ავტორი:

"1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?

"1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?

წლებია, ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პიანისტების სიაშია. როგორც ირკვევა, 36 წლის ხატია ბუნიათიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიანისტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 3.5 მილიონი დოლარია.

ხატიას კარიერის შესახებ არაერთი სტატია გვაქვს გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ ის სულ რაღაც 6 წლის იყო, პირველი კონცერტი რომ გამართა თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, ხოლო საერთაშორისო საგასტროლო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო.

პიანისტი და ამჟამად პარლამენტარი ელისო ბოლქვაძე იხსენებდა: "ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი. ახლა კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მას მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა - პირადულიც და არაპირადულიც. არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის.

ეს იყო ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე და იყო ათი წლის. მიშელ სონი, ჩემი მენტორი ჩამოვიყვანე საქართველოში და როდესაც მთელი თბილისის ქუჩებსა და უბნებში სიბნელე იყო, სწორედ მაშინ მივიყვანე ათწლედში მაესტრო და მაშინ მოუსმინა ბავშვებს და მათ შორის იყვნენ ხატია და მისი და... მან წაიყვანა ავსტრიაში. ჩემი ხელშეწყობით მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი",

ახლახან ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში ხატიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც პიანისტი, დედობაზე, პოლიტიკასა და კარიერაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პარიზი კვლავ რჩება მის ცხოვრებაში - და ყოველთვის ასე იქნება. პიანისტის შვილი - შარლოტა გასული წლის მაისში დაიბადა.

"დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავშვთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია, დღეს ყველაფერი შარლოტას საჭიროებებზეა მორგებული. მე ფემინისტი ვარ, რაღაცის გაკეთება რომ მინდა, ვაკეთებ, მაგრამ არა ჩემი ქალიშვილის ყურადღების ფასად. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მშობიარობის შემდეგ, მე ისევ ვმართავ კონცერტებს.

ეს კონცერტები წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ზოგიერთის გაუქმება მომიწია, არ მინდა, ბევრი იმოგზაუროს. შარლოტას ბუნებრივად ვკვებავ, ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. მე ისევ თავისუფალ ქალად ვრჩები, ვინც წყვეტს, რა და როგორ სურს.

დამოუკიდებელი სხვა ადამიანებისგან, ასევე, მამაკაცის აზრისგან. პრიორიტეტი მხოლოდ შარლოტაა".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხატიას და - გვანცა, რომელიც ასევე პიანისტია, მისი მენეჯერის ფუნქციას ითავსებს, დედა, სასცენო ტანსაცმელს კერავს, თუმცა ხატია ამბობს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრები არ არიან მის გარშემო, არიან კიდევ ადამიანები, ვისაც ენდობა:

"განსაკუთრებით ქალები - ჩვენ უფრო გახსნილები ვართ და გვესმის ერთმანეთის. დედაჩემი ძალიან ნიჭიერი სტილისტია, ჩემი და უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, პროფესიონალი: მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.

საქართველოში 1990-იან წლებში ვიზრდებოდი. მძიმე დრო - ოკუპაცია და ომი. დედაჩემი არის მაგალითი ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა. მან მაჩვენა, როგორ წარმოუდგენლად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი...“

პიანისტს ჰკითხეს მსოფლიოში ცნობილ კამპანიაზე MeToo, როდესაც ქალები სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ. კითხვაზე, თუ განუცდია მსგავსი რამ, ამბობს:

"არა, სექსუალური გაგებით არა, მაგრამ ზოგიერთ დირიჟორს, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, ასეთი რეპუტაცია ჰქონდა. ხანდახან ვიღაც მეუბნებოდა, - ფრთხილად ვყოფილიყავი! მათ ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ აგრესიულები იყვნენ თავისებურად, რაც ქმნიდა არაჯანსაღ დაძაბულობას. მაშინ გადავწყვიტე, რომ ასეთ დირიჟორებთან აღარ გამეგრძელებინა მუშაობა.

კითხვაზე, - რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა წარმატებისთვის? - ხატია ამბობს, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არასოდეს უფიქრია ამაზე.

"არასდროს მსურდა კარიერისთვის მიმზიდველი ვყოფილიყავი. ეს მხოლოდ მაშინ მინდოდა, როცა პირველად შემიყვარდა...“

  • Cartier-ს ელჩობაზე...

"დიახ, ეს უჩვეულოა... როცა "კარტიემ“ მთხოვა, რომ მათი სახე გავმხდარიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც ყველა პატარა გოგონას, მეც მიფიქრია პრინცესობაზე, მაგრამ ამისთვის პრინცზე უნდა დავქორწინებულიყავი. მე მინდოდა თავად ვყოფილიყავი წარმატებული. ბავშვობაში საქართველოში ცხოვრებისას, 1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ სახლში ძალიან ცოტა საჭმელი იყო და მე დღეს ვარ "კარტიეს" ელჩი. ჩემი ამბავი უნდა იყოს შთაგონება ახალგაზრდებისთვის, ნახონ, რას შეუძლიათ მიაღწიონ. მთავარია საკუთარი გზა გქონდეს და არ აკოპირებდე სხვებს...“

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

- გაწუხებს, როდესაც შენს გარეგნობაზე ამდენს წერენ?

- არ ვკითხულობ, რას წერენ ჩემზე. არ მინდა, დამოკიდებული ვიყო სხვა ადამიანების აზრზე. არც ჩანაწერებს ვუსმენ, მუსიკა ცოცხალია კონკრეტულ მომენტში, ჩემს გრძნობაში.

- თქვენ არაერთხელ გააკეთეთ კომენტარი თქვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. სხვათა შორის, უარი თქვით დირიჟორ ვალერი გერგიევთან თანამშრომლობაზე, რადგან ის რუსია...

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთი არ არის პრობლემა - ბევრ რუს მუსიკოსსა და დირიჟორთან დამიკრავს, რუს კომპოზიტორებსაც ვუკრავ. მაგრამ არ ვთანამშრომლობ დირიჟორთან, რომელიც აგრესიულ პროპაგანდას ემხრობა. წინააღმდეგი ვარ იმის, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და დღესაც ვაპროტესტებ.

(წარსულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ათ დღეში, ვალერი გერგიევმა სანკტ-პეტერბურგის თეატრის ორკესტრი ცხინვალში ჩაიყვანა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გამართა. - ავტ.)

2008 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და რუსეთში უნდა დამეკრა, მე უარი ვთქვი ხუთდღიანი ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო. ჩემი პროტესტი მაშინ ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა, როგორც ადამიანს.