ავტორი:

მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ - "აქ სკოლებში თითო-ოროლა მოსწავლეა... უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის"

მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ - "აქ სკოლებში თითო-ოროლა მოსწავლეა... უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის"

მაღალმთიან სოფლებში, რომლებიც მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, აქა-იქ, მაგრამ სკოლები მაინც ფუნქციონირებს და კლასში ერთი მოსწავლეც რომ ჰყავდეთ, ზარი სკოლაში მაინც ირეკება. ასეთ სოფლებში ზამთარიც მკაცრი იცის, თოვლიც ხანგრძლივად დევს.

  • გვინდა რამდენიმე სოფლის მაგალითზე, გაგაცნოთ, თუ რა სიტუაციაა ასეთი სოფლის სკოლებში. რა პრობლემების გამკლავება უწევთ ადამიანებს, როგორ ართმევენ თავს ამ სირთულეებს.

ლუი შანიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეების სკოლაში ასწავლის. 25 წლის ლუი შანიძე ქობულეთში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. 8 წელი ბათუმში იცხოვრა, რადგან უნივერსიტეტში სწავლობდა. მერე საკუთარი ნებით გადაწყვიტა პედაგოგიური პრაქტიკა მაღალმთიან რეგიონში გაევლო და ეს სურვილი სწრაფად აუსრულდა.

ლუი შანიძე:

- აქ უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვარ. თუ იქ ხარ, სადაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ამას აფასებენ, მაშინ ცხოვრებაში სწორი ადგილი გიპოვია. სკოლა, სადაც ვმუშაობ, 9-კლასიანია, 24 მოსწავლეა და 13 მასწავლებელი ვართ. ფიზიკის პედაგოგი არ გვყავს საერთოდ და ამ საგანს ვერავინ ითავსებს. მასწავლებლებიდან ქალი მხოლოდ მე ვარ, სულ მამაკაცები არიან... მე-5 და მე-6 კლასები შეერთებულია, მათი დამრიგებელი ვარ. ერთი მოსწავლეა მე-6 კლასში (ცოტა ხანში ისიც სხვაგან აპირებს გადასვლას) და 3 მოსწავლე - მე-5-ში. თითოეული კლასი თავის პროგრამას გადის. რადგან ცოტა ბავშვია, ერთ გაკვეთილზე დროს ორივე კლასს თანაბრად ვუნაწილებ. ასევე ერთი მოსწავლეა მეშვიდე კლასში.

გასულ სასწავლო წელს, ქობულეთში სკოლაში ვასწავლიდი, სადაც თითო კლასში 20 მოსწავლემდე იყო. ბევრ ბავშვთან მუშაობას შეჩვეული ვიყავი. აქ თავიდან დროის მენეჯმენტის მხრივ ცოტა გამიჭირდა. რთული იყო, მაგრამ უკვე შევეგუე... მთაში ბავშვები სხვანაირები არიან, ესენი გაჯეტებზე დამოკიდებულები არ არიან. მომწონს, როცა სკოლაში მოდიან და ტელეფონში არ აქვთ თავი ჩარგული. თოვლში საგუნდაოდ გადიან, თუ არადა, რაღაც თამაშობებით ერთობიან. განვითარებულებიც არიან, ყველაფერი ძალიან კარგად ესმით - ტექნიკაც აქვთ და კომპიუტერიც. საკმაოდ მდიდარი სოფელია, მაგრამ მოსწავლეები მხოლოდ კომპიუტერით არ არიან მოცულები. ჯანსაღი გარემოა, ბავშვები მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან. მშობლები ამ შრომას არ აიძულებენ, პატარები თვითონ აქტიურობენ. როცა ხედავენ, უფროსებს ამდენი საქმე აქვთ, თვითონაც ერთვებიან. უყვართ ცხოველები, ბუნება...

ლუი შანიძე

- ერთმოსწავლიან კლასს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?

- კარგია მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის. რეპეტიტორივით ხარ, ბავშვთან ინდივიდუალურად გიწევს მუშობა. ნებისმიერი მისთვის გაუგებარი თემა თუ საკითხი, 45 წუთში შეგიძლია დეტალურად თავიდან გაიარო და არ გქონდეს განცდა, რომ ამ ერთის გამო სხვას ყურადღება ვერ მიაქციე. დადებითი მხარე ისიცაა, რომ დროს აუცილებლად ვიტოვებთ და კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობთ. წიგნს და კითხვას რომ ვაყვარებ, მიხარია. თუმცა ცუდია, რომ გვერდით თანაკლასელი არ ჰყავს, რომელსაც შეუძლია დაელაპარაკოს, თან ცოტა იღლება, რადგან მთელი ყურადღება მასზეა გადატანილი. დღეში 6 გაკვეთილი 13 წლის ბავშვისთვის, როცა მას ამდენი საათის განმავლობაში მარტოს უწევს აქტიურობა, რთულია. მოსწავლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციაც არ არის... არ არის თამაშები ჯგუფში და ამ აქტივობას მოკლებულია. ყველანაირად კი ვახალისებ შესაბამისი თამაშებით, რომ მარტომ გააკეთოს, ასევე ფილმებს ვაყურებინებ, მაგრამ მაინც მარტოა...

- სკოლა შორსაა?

- სკოლამდე მანძილი ფეხით 15-20 წუთში იფარება. თოვლის გამო სიარული შეფერხებულია... სწავლა ახლა თოვლისა და მკაცრი პირობების გამო, ჩვენთან 10 საათზე იწყება, მარტიდან - 10-ის ნახევარზე დაიწყება, აპრილიდან კი უკვე - 9 საათზე. ასეთ პირობებში ყოფნა ალბათ ცოტა მოსაწყენია და ალბათ ამის გამოა, ასეთი მიგრაციაც. სამ თვეზე მეტია, მიწაზე ფეხი არ დაგვიდგამს, სულ თოვლია...

უკვე მეექვსე თვე დაიწყო, აქ ვარ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ. მთაში განსხვავებულად კარგი ადამიანები ცხოვრობენ. ვისთანაც ვარ, იმ ოჯახმაც თავი შემაყვარა...

  • სოფელი საკრაულა, ადრინდელი კიკნაველეთი, ბაღდათიდან სადღაც 18 კილომეტრის სავალზეა. მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ სოფელში, სადაც გაზი და ინტერნეტი არ არის, ახალგაზრდა ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს და მეურნეობას უძღვება. კოტე კიკნაველიძე და ანა ქობალია ასევე ორ შვილს ზრდიან.

ანა ქობალია:

- საკრაულაში დავიბადე და გავიზარდე. მაღალმთიანი სოფელია, მაგრამ მაღალმთიანის სტატუსი არა აქვს მინიჭებული, არადა, მთებშია ჩაკარგული. ძალიან გვიყვარს აქაურობა, ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად სხვაგან არ წავედით. არადა, შეგვეძლო ბარში გვეცხოვრა და უკეთესად გაგვეკვლია გზა... ძველი სახლი პატარა იყო, შერემონტებაც სჭირდებოდა და ამიტომ ახალი ავაშენეთ. სოფლის სკოლა მცირეკონტინგენტიანია - სულ 19 მოსწავლემდე. ჩემი ბიჭი პირველ კლასშია და კლასში მარტოა. გოგონასთან ორნი არიან. არის კლას-კომპლექტებიც, მაგრამ იქაც სამ ბავშვზე მეტი არ არის. საერთოდ, ვცდილობ, ყველაფერში კარგი მხარე დავინახო, არ არის ტრაგედია, რომ სკოლაში ცოტა ბავშვია, თუ ადამიანს სწავლა უნდა, მოახერხებს. ჩემს ბიჭს მასწავლებელი გვერდით უზის და ისე მეცადინეობენ... სკოლის ბავშვები ერთ გუნდად არიან შეკრული.

ჩვენს სოფელში მიტოვებული სახლი ბევრია, წასულები არიან. ზამთარი რთული გვაქვს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლეც ერთნაირად ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა. არც ერთს არ შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება. ჰოდა, აქ ჯანსაღად, სუფთა ჰაერზე ვართ და სუფთა პროდუქტით ვიკვებებით...

ბოლო დროს ოდნავ გამარტივდა ცხოვრება, რადგან ასფალტიანი გზა გვაქვს და რაიონთან დაკავშირება აღარ გვიჭირს. ვცდილობთ, ბავშვები საქმეს მივაჩვიოთ და ესენიც სიხარულით აკეთებენ. ცეკვაზე ბაღდათში დაგვყავს. კარგი შედეგები აქვთ. გოგო უფრო ყოჩაღობს, ბიჭი წელს შევიყვანეთ. როგორც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. სკოლამდე შორი მანძილია, 2 კილომეტრია, არიან ბავშვები, ვისაც კიდევ უფრო მეტის გავლა უწევთ.

- სოფლიდან ბაღდათში რით დაგყავთ ბავშვები?

- ხან მანქანით, ხან ავტობუსით, რომელიც 4 ლარი ღირს. კვირაში 2-ჯერ დადიან, ახლა ჩემი გოგო წარმატებული ბავშვების ჯგუფში გადაიყვანეს და დაემატა მესამე გაკვეთილი პარასკევობით. კი გამიხარდა, მაგრამ ახალი თავსატეხი გამოჩნდა, პარასკევს, 3 საათზე როგორ მოვახვედრო იმ გაკვეთილზე. ამ დროს ვერანაირი ტრანსპორტი ვერ ემთხვევა... მეც ხომ ამ სოფლის სკოლაში დავდიოდი, ჩემს დროს აქ ცეკვის წრე იყო. ახლა არაფერია. მიზეზად მცირე კონტინგენტს ასახელებენ, მაგრამ ვინც ვართ აქ და არ მივდივართ, ჩვენც ხომ გვინდა რაღაც. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდება და სოფელი სულ დაიცლება. იმ 19 მოსწავლეს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ეს ხალხიც არ გაიქცნენ. მაგრამ არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ალექსანდრე ამბობს, მარტო რომ ვზივარ კლასში, კარგიაო. მაგიდაზე წიგნი ისედაც არ მეტევა და სხვა ბავშვი რომ მომიჯდება გვერდით, წიგნები როგორღა დავატიოო? ჯერ პატარაა და ბევრი რამ არ ესმის. ისე თავი განსხვავებულად რომ არ იგრძნონ, სულ იმას ვეუბნები, - უკეთესია, უფრო კარგად ისწავლით-მეთქი. გოგონას - ლილეს თანაკლასელები უნდა რომ ჰყავდეს. ზოგჯერ წიგნებში ჯგუფურად შესასრულებელი სავარჯიშოები რომ აქვთ, ვერ ასრულებენ, რადგან ჯგუფებად ვერ ვიყოფით, ორნი ვართ და ამ დავალებას ვახტებითო. დასვენებებზე კი მთელი სკოლა ერთი კლასივითაა. ყველანი ერთმანეთის მეგობრები არიან. ორ-სართულიანი სკოლაა და სხვათა შორის, კეთილმოწყობილი. 15 წლის წინ, ჯერ კიდევ ჩემი მოსწავლეობის დროს გერმანელებმა გაგვირემონტეს. მაშინ 40-მდე მოსწავლე ვიყავით.

ხატია სუხაშვილი ელენე ბექაურის დედაა. ელენე გუდამაყრის სკოლის მეორეკლასელია.

- რუსთავში ვცხოვრობდით, მერე თბილისში და ახლა გუდამაყარში წამოვედით, რადგან გადავწყვიტეთ, აქ საქმიანობა დაგვეწყო - ჩვენი ბიზნესი გვაქვს. ამიტომ საჭირო გახდა, რომ ელენე სკოლაში გუდამაყარში მისულიყო და პირველ კლასში აქ მივიდა. თვითონ პატარაა და მის ნაცვლად გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, რადგან ოჯახის სიტუაციამ ასე მოითხოვა.

- და ასე აღმოჩნდა გუდამაყრის სკოლაში, ხომ?

- დიახ. ისე, პანდემიაც დაგვემთხვა აქეთ გადმოსვლაში. ელენეს სკოლა არის სოფელ ზანდუკში, ჩვენ ვცხოვრობთ გამსში - სკოლამდე საშუალოდ 2-3 კილომეტრია. მას სკოლის მანქანა აკითხავს და მიჰყავს. გუდამაყრის მასშტაბით ვინც სკოლის ასაკის ბავშვია და ასეთი სულ შვიდია, მანქანა ყველას ემსახურება... ელენეს ერთი თანაკლასელი ჰყავს და ერთი მეოთხე კლასელი კლასში. კლას-კომპლექტია შექმნილი. როცა 15 ბავშვზე ნაკლებია, ასე უწევთ გაერთიანება და მეცადინეობა. ბავშვებს ერთი მასწავლებელი ასწავლით. ეს ელენესთვის არ არის რთული, უბრალოდ, სხვა გამოცდილება არ აქვს და ამიტომაც არ აქვს პრეტენზია. მან ახლა გაიგო, რომ თურმე კლასში, შეიძლება 25 მოსწავლეც იყოს. როცა თბილისში ჩავდივართ და თავის თანატოლებს ხვდება, რომლებიც ასე მცირერიცხოვან კლასებში არ სწავლობენ, უკვირს ხოლმე.

სკოლის მიმართ დადებითად არის განწყობილი, დილით ადგომა არ ეზარება. ცოტანი რომ არიან, სამეცადინოდ მეტი დრო აქვთ. მერე მასწავლებელთან ერთად რაღაც თამაშებითაც ერთობა. უხარია სკოლაში წასვლა. დასვენებებზე მთლიანი სკოლა იკრიბება. დიდ დასვენებაზე განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომით უხარია. ახლა ზამთარია, ცივა და თოვს. ზოგჯერ თოვლმა სკოლისთვისაც შეიძლება პრობლემა შექმნას, მანქანით ვერ გადაადგილდები. წმენდენ გზას, მაგრამ 2-3 დღე შეიძლება ამან მაინც შეაფერხოს და სკოლაში ვერ წავიდეს.

ზამთარი საერთოდ დიდხანს გრძელდება. ნოემბრიდან უკვე ყინავს, ხანდახან წყლის და გათბობის პრობლემაც იქმნება. გაზაფხული თვე-ნახევრით აგვიანებს. თბილისში ყველა მცენარე რომ ასრულებს ყვავილობას, აქ მერე იწყება ყვავილობა. ზამთარი აპრილის დასაწყისამდეც გრძელდება. ხანდახან მაგ დროსაც მოუყინავს. მაისის ბოლომდე წყალდიდობები იცის და არაგვი დიდდება... ელენე წრეებზე ვერ დამყავს, რადგან აქ არ არის. გეგმაში კი მაქვს, ფასანაურში ვატარო.

გამსში ზამთარშიც რომ ვრჩებით, ალბათ ჩვენ მეხუთე ოჯახი ვართ... პერიოდულად თბილისში თავის თანატოლებთან რომ მიგვყავს, იქ კარგად ერთობა, შოპინგზე დაგვყავს, პარკში და ასე...

- სკოლა კეთილმოწყობილია?

- პირველი სართული ახალი გარემონტებული აქვთ, მეორე სართულს არ იყენებენ. ელენეს კარგი მასწავლებელი ჰყავს - პასუხისმგებლობით ეკიდება მას... ელენეს ცხოველები უყვარს ძალიან და აქ მათთან ურთიერთობის მეტი საშუალება აქვს... ასეთი სიტუაციაა ჩვენკენ ჯერჯერობით და ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება.