უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი "ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
"A-50-მა, ზედმეტი სახელით "ბაიანი" საკმარისი იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს "სამშობლოს დამცველის დღეს"! სახლში უნდა იზეიმოთ! მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო! მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებისკენ!” - წერს ოლეშჩუკი.

რუსული "ტელეგრამ" არხების ინფორმაციით, ცეცხლით მოცული თვითმფრინავის ჩამოვარდნის თვითმხილველები კრასნოდარის მხარის სოფელი ტრუდოვაია არმენიას მცხოვრებლები გახდნენ.
"დაუდგენელი მფრინავი აპარატი კრასნოდარის მხარის კანევსკის რაიონში ჩამოვარდა, ადგილზე ლერწამი იწვის", - წერს რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტი“ სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს გაანადგურეს და აზოვის ზღვაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისში რუსეთის განკარგულებაში სამუშაო მდგომარეობაში 10-ზე ნაკლები მსგავსი თვითმფრინავი იმყოფებოდა.