ავტორი:

რუსეთს ირანი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით ამარაგებს - Reuters-ი

რუსეთს ირანი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით ამარაგებს - Reuters-ი

Reuters-ის ცნობით, ირანმა რუსეთი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით მოამარაგა, რაც აშშ-ს მიერ სანქცირებულ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო ამტკიცებს. სააგენტო ამ ინფორმაციას 6 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამი ირანული წყარო იტყობინება, ირანის მიერ მიწოდებული დაახლოებით 400 რაკეტიდან უმეტესი მათგანი Fateh-110 -ის ოჯახიდანაა და მოკლე დისტანციური ბალისტიკური იარაღია. ექსპერტების თქმით, ამ რაკეტებს სამიზნეების 300-დან 700 კმ-მდე მანძილზე დარტყმა შეუძლიათ.

ირანის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ერთ-ერთი ირანული წყაროს თქმით, გადაზიდვები იანვრის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანელ და რუს სამხედრო და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეთანხმება დასრულდა. ირანელი მაღალჩინოსანის თქმით კი რაკეტების ნაწილი რუსეთში გემით, კასპიის ზღვის გავლით გაიგზავნა, ზოგი კი თვითმფრინავით.

"მომავალში კიდევ უფრო მეტი გადაზიდვები იქნება, ჩვენ ამის დამალვის მიზეზი არ გვაქვს. უფლება გვაქვს, რომ სადაც გვინდა, იმ ქვეყანაში გვქონდეს იარაღის ექსპორტი", - განაცხადა მეორე ირანელმა წყარომ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა