ავტორი:

გადაიხადა მილიონები რომ მწვრთნელი გამხდარიყო, ყიდდა თამაშებს, გავლენას ახდენდა მსაჯებზე - პრემიერ-ლიგის ყოფილ ფეხბურთელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გადაიხადა მილიონები რომ მწვრთნელი გამხდარიყო, ყიდდა თამაშებს, გავლენას ახდენდა მსაჯებზე - პრემიერ-ლიგის ყოფილ ფეხბურთელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

2024 წლის თებერვალი არაერთი ფეხბურთელისთვის განაჩენის გამოცხადების თვე იყო - კვინსი პრომესზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, დანი ალვეშს 4.5 წელი მიესაჯა, თუმცა ყველაზე მკაცრი სასჯელი "ევერტონის“ ყოფილ ფეხბურთელს, ლი ტეს ერგო - მას ჩინეთში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

2022 წელს ტე ჩინეთში ფეხბურთის მასშტაბური კორუფციის ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ საქმე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინპინის მიერ იყო ინიცირებული. მაშინ ლი ტე, რომელიც უკვე მწვრთნელად მუშაობდა, ქრთამის გადაცემისთვის დააკავეს.

  • გამოძიების თანახმად, 2018 წელს ლიმ 3 მილიონი იანი გადაიხადა, რომ ჩინეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად ემუშავა. 2020 წელს ლიმ ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. მანამდე მწვრთნელი მარჩელი ლიპპი იყო. 2021 წელს კი, როდესაც გაირკვა, რომ ჩინეთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდა, ტემ ნაკრები დატოვა.

ასევე მან აღიარა, რომ ჩინეთის მეორე საფეხბურთო დივიზიონში თამაშების გარიგებით იყო დაკავებული. ლი მოწინააღმდეგეებს ფულს უხდიდა, რომ თავის გუნდები სუპერლიგაში გადაეყვანა. "ძალიან ვნანობ. სწორი გზით უნდა წავსულიყავი. მაგრამ არის რაღაცები, რაც იმ დროს ფეხბურთში ჩვეულ პრაქტიკად ითვლებოდა“, - სინანულით ჰყვება მწვრთნელი.

ლი აღიარებს, რომ როდესაც Hebei China Fortune და Wuhan Zall-ის მწვრთნელი იყო, თამაშებს აწყობდა. სხვათა შორის Wuhan Zall 2018 წელს ჩინეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა.

"როდესაც წარმატებას ასე არასამართლიანი გზით ვაღწევდი, სულ უფრო და უფრო მოუთმენელი ვხდებოდი და სწრაფი შედეგები მწყუროდა. ვიყენებდი გავლენას მსაჯებზე, მოთამაშეებისა და მწვრთნელების მოსყიდვის მეთოდს. ასეთი პრაქტიკა ჩვევაში გადადის და ბოლოს და ბოლოს პატარა დამოკიდებულებაც კი ჩნდება“, - ამბობს ყოფილი მწვრთნელი.

  • 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლი ტეს კორუფციის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ჩინეთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი კი ციხეში 15 წელს გაატარებს.

თავის დროზე ლი ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. 2002 წლის აგვისტოში "ევერტონშიც“ გადავიდა. მის არენდაში დიდი როლი ითამაშა ამჟამად ჩინურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Keijan-მა, რომელიც მაშინ "ევერტონის“ სპონსორი იყო. ეს კომპანია ამჟამად აღარ არსებობს. Keijan მას ხელფასს უხდიდა, ხოლო კომპანიის ლოგოს პრემიერ ლიგის ასობით მილიონი გულშემატკივარი ხედავდა.

ლიზე ინგლისურ კლუბში დიდ მოლოდინებს არ ამყარებდნენ, თუმცა რეგულარულად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში. ნახევარმცველმა 33 მატჩი ჩაატარა, "ევერტონი“ მეშვიდე ადგილზე გავიდა, 2003 წლის აგვისტოში კი კლუბმა ფეხბურთელი უკვე ტრანსფერით, 1,2 მილიონ ფუნტად შეიძინა.

შემდეგი სეზონის პირველ მატჩში "არსენალის“ წინააღმდეგ გამოირჩა, თუმცა მალევე ჩინეთის ნაკრებში თამაშისას ფეხი მოიტეხა და "ევერტონის“ ძირითადში ვეღარ დაბრუნდა.

2006 წელს "შეფილდში“ გადავიდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იქ სულ ერთი მატჩი გამართა. 2007 წლის ოქტომბერში ლიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, კლუბი დატოვოს და თავისუფალი აგენტი გახდეს. მალევე, ინგლისიდან ჩინურ "ჩენდუ ბლეიდსში“ გადავიდა. ერთი წლის შემდეგ მშობლიურ "ლიაონინში“ დაბრუნდა და კლუბი ელიტარულ დივიზიონში დააბრუნა.

შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა და დიდი პრობლემებიც.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე