ავტორი:

ორი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან - რა განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები?

ორი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან - რა განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები?

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის 800 000 ბავშვი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. უკრაინის ტერიტორიის 20% ამ დრომდე რუსეთის ოკუპაციაში რჩება.

რა განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

"ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნავს პრემიერი.

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა.

“ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, „ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე“.

"ორი წელია მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა. უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში. სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე. გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ ვისაც შესწევს ძალა, გავლენა იქონიოს ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს შალვა პაპუაშვილი.