უამრავი გმირი ახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერისთვის. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულებიც. ერთ-ერთი კი გახლავთ ჯანდრი უბირია, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია.
იგი დღეს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარია. მას ქვედა კიდურების პროტეზირება ორჯერ დაუფინანსა. თავდაპირველად სრული დაფინანსება 28 000 ლარის ოდენობით განახორციელა ფონდმა საქართველოში მკურნალობისას, ხოლო მეორე ჯერზე 30 000 დოლარი გამოყო ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში პროტეზირებისთვის.
ბატონი ჯანდრი, მსგავსად ფონდის არაერთი ბენეფიციარისა, დღესაც აქტიურად დგას ქვეყნის სამსახურში. იგი ვეტერანების საქმეთა სამსახურში მუშაობს და თავადაც ზრუნავს სხვა ვეტერანების მხარდაჭერაზე. იგი ამბობს, რომ ძვირადღირებული პროტეზირება, რასაც ფონდი აფინანსებს და კერძოდ მისი პროტეზირება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ომის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აძლევს საშუალებას, დაუხმარებლად გადაადგილდნენ და მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„დაჭრილ მებრძოლთა ფონდი“ კომპანია „სილქნეტმა“ დააარსა 2018 წელს და მას შემდეგ მისი შემოწირულობები და ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.
წლების მანძილზე ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქე მნიშვნელოვანი შემოწირულებებით შეუერთდა ფონდის საქმიანობას. კერძო სექტორისა და მოქალაქეების საერთო ძალისხმევითა და მთავრობის თანადაფინანსებით, დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა.
აღსანიშნავია, რომ ფონდის საქმიანობაში ჩართვა და ქვეყნისთვის მებრძოლი გმირებისთვის მხარდაჭერის გაწევა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.