ავტორი:

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? - შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და ნახევარდები

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? -  შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და ნახევარდები

25 თებერვალს, "სანტაიგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივარი, ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელშიც მადრიდის "რეალი" "სევილიას" მასპინძლობდა, უდიდესი ოვაციით შეხვდა ქართველ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას, რომელმაც ესპანელ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა. შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე, ილია თოფურიამ ალექსანდრა ვოლკანოვსკი დაამარცხა.

  • ქართველი ჩემპიონის ესპანური წარმატება...

ილია თოფურია მოკლე დროში იქცა შერეული ბრძოლების სამყაროში პოპულარულ ადამიანად. მისი სპორტული გზა 7 წლის ასაკიდან დაიწყო, 27 წლის ასაკში კი უკვე UFC-ის მსოფლიო ჩემპიონია.

ილია თოფურია გერმანიაში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი იქ დიდხანს არ დარჩენილა და საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად, ილია იმჟამად 7 წლის იყო.

სწორედ ამ დროს დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ვარჯიში.

მისი ქართველი მშობლები ზაზა თოფურია და ინგა ბენდელიანი-თოფურია ამჟამად ესპანეთში ცხოვრობენ. ილია ორ დასთან - მარი და ანა ტლაშაძეებთან და ძმასთან - ალექსანდრე თოფურიასთან ერთად გაიზარდა.

  • ფოტოებზე: და-ძმები ბავშვობაში და ახლა

15 წლის ასაკში თოფურიას მშობლები ესპანეთში, კერძოდ, ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ახალგაზრდა ილიამ თავისი ოცნების ასრულებისთვის ბრძოლა დაიწყო. თოფურიას მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ილია თოფურიას წარმატებულად ასპარეზობდა რეგიონულ წრეზე. მისი პროფესიონალური დებიუტი MMA-ში 18 წლის ასაკში შედგა.

მას შემდეგ თოფურიამ ბევრს მიაღწია სპორტულ კარიერაში - არის შავი ქამრის მფლობელი ჯიუ-ჯიცუში და ამაყობს არაერთი გამარჯვებით...

  • პირადი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მიღწევამ ილია თოფურიას დიდი პოპულარობა მოუტანა, მებრძოლის პირადი ცხოვრება დიდწილად საიდუმლოდ რჩება. ესპანური მედია ჯორჯინა უზკატეგუის თოფურიას მეგობარ გოგონად მოიხსენებს, თავად ილია კი მეუღლედ. ახალგაზრდა ქალს ესპანეთში უკვე კარგად იცნობენ, წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს. ისინი რამდენიმე წელია ერთად არიან. მედიით ასევე ცნობილი გახდა, რომ თოფურიას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს. ვინ არის ბავშვის დედა უცნობია.

The Independent-თან ინტერვიუში თოფურია შვილზე ამბობს:

"ყოველ დღე მირეკავს და მხარს მიჭერს. მშვენივრად ლაპარაკობს ესპანურად. ის კაცია. არ ვიცი, აპირებს თუ არა MMA-ში ბრძოლას. თუ ეს იქნება მისი მოწოდება, მხარს დავუჭერ, ასევე მხარს დავუჭერ სხვა ყველაფერშიც, რასაც აირჩევს ცხოვრებაში, მთავარია, ეს მას ახარებდეს. ცხოვრებაში ადამიანები ყოველთვის ეძებენ წარმატებას. რა არის ჩემთვის წარმატება? წარმატებაა, როცა კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით". ილიას თქმითვე, ცდილობენ, რომ პატარა თოფურიას ქართულიც ასწავლონ...

ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თოფურიას საყვარელი ქალი შვილს ელოდება. წყვილმა სქესის გამოვლენის ცერემონიაც კი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მალე მათ ქალიშვილი შეეძინებათ.

ილია თოფურიამ თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარა შერეული ორთაბრძოლების შესწავლაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი შეყვარებული ასევე MMA-ს დიდი გულშემატკივარია - წერს ესპანური მედია. პირიქით, როდესაც ჯორჯინა უზკატეგუი პირველად შეხვდა ილია თოფურიას, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის UFC-ის მებრძოლი იყო.

ჯორჯინა მეწარმე და Future & Energy კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. მისი LinkedIn პროფილის მიხედვით, ის ასევე არის უძრავი ქონების ლიცენზირებული აგენტი. ჯორჯინას აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესისა და ადმინისტრაციის და BBA ხარისხი საფოლკის უნივერსიტეტიდან.

  • ვინ არის ილია თოფურიას ძმა?

დასასრულ ილია თოფურიას ძმაზე, ალექსანდრე თოფურიაზე მოგიყვებით, რომელმაც ახლახან გააფორმა კონტრაქტი UFC-თან. ისინი ბავშვობიდან ერთად ვარჯიშობდნენ.

  • ფოტოებზე: ძმები თოფურიები ბავშვობაში და ახლა

ალექსანდრე თოფურია, ილიას ერთი წლით უფროსი ძმა, ასევე გატაცებული MMA-ით. ალექსანდრეც პროფესიონალურ ბრძოლებში იკვლევს გზას, მას ამჟამად ხუთი მოგება და ერთი წაგება აქვს.

"ბავშვობაში არასდროს მჭირდებოდა სუპერგმირი, რადგან გამიმართლა და საუკეთესო გვერდით მყავდა. გილოცავ დაბადების დღეს ძმაო... ეს წელი დაუვიწყარი წუთებით გაგრძელებულიყოს", - წერს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ილია და ალექსანდრეს დაბადების დღეს ასე ულოცავს.

ილიას ბრძოლის დროს, ალექსანდრე ოქტაგონის კუთხესთან ზის და ისე გულშემატკივრობს ძმას. მათ ურთიერთპატივისცემა და საერთო ამბიციები აკავშირებთ. ახლახან ალექსანდრეს კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი ჰქონდა, როდესაც UFC-თან გააფორმა კონტრაქტი. როგორც ხედავთ, MMA-ს სამყაროში მალე შეიძლება არა მხოლოდ ერთი თოფურიას გამარჯვებების ეპოქას მივადევნოთ თვალი, არამედ ძმებ თოფურიების "მეფობის" ხანაც ვნახოთ...

იხილეთ ასევე: