ავტორი:

"სოსომ დარეკა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე? უცნობი ამბები მსახიობის ცხოვრებიდან

"სოსომ დარეკა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე? უცნობი ამბები მსახიობის ცხოვრებიდან

"ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას..."

ბავშვობაში მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, ფილმები კი ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მის ოთახში ჩიტი შეფრენილა. დედას უთქვამს, სურვილი ჩაუთქვი და გაუშვიო. "შესანიშნავი შვიდეულით" შთაგონებულ ბიჭს უნატრია, მისი საყვარელი პერსონაჟის მსგავსად ეცხოვრა... რა უცნაურია, რომ ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რეზო გაბრიაძემ აღმოაჩინა და გადასაღებ მოედანზე სოსო ჯაჭვლიანის თავგადასავალი ასე დაიწყო.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დეკანმა სტუდენტებს გამოუცხადა, კინოში გადასაღებად ბიჭებს არჩევენო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ინსტიტუტის ეზოში შესულ რეზო გაბრიაძეს ერთი ბიჭი მოხვედრია თვალში; აუდიტორიაში 150 სტუდენტს შორის, 10 შეურჩევიათ, სოსო უკანა რიგში მდგარა. რეჟისორს უკითხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზოში რომ ვნახეთო? მეგობარს უხუმრია, ეს სვანი ბელმონდოაო.

  • მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობის ამბავს ასე იხსენებს:

- მე და სოსო პირველად ერთმანეთს ფოტოსინჯებზე შევხვდით და ურთიერთობაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მხოლოდ ჩვენ გვიღებდნენ: - მე, ლიკას და სოსოს. სამივემ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. ადამიანს შენიანად რომ იგრძნობ, აი, ასე დაიწყო ჩემი და სოსოს მეგობრობა. იმ დღიდან ლამის 5 ათეული წელი გავიდა, სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.

- თქვენი მეჯვარე იყო, არა?

- დიახ, მეჯვარე და ჩემი ვიტოს ნათლია. ვიტო სპორტით რომ დაინტერესდა, ეს ამბავი ახარებდა, დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო ვიტო, სოსო რომ მეუბნებოდა: ბიჭო, რა ჯანიანია, ეს მალე ხელს მეც გადამიწევსო და ხშირად ავარჯიშებდა. ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა. დღეს ჩემმა დამ გაიხსენა. თელავში სტუმრად წავიყვანე, მამაჩემი დატრიალდა და რამე თუ შეიძლებოდა, გაუჩინარი გააჩინა; ჩემი ძმაკაცები სათითაოდ ეპატიჟებოდნენ. სოსომ 2 დღე გამიძლო დალევაში და მერე შეეშვა, ღვინიდან მაწონზე გადავიდა. ჩვენთან კამეჩის კარგი მაწონი მოჰქონდათ და განსაკუთრებით მოეწონა. ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა... წაიკითხეთ ვრცლად