ავტორი:

"ძალიან მეშინია, არ მომიკლან... ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." - ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი, 23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან

"ძალიან მეშინია, არ მომიკლან... ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." - ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი,  23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან

რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას დედა დახმარებას ითხოვს. შეგახსენებთ, 20 თებერვალს, რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 23 წლის ქართველს, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო და "აზოვსტალი“ უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დატოვა და ტყვედ ჩაჰბარდა. მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა. ამასთანავე, მოლაპარაკება და რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მამუკა სოხუმელია, უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, 2022 წელს კონტრაქტი გაწყვიტა, უკრაინაში გაემგზავრა და "უცხოურ ლეგიონს“ შეუერთდა.

უფრო მეტს მისი ბრძოლისა და ტყვეობის შესახებ, მამუკას დედა დალი ჩხეიძე გვიამბობს:

- ძალიან მეშინია, შვილი არ მომიკლან. 21 წლის იყო მამუკა, რუსები უკრაინაში რომ შეიჭრნენ, მიატოვა ყველაფერი და წავიდა. 13 მარტს უკვე უკრაინაში იყო. 31 მარტს ალყაშემორტყმულ ქალაქში - აზოვსტალში ვერტმფრენით ჩავიდა. ალბათ გახსოვთ, რუსებმა "აზოვსტალის" ქარხანას ალყა რომ დაარტყეს, რამდენჯერმე შეფრინდა ვერტმფრენი, უკრაინელების დასახმარებლად, მერე რუსებმა საჰაერო ცივრცე ჩაკეტეს. მამუკა იმ ბიჭებს შორისაა, რომლებიც ყველაზე ბოლოს ჩავიდნენ.

- ძალიან დიდ რისკზე წასულა, რა იყო მისი მოტივაცია?

- მისი მოტივაციაც და მოწოდებაც ადამიანების დახმარება იყო. ის ომში არავის მოსაკლავად არ წასულა, მოხუცები, ქალები და ბავშვები შეეცოდა. ძალიან თბილი, გულჩვილი ადამიანია. ომის დაწყების პირველ დღეებში გაშტერებული უყურებდა ტელევიზორს, ძალიან განიცდიდა ნაწამები და დახოცილი ქალებისა და ბავშვების გამო. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო. როგორ არ ვეხვეწე, რა არ მოვიმიზეზე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.

- იმისათვის ხომ არ გავხდი სამხედრო, რომ უსუსური ადამინების ტანჯვას შორიდან, ტელევიზიით ვუყუროო. მას არავინ არ სძულდა, სიყვარულის გამო წავიდა ომში.

- ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, რამდენ ხანში შეძლო თქვენთან დაკავშირება?

- ე.ი. 31 მარტს აზოვსტალში რომ ჩაფრინდა, 17 მაისამდე, ვიდრე პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ გასცა ტყვედ ჩაბარების ბრძანება, ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცოდით. შემდეგ 27 სექტემბერს დამიკავშირდა დონეცკის ციხიდან. მითხრა, რომ დაკითხვაზე ყოველდღე დაჰყავდათ. ნაწამები იყო, თანაც ძალიან მაგრად, დედა ვარ და ხმაზე შევატყვე. თვითონ მაინც მხნედ იყო, აქეთ გვამხნევებდა, ცდილობდა არაფერი შემემჩნია, არ უნდოდა, რომ გვენერვიულა. იმის შემდეგ 19 თებერვალს დაგვირეკა, ხვალ სასამართლო მაქვს, განაჩენი უნდა გამომიტანონო. მითხრა, რომ მხოლოდ რუსულად უნდა გველაპარაკა, რუსები თავზე ადგნენ, მეც გავიგე, ერთ-ერთმა მათგანმა რომ უთხრა, თქვი, რომ ქართველებს კარგად გვექცევიანო. მამუკამაც გაიმეორა, - კარგად მექცევიან, ჯანმრთელობითაც კარგად ვარო, მაგრამ, მგონია, რომ ეს სიმართლე არ იყოს... თქვენც ნახავდით სურათებში, რას დაემსგავსა ბავშვი, წარბები აღარ აქვს სახეზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ თქვეს რუსებმა უარი მამუკას რუს ტყვეებში გაცვლაზე?

- დაქირავებული მეომარი ხარო, ედავებიან. ჩემი შვილი არ არის დაქირავებული მეომარი, ის უკრაინაში ადამიანების დასახმარებლად წავიდა.

- უკრაინიდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე?

- ჩვენ თავად დავუკავშირდით, გვითხრეს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთო. წითელ ჯვარსაც მივმართეთ დახმარებისთვის, სახალხო დამცველის ოფისსაც. 4 დღის წინ, ვიდრე რუსები მამუკას განაჩენს გამოუტანდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ, - თქვენი შვილის საკითხი გადაცემულია, განხილვაში არის და დაგიკავშირდებითო. ყველას გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ, მამუკა არ არის დასაკარგი ადამიანი, ის კიდევ გამოადგება თავის სამშობლოს.