ავტორი:

"ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას" - ნათია თურვანა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას" - ნათია თურვანა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას - მოგიწოდებთ, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პენსიონერებსა და მათ ოჯახებს, ნუ ვითამაშებთ მათ ემოციებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებსით თუ უნებლიედ არასწორი განცხადებები გავრცელდა, რომ თითქოს ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლება და ვალდებულება აქვს ბანკს, სესხის განულებას ნიშნავს.

  • "თუკი ნებსით და უნებლიედ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა და რომელიმე თქვენგანმა ხელი შეუწყვეთ ამის გავრცელებას, გთხოვთ, რომ განმარტება გავაკეთოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი პენსიონერების ინტერესიდან გამომდინარეა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას“, - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუმარტა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ბანკისა და პენსიონერის ორმხრივ ქმედებას.

"ბანკი ვალდებულია დააბრუნოს გადავადების პროცესში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება“, - აღნიშნა მან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.

"პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის" ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.