ავტორი:

"ჩემი მეუღლე ძალოვანი იყო, მაღალი თანამდებობის პირი... გარდაცვალების წინ მეუბნებოდა, რომ..." - ლაგოდეხელი პედაგოგის რთული გზა ფერმერობამდე

"ჩემი მეუღლე ძალოვანი იყო, მაღალი თანამდებობის პირი... გარდაცვალების წინ  მეუბნებოდა, რომ..." - ლაგოდეხელი პედაგოგის რთული გზა ფერმერობამდე

თამარ ენუქიძე აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგია, მასწავლებლობას მეორე პროფესიას - ფერმერობას უთავსებს. ლაგოდეხში ცხოვრობს და სკოლაშიც იქვე ასწავლის, 10 წელიწადია ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული. აქვს თხილის ბაღი სოფელ საქობოში, ლაგოდეხიდან 17 კილომეტრში. ფერმერობა 3 წლის წინ დაიწყო, მას მერე, რაც გადაწყვიტა მეუღლის საქმიანობის გაგრძელება. ბაღი 7 ჰექტარზეა, სადაც გავაზურას ჯიშის თხილი ხარობს...

თამარ ენუქიძე:

- თბილისიდან ლაგოდეხში საცხოვრებლად 22 წლის წინ წავედი. ჩემი მეუღლე ძალოვანი იყო, მაღალი თანამდებობის პირი. პენსიაში რომ გავიდოდა, უნდოდა თავისი საქმე ჰქონოდა. მგონი, პირველი იყო ლაგოდეხში, ვინც წლების წინ თხილის ბაღი 35 ჰექტარზე გააშენა. სახლი გაყიდა და იმ ფულით მიწა შეიძინა. ბაღს ქარსაცავი ზოლი ალვის ხეებით შეუქმნა. იმ ნერგებიდან ყველამ არ გაიხარა, მერე იქიდან ძირები 7 ჰექტარზე გადააჯგუფა. ავად რომ გახდა, ონკოლოგიასთან ბრძოლაში დიდი ფული დაგვეხარჯა და 20 ჰექტრის გაყიდვამ მოგვიწია... დღეს ჩვენი ბაღი უკვე 18 წლის მაინც არის. თავიდან ჩემგან დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, არ დასცალდა ტექნიკის, ასაკრეფის, ტრაქტორის, დასამუშავებლის, სათიბის შეძენა. სამი წელია აღარ არის, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- და ეს საქმე თქვენს თავზე აიღეთ.

- დიახ. ასაკოვანი მშობლები და ასევე ასაკოვანი დედამთილი მყავს, შვილები, მათ პატრონობა სჭირდებოდა. ცუდი ის იყო, რომ არასოდეს სკოლის იქით საქმე არ მქონია, სოფლის მეურნეობასთან ხომ შეხებაც არ მქონდა. მერე მამაჩემი, რომელიც მალე 78 წლის ხდება, ასევე ნათესავები გვერდით დამიდგნენ, დამეხმარნენ...

გარდაცვალების წინ მეუღლეც, რომელმაც იცოდა, რომ დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი, მეუბნებოდა, რა მექნა, თუ გამიჭირდებოდა, როგორ მემოქმედა. ნახაზიც კი გამიკეთა... 5 ჰექტარზე, რომელიც მარცვლოვნებისთვის ჰქონდა განკუთვნილი, 32 ტონაზე მეტი ხორბალი მოვიყვანე. იმ წელს უკრაინის ომის გამო ხორბლის დეფიციტი იყო და მაღალ ფასად გაიყიდა. თხილი მეწლეურია, ერთ წელიწადს მაძლევს, მეორეს - არა, ამიტომ ამით დავაბალანსე. წვალება-წვალებით რაღაცები შევძელი. რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

- მაგრამ საკუთარი თავი გამოცადეთ, თურმე შეგძლებიათ პრობლემების დაძლევა.

- სრულიად უცხო და ახალ საქმეში დიდი ნახტომი გამომივიდა. მოულოდნელად ჩემი საზრუნავი გახდა ეს ყველაფერი. რაც არ უნდა ხალხით ვიყო გარშემორტყმული, მაინც მარტო ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ხანდახან მგონია, მეუღლე სადღაც არის წასული და რომ ჩამოვა, ნამუშევარი უნდა დავახვედრო. სულ თავიდან კი შეგრძნება მქონდა, რომ დამიტოვა, დამირეკავს და ანგარიში უნდა ჩავაბარო. მერე მქონდა შეგრძნება, ნეტავ დამარეკვინა და მაკითხვინა, ეს როგორ გავაკეთო-მეთქი... ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი, საკუთარ შეცდომებზეც ვისწავლე.

- თქვენი გამოცდილებიდან რას გვეტყვით თხილის კულტურაზე?

- არაჩვეულებრივი კულტურაა, რომელმაც კახეთში მშვენივრად გაიხარა. ლაგოდეხშიც ხომ გამორჩეული მიწა და კლიმატია - ყველაფერი ხარობს და მოდის. ანაკლიური თხილი 1 ჰექტარზე გვაქვს. ხშირად ავადობს. დანარჩენ ფართობზე გავაზურაა და უფრო გამძლეა მავნებლების მიმართ. ხეებს გასხვლა და ფორმირება რამდენიმე წელიწადში ერთხელ სჭირდება. გავაზურას მძიმე გასხვლა უნდა, 5-7 ტოტზე უნდა დატოვო. ხანდაზმულები თუ არ მოაშორე და ახალგაზრდებს არ მიეცი გასაქანი, ნაყოფს არ მოისხამს, იავადმყოფებს. ისე უნდა გაისხლას, რომ შუაში ადგილი დარჩეს, ჰაერმა იმოძრაოს და მზემაც დახედოს. მერე სასურველია სასუქი მოვაყაროთ. გაზაფხულიდან მავნებლებზე შეწამვლა იწყება. სამჯერ აუცილებლად ვწამლავ. შემოდგომაზე, გასხვლის წინაც შევწამლე სპილენძით, რათა მავნებლებს ხეში შესვლა და დაბუდება არ მოესწროთ. ამინდიც მნიშვნელოვანია, ხარისხზე მოქმედებს....წაიკითხეთ სრულად