ავტორი:

"ქალიშვილი ნაადრევად გარდაეცვალა და საჯარო გამოჩენას კატეგორიულად ერიდებოდა" - პოლიტიკური ლიდერი ქალი საბჭოთა საქართველოდან: ვიქტორია სირაძის ცხოვრება და კარიერა

"ქალიშვილი ნაადრევად გარდაეცვალა და საჯარო გამოჩენას კატეგორიულად ერიდებოდა" - პოლიტიკური ლიდერი ქალი საბჭოთა საქართველოდან: ვიქტორია სირაძის ცხოვრება და კარიერა

94 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე.

  • სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლითა და სხვადასხვა საპატიო სიგელით... 1994 წელს ვიქტორია სირაძის შვილი - რუსუდან რიგვავა გარდაიცვალა, ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ იგი საჯარო გამოჩენას, პრესასთან ურთიერთობას კატეგორიულად ერიდებოდა...

ქვეყნის ყოფილ პირველ პირს - ჯუმბერ პატიაშვილს ვიქტორია სირაძეზე წარსულში საუბარი უჭირს, რადგან მასთან ხუთ ათეულზე მეტი წლის მეზობლობა აკავშირებდა...

- მე და ვიქტორია სირაძე 54 წლის მანძილზე მეზობლები ვიყავით, მანამდეც ვიცნობდი, რადგან კომკავშირში ვმუშაობდი... უაღრესად დიდ პატივს ვცემდი მას, მის მეუღლეს, ბატონ სერგოს, შესანიშნავ შვილებს... სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია მოხდა, ვიქტორია სირაძის არაჩვეულებრივი ქალიშვილი ნაადრევად გარდაიცვალა და ეს მხოლოდ ოჯახის ტრაგედია არ იყო, უდიდესი დანაკლისი იყო...

ვიქტორია სირაძემ 2020 წელს წიგნი გამოსცა, რომელიც მისი ეპოქის მოღვაწეების გახსენებას მიუძღვნა... ამონარიდი წიგნიდან:

- წარსულს ჩაბარდა მშფოთვარე, სასტიკი და დიადი მეოცე საუკუნე... ადამიანური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი მეხსიერება არ ივიწყებს გასული საუკუნის მოღვაწეთა კეთილ საქმეებს და დიდებულ სახელებს, ამიტომაც სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში არ აკლდებათ მათ ჩვენი მადლიანი ხსოვნა, აღიარება, პატივისცემა. მათ არასდროს უღალატიათ ღირსებისა და მოვალეობის პრინციპებისთვის. მოქმედების გაბედულობასთან, ნოვატორულ სულისკვეთებასთან, ადამიანთა სიყვარულთან ერთად რთულ და კეთილ საქმეთა გამკვლევნი იყვნენ.

ჩემი 45 წლის შრომითი საქმიანობა მათთან ყოველდღიურ ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული. თავბრუდამხვევი ჩემი თანამდებობრივი წინსვლაც მე-13 თანამდებობით დასრულდა. 32 წლის განმავლობაში ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მუშაობისას დღენიადაგ დაკავებული ვიყავი, მაგრამ ოჯახი და შვილები სანიმუშოდ მყავდა მოვლილი, მათი აღზრდა-განათლებისთვის არაფერი დამიკლია. საბედნიეროდ, საიმედო დამხმარეც მყავდა. გადასახლებიდან დაბრუნებული გერმანელი ემა გუსტაევის ასული დეკერი ( ყოფილი მეზობელი) შევიფარე...

აღმოჩნდა, რომ შესანიშნავი ძიძა და დიასახლისიც შევიძინე, უგანათლებულესი, მკაცრი და ორგანიზებული, მოსიყვარულე და თბილი...ამასობაში 60 წელი შემისრულდა და პენსიონერი მეცნიერებას დავუბრუნდი... მერე, დაინგრა სოციალისტური ბანაკი, სსრ კავშირიც წაიშალა, შეიცვალა პოლიტიკური სისტემა: საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამოუკიდებელი საქართველო ქაოსის, ბოროტების, ძმათა სისხლისღვრის, ძალადობისა და განუკითხავობის მორევში ჩაეფლო.

"ბედნიერება არის შრომა და შრომით მოპოვებული სულიერი სიმშვიდე" - წერდა გალაკტიონი თავის დღიურში. ვერ ვიტყვი, რომ მე ამ მხრივ ბედნიერი ვარ... საუკუნის მანძილზე ბევრი შეცდომაც დავუშვი - უნებლიეც და შეგნებულიც... ამის გამო დღესაც უამრავი პრობლემა მაქვს, ძველი და ახალი.. ვერ ვერევი... ახალ საქართველოს წაბილწულ ხელისუფლებაში მოკალათებული თაღლითების თარეშის გამო. საკუთარ კეთილდღეობაზე არ მიზრუნია, წარსულის ნაკვალევს კი ყოველთვის პატივს ვცემდი, ღირსეულ ადამიანთა ღვაწლის დაფასების უნარი არასოდეს დამიკარგავს. ამას ეპოქის ღირშესანიშნავ პიროვნებათა შემოთავაზებული გახსენება მოწმობს".

მეუღლესთან, სერგო რიგვავასთან ერთად

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ვიქტორია სირაძის ინტერვიუ, რომელიც მან გაზეთს ერთი წლის წინ მისცა და ამით შეიძლება ითქვას, რომ 30-წლიანი დუმილი პრესასთან დაარღვია:

- 1929 წელს დავიბადე... ოჯახში ოთხი შვილი ვიზრდებოდით, მამა მუშაობდა, ისე ვცხოვრობდით, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ოჯახი... კარგად მახსოვს, ბავშვები დასასვენებლად ფაეტონით მივყავდით წყნეთში. ბინას ვქირაობდით წყნეთში, როცა მამას ჩვენთან ამოსვლა უწევდა, ფეხით ამოდიოდა. მამა სამეურნეო მუშაკი იყო, ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობდა, მანამდე გომის სპირტის ქარხნისა და გომის შაქრის კომბინატის დირექტორი იყო... ძველი ბოლშევიკი იყო, 1917 წლიდან პარტიის წევრი.

ომამდე უღრუბლო, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ომი რომ დაიწყო, მამა 55 წლის იყო, დედა ახალგაზრდა და ლამაზი, მამაზე 12 წლით უმცროსი... ომი რომ დაიწყო, მე 12 წლის, უფროსი და კი 14 წლის იყო. ომის დაწყებისთანავე ყველაფერი, საკვებიც უცებ მოგვაკლდა. პატარა ძმა, 1937 წელს დაბადებული, ჯერ მხოლოდ ოთხი წლის იყო. მამა ფრონტზე მოხალისედ წავიდა. 55 წლის იყო, ჯარი არ უწევდა, მაგრამ მაშინ პატრიოტიზმი მხოლოდ ლოზუნგი არ იყო, ამიტომაც წავიდა.

მაშინ თბილისურ ეზოში ორი პატარა ოთახი გვქონდა. ბავშვები ვიზრდებოდით, ვსწავლობდით... ძველ თბილისში, ენგელსის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდით, ახლა ასათიანის ქუჩა ეწოდება. ჩვენი სახლი ადრე სომეხ საქმოსანს, დანდუროვს ეკუთვნოდა. რატომღაც იტალიურ ეზოს რომ ეძახიან, ის თბილისური ეზოა. ძველ თბილისში მხოლოდ ასეთი ეზოები იყო, სადაც ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ვმეგობრობდით, ვთამაშობდით, ვიზრდებოდით. ბავშვობაში სომხურიც, აზერბაიჯანულიც, რუსულიც შესანიშნავად ვიცოდი... მაშინ თბილისი მწვანე, თბილი იყო, ნამდვილად შესანიშნავი.

- დედამ როგორ შეძლო ოთხი შვილი მარტოს აღეზარდეთ?

- დედა სამტრედიიდან, სოფელ ნაბაკევიდან იყო, ხონის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ექვსი დედმამიშვილი იყვნენ, რკინიგზელთა ოჯახში გაიზარდა და ყველამ განათლება მიიღო. ის ბავშვებს ვერ გვტოვებდა და ამიტომ სახლში შეკვეთებს იღებდა, ჰოსპიტლებისთვის საბნებს, ზეწრებს კერავდა. მეც ძალიან ვეხმარებოდი. იმდროინდელი საკერავი მანქანა დღესაც შენახული მაქვს... სკოლაშიც ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა. სკოლა ისე მუშაობდა, სიცივის ან რამის გამო არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენილა. თუ არ ჩავთვლით შატალოებს, სადაც ჩვენ თვითონ ვიყავით გაცდენის მოთავეები... განსაკუთრებული სიმკაცრე ჩვენს დროს არ ყოფილა, მასწავლებლებთან ვმეგობრობდით. ომი რომ დამთავრდა, 1945 წელს მე უკვე მეათე კლასში ვიყავი. ჰოსპიტლებში დაჭრილ ჯარისკაცებს ვუვლიდი. ჰოსპიტალი ჩიტაძის ქუჩაზე იყო, ახლანდელი პარლამენტის უკან, სკოლის შენობაში. ძალიან ბევრი ლტოლვილი იყო რუსეთიდან, უკრაინიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან... პირდაპირ საოცარი იყო, თვითონ გაჭირვებული ოჯახები ლტოლვილებს როგორ იღებდნენ. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ მუქთახორები, სპეკულანტები. თანადგომის, დახმარების ძალიან დიდი სურვილი იყო და ხალხი გაჭირვების ჟამს ამან გადაარჩინა...

300 გრამი შავი პური გვეძლეოდა. კომერციულ მაღაზიებში პური 80 მანეთი ღირდა. დედას ატესტატი ჰქონდა (ასე ეძახდნენ მაშინ ომში წასული ოფიცრის ცოლების საბუთს, მამა კაპიტნის რანგით წავიდა). 800 მანეთის, ანუ რვა კილოგრამი პური გამოდიოდა. ოთხ შვილს კვება ხომ უნდოდა და ამიტომ ვმუშაობდი. დეიდა რეჟისორ რობიკო სტურუას ბებია იყო. რობიკო ჩემი ნათესავია, მისი ბაბუა, ვანო სტურუა რევოლუციონერი იყო, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა... დეიდას მთავრობა ინახავდა, სასადილოზე იყო მიმაგრებული... ერთ ულუფა სადილს თავისი ხუთსულიანი ოჯახიდან ჩვენ გვაძლევდა. გვყოფნიდა, სულს მოვითქვამდით. ვიცოდით, როგორ გამოიყურებოდა კვერცხი, კარაქი... ასეთი მომარაგება ჰქონდა ხელისუფლებას. ასე გადავიტანეთ ომის პერიოდი... ოთხივემ სკოლა დავამთავრეთ, მერე უმაღლესი სასწავლებელი. დედა ყველანაირად ხელს გვიწყობდა.

ვიქტორია სირაძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე

ომის დამთავრება ძალიან მკაფიოდ მახსოვს. 9 მაისს ყველა ქუჩაში დასეირნობდა, თუ რამ საუკეთესო ჰქონდათ, ის ეცვათ. ყველა ბედნიერი იყო, თან მაისი, გაზაფხული...

მე ჩემი თბილისი მენატრება. გაზაფხული სულ სხვანაირი იყო. ის მცენარეები თბილისში დღეს აღარ არის. არ ვიცი, სად გაქრა გლიცინიები, აკაციები... თბილისი, განსაკუთრებით ძველი, ძალიან სურნელოვანი იყო. არავინ არაფერს ანგრევდა, არ სპობდა. ახლა ჩემს მახლობლად ორასი წლის ნაძვები მოჭრეს და 23-სართულიანი სახლი დადგეს. ჭავჭავაძის პროსპექტს თავისი ხიბლი ჰქონდა. ოთხ და ხუთ სართულზე მეტი სახლი არ აშენებულა. რუსთაველის შემდეგ ჭავჭავაძის პროსპექტი იყო სილამაზით გამორჩეული, თბილისს კი პარიზს ადარებდნენ...

შვილიშვილებთან ერთად

თბილისი ორთაჭალიდან იწყებოდა და სტუდქალაქთან თავდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, ტრამვაი სადაც უხვევდა. ქალაქი პატარა იყო, ქალაქელებიც ცოტა, თითქმის ყველა იცნობდა ერთმანეთს. თეატრი ომის წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა, ბილეთები ძალიან იაფი იყო... პიონერთა სასახლე თავიანთი წრეებით ბავშვებს ემსახურებოდა. მთელი თბილისის ელიტა, უნიჭიერესი ხალხი იქ გაიზარდა: რეზო თაბუკაშვილი, მელორ სტურუა და ასე შემდეგ... ჩვენთვის მეორე სახლი იყო, საოცარ საღამოებს ვესწრებოდით, ლიტერატურული შეხვედრები გვქონდა პასტერნაკთან... მაშინ გიგანტები მოღვაწეობდნენ გალაკტიონი, პაოლო იაშვილი, ირაკლი აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი... როგორი კომპოზიტორები გვყავდა, არაჩვეულებრივი მომღერლები. ჩვენი ოპერის თეატრი ძალიან მაღალი დონის იყო.