ავტორი:

FoxNews-ის ჟურნალისტი უკრაინაში და ინტერვიუ ზელენსკისთან ფრონტის ხაზზე - "მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას - რუსებს სიურპრიზები ექნებათ"

FoxNews-ის ჟურნალისტი უკრაინაში და ინტერვიუ ზელენსკისთან ფრონტის ხაზზე - "მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას - რუსებს სიურპრიზები ექნებათ"

FoxNews-ის ჟურნალისტმა უკრაინაში ინტერვიუ ზელენსკისთან ფრონტის ხაზზე ჩაწერა, რაც გავრცელებული კადრებიდან ჩანს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წელს უკრაინა არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს.

FoxNews-თან ინტერვიუში 2024 წლის მიზნებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირებაში, როგორიც რუსეთია, თავდაცვაც კი დიდი ამოცანა და გამოწვევაა.

რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი უფრო ეფექტურ კონტრშეტევას ელოდა 2023 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დროს მებრძოლების სიცოცხლეზეც უნდა იფიქრო, რადგან სწრაფი მოძრაობა ნიშნავს ხალხის დაკარგვას და თუ უკრაინა ჯარისკაცებს დაკარგავს, ყველაფერს დაკარგავს.

„თავის დაცვა არის ნომერ პირველი ამოცანა. შავ ზღვაზე წარმატებული ისტორიის გაგრძელება - ჩვენ ამას გავაკეთებთ. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ მათ, რუსებს, სიურპრიზები ექნებათ! სამხრეთი მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის დაცვა, სადაც 200 000-ზე მეტი ჯარისკაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას, ახალ ოპერაციას. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უბრალოდ დავდგეთ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა წინა კონტრშეტევა უფრო წარმატებული, უკრაინას რომ საჭირო იარაღი დროულად მიეღო, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, თუმცა დაადასტურა, რომ უკრაინას სჭირდება Patriot-ის სისტემები ცის დასაცავად, შორ მანძილზე, 300 კმ დიაპაზონზე მოქმედი სისტემებით და რომ ის ამის შესახებ საუბრობს პარტნიორებთან, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ბრძოლის ველზე ვითარება არ არის სამართლიანი, ანუ ძალები არ არის თანაბარი.