპი, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიეჭვიანო ცოლზე, თუ ვიეჭვიანე, გამოდის, რომ მიზეზი მაქვს და თუ მიზეზი მაქვს, მაშინ საეჭვიანო აღარაფერია. სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

არასოდეს მიეჭვიანია პარტნიორზე, ზურა ყიფშიძე ჩემი ძმა და მეგობარია, თამუნას და ზურას კოცნის სცენა აქვთ ფილმში "ექსპრეს ინფორმაცია.“ იქ ვიყავი გადაღებების დროს. ზურამ ერთი კი მითხრა, გადი რა ალეკო, უხერხულად იჯდა. მეც მიკოცნია სცენაზე, გადაღებებისას ქალისთვის და არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს. პარტნიორს რომ კოცნი, არ ვისარგებლებ იმით, რომ "ვეზასაო.“ ის რაც სცენაზეა გასაკეთებლი, უნდა გააკეთო და სცენის გარეთ თუ გააგრძელებ, სხვა რამე ჰქვია მაგას".